ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას სესიის სხდომა „ოცნების” დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა, როგორ გაგვიბედეთ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები ცუდ მდგომარეობაში გაქვთო, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ბუჩუკური საქართველოს დელეგაციის მიერ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვებას.
როგორც ანა ბუჩუკური „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ხელისუფლება ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდება, ხოლო ქვეყნის გარეთ „სამარცხვინო ტანტრუმებით“.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას სესიის სხდომა „ოცნების” დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა, როგორ გაგვიბედეთ, რომ დემოკრატია და ადამიანის უფლებები ცუდ მდგომარეობაში გაქვთო. სამხარაძის განცხადებას იქვე გამოეხმაურა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: „ნიკოლოზ, როგორც იცით, ადგილების დატოვება თქვენს ქვეყანაშიც კი არ იყო კარგი გადაწყვეტილება, ამიტომ აქაც ზუსტად იმავეს აკეთებთ? ვფიქრობ, ადგილების ცარიელი დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია სწორედ კონფლიქტების ერთად გადაჭრას ნიშნავს”. Karma. ასეა. ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან. ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“,-წერს ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.