ძალიან მომაბეზრებელია მათი [გახარიას პარტიის] ეს დამოკიდებულება - პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, ეს არ არის ჩვეულებრივი საჯარო სივრცე, ეს არის კონსტიტუციური ფორუმი, სადაც ხალხის წარმომადგენლები მსჯელობენ და იღებენ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს, აქ ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოებიდან სწორი არაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების განცხადებებს, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე უმრავლესობის დეპუტატებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
პაპუაშვილის შეფასებით, გახარიას პარტიის წევრები ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ თავს მსხვერპლად წარმოაჩენენ.
„მგონი, ძალიან მომაბეზრებელია მათი ეს დამოკიდებულება. გასაგებია, რომ ისეთი ინციდენტი, რაც პარლამენტში მოხდა, არ იყო კარგი, უპირველესად, საზოგადოების თვალში, მაგრამ თავადაც კარგად იციან, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, სწორედ მათი ფრაქციის წევრის უღირსმა საქციელმა მიიყვანა ეს ყველაფერი იმ წერტილამდე, როდესაც სამწუხაროდ, კონფლიქტი წარმოიშვა. ასე რომ, საკუთარ დაშავებულზე თუ ფიქრობენ, რომ ზედმეტი წუწუნით რამენაირად გამოასწორებენ და თავს მსხვერპლის როლში ჩაიყენებენ, ძალიან ცდებიან, არანაირი მსხვერპლები არ არიან. მათი ფრაქციის წევრმა წამოიწყო კონფლიქტი, მისმა უღირსმა საქციელმა, შეურაცხყოფამ. დიდი ხანია, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტში ამგვარი ინციდენტი და სამწუხაროა, რომ მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი შიგნით, თავად გაერკვეს ამ საკითხში იმ მხრივ, რომ წევრებს შორის ურთიერთობები ასეთ დაძაბულ წერტილამდე არ მივიდეს. პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, ეს არ არის ჩვეულებრივი საჯარო სივრცე, ეს არის კონსტიტუციური ფორუმი, სადაც ხალხის წარმომადგენლები მსჯელობენ და იღებენ კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს, კონსტიტუციიდან დაკისრებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებებს, აქ ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოებიდან სწორი არაა. სწორედ ამიტომ, რომ ორი კვირაა ეძებენ და სამი შემთხვევის გარდა ვერაფერი ნახეს, ისტორიულად მსოფლიოში როდისმე თუ მომხდარა, რომ გარე ჩარევით სამართლებრივი მექანიზმი ამოქმედებულიყო, როდესაც მსგავსი ფიზიკური დაპირისპირებაა, სპონტანურია და მძიმე ზიანს არ იწვევს. გვინახავს ასეთი არაერთი ევროპულ თუ არაევროპულ პარლამენტში, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს შიდა საპარლამენტო საკითხად რჩება და გარედან ჩარევა არ ხდება. ეს პირველ რიგში ოპოზიციისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ არასდროს იყოს ეს ბერკეტი გამოყენებული ოპოზიციის წინააღმდეგ. ამასაც უნდა გაუფრთხილდნენ.