ვიკა ფილფანი - რეზოლუციები ჩვენ წინააღმდეგ არ არის მიღებული, მიღებულია საქართველოს დემოკრატიის დასაცავად - ვინც უნიათოა და მიზანმიმართულად ანგრევს დემოკრატიას, რა თქმა უნდა, აწუხებს რეზოლუციები

ეს რეზოლუციები ჩვენ წინააღმდეგ არ არის მიღებული, ეს რეზოლუციები მიღებულია საქართველოს დემოკრატიის დასაცავად - რეზოლუცია ეხება იმას, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, რომ საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ვასრულებთ, რომ ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს და თუ ვინმე ამ რეზოლუციებს არ ეთანხმება, მათ ალბათ საქართველოს დემოკრატიასთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან პრობლემა აქვთ,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისი თქმა, არსებობს რეკომენდაციები, რაც უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და რომ ისევ გავხდეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წარმომადგენელი, მაგრამ ამის ნაცვლად, ხელისუფლება აუარესებს მდგომარეობას.

„გუშინ მიღებულ რეზოლუციაში მთავარი საკითხები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანის უფლებებს ეხებოდა და რომელი ნაწილი იყო უსამართლო ხელისუფლების მიმართ?

ეს რეზოლუციები ემსახურება იმას, რომ საქართველოს მხარემ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ისე საქართველოს მოქალაქეების წინაშე. აქედან გამომდინარე, ვინც უნიათოა და მიზანმიმართულად ანგრევს საქართველოს სუვერენიტეტს და დემოკრატიას, რა თქმა უნდა აწუხებს ეს რეზოლუციები, რადგან ამ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს ეუბნებიან, რომ არ შეიძლება ადამიანებზე ძალადობა, მტკიცებულებების გარეშე ციხეში გაშვება და ბიუჯეტიდან ფულის მოპარვა, ამიტომ მათ ეს სწყინთ, რადგან უნდათ თავისუფლად მოიპარონ ფული, მოქალაქეებზეც იძალადონ და ქვეყნის სუვერენიტეტიც და ტერიტორიული მთლიანობაც დაარღვიონ.

ჩვენ 2021 წლამდე მოწინავეები ვიყავით, პრეტენზიები არ არსებობდა, ხელისუფლება, ორგანიზაციები და ქვეყანა ასრულებდა ვალდებულებებს, ეს კი ქვეყანას ეტყობოდა, ხალხიც უკეთესად ცხოვრობდა და ქვეყნის ყოველწლიური წინსვლაც თვალში საცემი იყო, ეს კი ახლა ასე არ არის. დღეს რომ მტკივნეული რეზოლუციების მოსმენა გვიწევს, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა.

არსებობს რეკომენდაციები, რაც უნდა გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და რომ ისევ გავხდეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წარმომადგენელი. მაგრამ ამის ნაცვლად, ხელისუფლება აუარესებს მდგომარეობას, იღებს კანონებს, რომელიც ფუნდამენტურად არღვევს გამოხატვის თავისუფლებას, ტროტუარზე დგომის გამო აკავებს ადამიანებს, ფიზიკურად ესხმის მოქალაქეებს თავს და ოპონენტებს, რაც 2 კვირის წინ პარლამენტში ვნახეთ, რა უნდა გაგვიკვირდეს, კრიმინალური დაჯგუფებაა. კიდევ კარგად უდგას ამ ქვეყანას სული.

რეზოლუციის შინაარსი ვერ შეიცვლება, რადგან ქვეყანაში მდგომარეობა არ იცვლება“,- განაცხადა ვიკა ფილფანმა.

ცნობისთვის, საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე „ჰააგის დეკლარაციაზე“ გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კენჭისყრამდე გააკეთა. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონსი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ცარიელი ადგილების დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის მიერ სხდომის დატოვებიდან რამდენიმე წუთში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა