შალვა პაპუაშვილი - ცალკეული სახელმწიფოები ან თავად ბრიუსელი დროდადრო ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ, რაც კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს - ეს წინაპირობები პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას

დროდადრო, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, ან თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ - ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს - ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიღწევები და პროგრესი სამართლიანად, პროგნოზირებადი მიდგომის საფუძველზე და თანმიმდევრულად უნდა შეფასდეს.

„ევროკავშირში გაწევრების პირობები უნდა იყოს მკაფიო, მიღწეული პროგრესი - სათანადოდ აღიარებული, ხოლო შუალედური სამიზნეები პოლიტიკური მიზნების მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს. თუმცა, სამწუხაროდ, დროდადრო, ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოები, ან რაც კიდევ უფრო უცნაურია, თავად ბრიუსელი ახალ და მოულოდნელ წინაპირობებს აყენებენ. ასეთი მოულოდნელი მოთხოვნები კანდიდატი ქვეყნების წინსვლას ხელოვნურად აფერხებს. ეს წინაპირობები ხშირად უფრო პოლიტიკურ შანტაჟს ჰგავს, ვიდრე კონსტრუქციულ დამოკიდებულებას. აშკარაა, რომ ისინი ევროკავშირის საარჩევნო ციკლებიდან, შიდა პოლიტიკური ნარატივებიდან ან ისტორიასა და იდენტობასთან დაკავშირებული დავებიდან მომდინარეობს. არც ერთ კანდიდატ ქვეყანას არ შეუძლია მართოს გაუმკლავდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის ამგვარ ასიმეტრიულ ძალაუფლებას, როდესაც იცის, რომ ნებისმიერ წევრ ქვეყანას შეუძლია, სუბიექტურ საფუძველზე, კანდიდატი ქვეყნის წინსვლა დაბლოკოს. ამიტომ, ამ გაუმართლებელი დაბრკოლებების გადალახვაში ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა