ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსმა შესანიშნავ პროგრესს მიაღწია ერთი წლის შემდეგ იმ დროიდან, რაც მიზნად დაისახა გააძლიეროს თანამშრომლობა თავდაცვის სფეროსა და ლოკალიზებულ წარმოებაში ინვესტირების გზით, რაც არამოკავშირე მიმწოდებლებზე დამოკიდებულებას ამცირებს.
„ერთი წლის წინ, ჰააგაში, მოკავშირეებმა აიღეს ვალდებულება, რომ 2035 წლისთვის გაცილებით მეტ - მშპ-ს 5%-ს - ინვესტიციას განახორციელებდნენ თავდაცვაში და უკვე ვაღწევთ შესანიშნავ პროგრესს. ისინი შეთანხმდნენ თავდაცვის წარმოებისა და ინოვაციების გაზრდაზე და აი, ახლა, ერთი წლის შემდეგ, ანკარაში, უკვე ვაღწევთ შედეგებს“, - განაცხადა რუტემ ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში მიმდინარე თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე.
მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში, მოკავშირეები და ინდუსტრიების წარმომადგენლები წარმოადგენენ ახალ მსხვილ პროექტებს და ხელს მოაწერენ მილიარდობით დოლარის ღირებულების კონტრაქტებს.
„ეს არის მილიარდები, რომლებიც ინვესტირდება ჩვენს უსაფრთხოებაში, აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და მხარს უჭერს ასობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს არის გონივრულად დახარჯული ფული. დღეს დილით პირველი განცხადება ეხება პლატფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჰაერიდან ჰაერში საწვავის შევსებას და აღჭურვილობის სწრაფად გადატანას ალიანსის მასშტაბით. საქმე ეხება საჰაერო ძალას,რაც აუცილებელია ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. დღეს რამდენიმე მოკავშირე ოფიციალურად გამოაცხადებს Airbus A330 MRTT-ის მეათე თვითმფრინავის მოახლოებულ მიწოდებას „მრავალეროვნული მრავალფუნქციური ტანკერების სატრანსპორტო ფლოტისთვის“ (MRTT). ეს ერთი ნაბიჯით გვაახლოებს 12 თვითმფრინავისგან შემდგარი MRTT ფლოტის შექმნასთან. მოკავშირეები ასევე იწყებენ ახალ მრავალეროვნულ პროექტს, რომელიც ფოკუსირებულია Airbus A400M-ზე. ეს არის მსოფლიო კლასის სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების შესაძლებლობა. A330 MRTT და A400M ალიანსს ორი მაღალეფექტური, მრავალეროვნული ფლოტით უზრუნველყოფს. მჯერა, რომ „დამზადებულია ნატოში“-ს ეს პირველი განცხადება მრავალეროვნული თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია“, - აღნიშნა რუტემ.