ჩვენ ეუთოში, „ლუზერების“, სახელად “ქართული ოცნება“, კიდევ ერთი კრახი ვნახეთ - დადიან, დაბორიალობენ ხან სად და ხან - სად და ვერსად, ვერც ერთ ფრონტზე წარმატებას ვერ მიაღწიეს, - ასეთია პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას შეფასება ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე საქართველოს შესახებ წარდგენილ რეზოლუციაზე, რომლის მთავარი ინიციატორი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონია.
გეგელიას განცხადებით, “ქოცური“ ბოდვები და პარანოიზმი არავის აინტერესებს, რისი გამოხატულებაც არის ის, რომ ყველგან ხახამშრალი დაიარებიან“.
“ასე დაბორიალობდნენ სტრასბურგში, საიდანაც გამოაბუნძულეს: - აქ თქვენი ადგილი არ არისო. ეს ის დარბაზია, სადაც ზურაბ ჟვანიამ ისტორიული ფრაზა წარმოთქვა.
ახლა ჰააგაში დაბორიალობენ. იქაც არანაირი შედეგი არა აქვთ. “ქოცი“ არის „ლუზერი“ - სადაც ფეხს დადგამს, ყველგან აქვს კრახი. ჩავიდნენ, “ქოცური“ ჩანაწერების გაკეთებას და რეალური ჩანაწერების ამოღებას ითხოვდნენ და ხახამშრალი გამოუშვეს. დადიან, დაძრწიან, ვითომ ევროპასთან ნორმალიზება უნდათ. სინამდვილეში სურთ, რომ საკუთარი ბანალური “ქოცური“ ფასი ევროკავშირის ნორმატიულ ტექსტებში ჩატენონ. რა თქმა უნდა, ეს მთავრდება და ყოველთვის დამთავრდება კრახით. “ქოცებს“ მიტაცებული აქვთ სახელმწიფო და ჰგონიათ, რომ მათი იდიოტიზმი ვინმეს ადარდებს. სინამდვილეში, “ქოცური“ ბოდვები და პარანოიზმი არავის აინტერესებს.
ამის გამოხატულებაა, რომ ყველგან ხახამშრალი დაიარებიან: - უნგრეთში ჩავიდნენ და არჩევნებში მადიარმა მოიგო და მათმა საყვარელმა ორბანმა წააგო, სტრასბურგში ჩავიდნენ და ევროსაბჭოდან გამოაგდეს. ჰააგაში ჩავიდნენ და ცხვირში ააფარეს რეზოლუცია - ასეთია ლუზერი “ქოცი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
8 ივლისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა “ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის - “საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: “გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ; გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს”.