შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა - დროა, ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მისსავე მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“

კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად - ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ძალისხმევის კოორდინაციაში კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებიც ჩაერთონ.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, დროა, ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება“.

„ევროკავშირის გაფართოება ევროპის მომავალი სტრატეგიული სიცოცხლისუნარიანობის მიღწევის მთავარი საშუალებაა. მსოფლიოში არსებული ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობა, გლობალური კონკურენცია და ძალთა განაწილების ცვლილება ევროკავშირისგან გაფართოებისადმი ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას მოითხოვს. ათწლეულების განმავლობაში „ციხესიმაგრე ევროპის“ კონცეფციის შენარჩუნება, რაც გაფართოების გარეშე განვითარებას გულისხმობს, დღეს ქმედითი არჩევანი აღარ არის. ჩვენი შეხვედრის სათაური - „ევროპის მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბება“ ზუსტად ასახავს ამ განწყობას: კანდიდატი ქვეყნები უნდა განიხილებოდნენ გაფართოების პროცესის მონაწილეებად და არა მის ობიექტებად. ევროკავშირს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიმართ გაწევრიანების „მოწყალებას“ გაიღებს ან არა. პირიქით, დროა, ევროკავშირი სერიოზულად მიუდგეს მის მიერვე დამკვიდრებულ და აწ უკვე გაცვეთილ მეტაფორას, რომ „ტანგოს ორი სჭირდება,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ“.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრების საპარლამენტო დიალოგი უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები“. მისი თქმით, „ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს“.

"როდესაც პრობლემებს ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება. თვიდან უნდა ავიცილოთ, რომ კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო ფორმატი ქვეყნების რანჟირების, დამრიგებლობის ან ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ იქცეს. ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა. ერთობლივ დეკლარაციაში, რომლის მიღებასაც დღეს ვაპირებთ, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთიანობისთვის და არა დაყოფისთვის - საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს ამ გზავნილს.

დაბოლოს, ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში - ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში - გაფართოებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ.

როგორც საქართველოს ეროვნული დევიზი გვასწავლის, „ძალა ერთობაშია.“ ამიტომ, დაე, გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი ერთად ჩამოვაყალიბოთ,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა