სანამ ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება იმას, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, მანამდე არაფერი მოხდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ჰააგის დეკლარაციასთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს მიიღებს და რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს.
მელაშვილის თქმით, რეზოლუციების შედეგი ჯერჯერობით არის მხოლოდ ის, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გარკვეულ ღონისძიებებზე არ იწვევენ, რაც მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას დიდად არც აწუხებს.
„მერამდენე რეზოლუცია არის ევროსტრუქტურების საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ რეზოლუციის შედეგებს, მათ შორის, ევროკავშირისა თუ ევროკომისიის პოზიციებში საქართველოს მიმართ. ერთადერთი, რაც ჩანს, საქართველო გამოთიშულია მათგან ანუ ვიზიტები არ არის, ურთიერთობები არ არის, მაგრამ, ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ „ლიდერშიპს“ ეს ნაკლებად აღელვებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ადამიანების ერთადერთი სურვილი არის ძალაუფლების შენარჩუნება და თუ კი თავიანთ სკამებს შეინარჩუნებენ, ისინი მზად არიან, გაწირონ ამ ქვეყნის ურთიერთობები ევროკავშირთან, ნებისმიერ სტრატეგიულ პარტნიორთან და ამის დადასტურება არის ის პოლიტიკა, რასაც აწარმოებენ.
ჩვენ დღეს არათუ არ გვყავს პარტნიორები, ჩვენ გვყავდა ერთი ქვეყანა, რომელიც გვმტრობდა - რუსეთი, დღეს კი ჩვენზე გადაკიდებულია ყველა, მთელი ცივილიზებული სამყარო, ამ ხელისუფლების გენიალური პოლიტიკის შედეგად. ზუსტად ასე დგას საკითხი - „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა ცივილიზებულ სამყაროს.
სანამ ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება იმას, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება ასეთი ტიპის რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, მანამდე არაფერი მოხდება.
[რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნების“ მიმართ ქმედებების თვალსაზრისით რატომ ვერ მიდის ევროპა წინ], ჩვენთვის არის ახლა ეს თემა უაღრესად აქტუალური იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, თორემ ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც საქართველოს პრობლემა მეათეხარისხოვანიც არ არის“, - განაცხადა მელაშვილმა.
მან ასევე ნატოს სამიტზე ისაუბრა, რომელიც თურქეთში იმართება და სადაც საქართველო მიწვეული არ არის. მელაშვილის შეფასებით, საქართველოს სამიტიდან გამოთიშვის მიზეზი თავად საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა.
„ჩვენ ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებიდან ამოვიღეთ და ამას არაერთაზროვანად აცხადება „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში, ამიტომ, ბუნებრივია, თუ ჩვენი მიზანი არ არის ნატოში გაწევრიანება და ალიანსის პარტნიორობა, მაშინ რა გვინდა სამიტზე? ჩვენ ვაწარმოვეთ პოლიტიკა და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ არასდროს არ მიგვიწვიონ ნატოს სამიტზე.
ეს არის „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკა. „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ ნატო არის მახე, რომ მათ ჩვენი გამოყენება სურდათ რუსეთის წინააღმდეგ, ესენი ამას არ დაუშვებდნენ და ა.შ. ნატო იყო ევროატლანტიკური ინტეგრაცია. სიტყვა „ევროატლანტიკურს“ საერთოდ აღარ იყენებს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა მელაშვილმა.
ანალიტიკოსმა ოპოზიციურ სპექტრზეც ისაუბრა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე განახლების პროცესი შეაფასა, ასევე, გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „პოლიტიკური ლიდერი და პრემიერობის კანდიდატი მიშა [სააკაშვილი] უნდა იყოს“.
მელაშვილის შეფასებით, სააკაშვილის პარტიაში ზუსტად ის ავტოკრატიაა, რაც „ქართულ ოცნებაში“, შესაბამისად, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი არანაირ ოპოზიციურ ერთობასა და სხვა ოპოზიციური ლიდერის გამოკვეთას არ დაუშვებს, რაც, ანალიტიკოსის აზრით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც აწყობს, რადგან ეს „მისი გამარჯვების ფორმულაა“.
„ნეტა, თავად თუ სჯერათ იმის, რასაც ლაპარაკობენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ აზრს გამოხატავს. რომელ ქვეყანაში და სად წარმოუდგენიათ, რომ პარტიის არა რიგითმა წევრმა [რიგითი წევრიც არ არის სააკაშვილი, საერთოდ, სხვა ქვეყნის მოქალაქეა] მოხსნას და გაათავისუფლოს თავმჯდომარეები? პარტიის თავმჯდომარე საერთოდ „ფეისბუქის“ პოსტებიდან იგებს, რომ ის თურმე აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ამის შემდეგ როდესაც მელაპარაკებიან, რომ თურმე სააკაშვილი თავის აზრს გამოხატავს, ფორმალურადაც არ არის ეს კაცი თავისი პარტიის წევრი, როგორ არის ერთი კაცის აზრი? მაშინ რატომ არის ამხელა ამბავი ატეხილი? ყველამ იცის, რომ ეს არ არის ერთი რიგითი კაცის აზრი, რომ ფაქტობრივად, რასაც იტყვის მიხეილ სააკაშვილი, ეს ასეც იქნება. ერთი მხრივ, არაფორმალური მმართველობა არის „ქართულ ოცნებაში“ და იქ რაღაც ფორმალობა მაინც გააკეთეს და ბიძინა ივანიშვილს საპატიო თავმჯდომარე დაარქვეს, აქ კი საერთოდ პარტიის წევრი აღარ არის ფორმალურად და მაინც ის არის პარტიის მმართველი.
როდესაც წლებია, გაჰყვირი, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და შენს პარტიაში იგივე გაქვს, ამას ხომ ყველა ხედავს? როდესაც შენი პარტიის თავმჯდომარე „ფეისბუქიდან“ იგებს, რომ ის აღარ იქნება თავმჯდომარე, რით განსხვავდები მენტალურად „ქართული ოცნებისაგან“? ორივე არის ავტორიტარული ტიპის პარტია და ამიტომ, ვერანაირ ალტერნატივად ვერ ყალიბდება ოპოზიცია ალიანსის სახით იმიტომ, რომ სანამ ალიანსი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს რომელიმე ძლიერი ლიდერის გამოკვეთას. უნდა, რომ მისი ფიგურა იყოს მთავარი.
მიშას და ბიძინას უნდათ, რომ ქართული პოლიტიკა იდგეს „მიშა-ბიძინაზე“. აბა, მიბრძანდით ნებისმიერი პატიმრის პროცესზე და ეცადეთ, რომ გადაიღოთ და მერე გამოაქვეყნოთ... ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის პოზიციების ყოველდღიურად ტირაჟირება აწყობს ხელისუფლებას, მისი აქტუალიზება მუდმივად აწყობს ხელისუფლებას იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში არის კაცი, რომელიც არ დაუშვებს არანაირ ერთობას და არანაირ გაძლიერებას, თუ ამ ერთობის სათავეში ყველა არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს.
[ნანუკა ჟორჟოლიანი მიერ სააკაშვილზე გაკეთებული] განცხადებები პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, თუ როგორ უყურებენ ეს ადამიანები კონსტიტუციას, კანონებს. სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, ის ვერანაირად ვერ იქნება ვერაფრის კანდიდატი, ვერც პარტიის ლიდერი. ეს ადამიანები აჩვენებენ იმას, რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და რაც ხდება დღეს. კანონი მათთვის არის მხოლოდ და მხოლოდ იმის საშუალება, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნები და ინტერესები გაატარონ.
რაც არ უნდა ილაპარაკოს ნანუკა ჟორჟოლიანმა, ყველა ხვდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი ერთზე ვერ უგებს ივანიშვილს და ის მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, ეს არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი. რადგან ივანიშვილის გამარჯვების მოდელია, ამიტომაც არის გახსნილი ყველა საინფორმაციო საშუალება სააკაშვილისთვის, მათ შორის, კანონის დარღვევით იმიტომ, რომ ნებისმიერი ადვოკატი დაკარგავდა ლიცენზიას, ის რომ გაეკეთებინა, რასაც სააკაშვილის ადვოკატი აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.