შალვა პაპუაშვილი - იმ რეზოლუციით, რომელშიც ჯო უილსონმა თავისი სახე კვლავ დაგვანახა საქართველოსთან მიმართებაში, ვნახეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა გააყალბა

ამ რეზოლუციით ჩვენ ვნახეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა გააყალბა. ასე რომ, ამგვარი ანტი-ქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცებული იქნა იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, რა თქმა უნდა, არის სკანდალი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს.

„ის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი მოირღვა ეს იმდენად იმით არ დასტურდება, რომ ახალი ომები იწყება, არამედ იმით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკური ომების ინსტრუმენტად იქცნენ და ამას ვაკვირდებით ჩვენ, მათ შორის, საქართველოს მაგალითზე, სხვადასხვა ამგვარ პლატფორმაზე, როდესაც ამგვარი ორგანიზაციების ბოროტად გამოყენება ხდება საკუთარი პოლიტიკური შურისძიებისთვის. სამწუხაროა, რომ ეს ორგანიზაციები ამგვარ პოლიტიკურ დაჯგუფებებს უფლებას აძლევენ, რომ მათ ხელში იარაღი იყვნენ.

ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა მიზანი უნდა ყოფილიყო მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა და წახალისება, დღეს იქცნენ ყალბი ნარატივების შეთხზვისა და გავრცელების, იქცნენ კონფლიქტების გაღვივებისა და ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების ინიციატორებად.

დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა, რომ ამგვარ ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვის გარეშე პერსპექტივა არ აქვთ და იქცევიან ჩვეულებრივ იარაღად პოლიტიკური ინტრიგებისთვისა და პოლიტიკური შურისძიებისთვის.

იმ რეზოლუციით, რომელშიც ჯო უილსონმა თავისი სახე კვლავ დაგვანახა საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ვნახეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა გააყალბა. ვნახეთ ის, რომ ფაქტების ნაცვლად, გვაქვს მანიპულაციები, ვნახეთ ის, რომ არის ყალბი ნარატივების შეთხზვის მცდელობები საქართველოს წინააღმდეგ, ასე რომ ამგვარი ანტი-ქართული რეზოლუცია, რომელიც დღეს დამტკიცებული იქნა იმ ჯგუფების მიერ, რომლებსაც საქართველოს მიმართ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, რა თქმა უნდა, არის სკანდალი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის.

ეს ერთი და იგივე ხალხია, ერთი და იგივე სახეებია, იქნება ეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო თუ სხვა მსგავსი ფორმატები, ერთი და იგივე სახელები და გვარები ტრიალებენ, ერთ კვირას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველოს ესხმიან თავს და ანტი-ქართულ დოკუმენტებს თხზავენ, მეორე კვირას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მესამე კვირას ნატო საპარლამენტო ასამბლეაში და ცდილობენ, რამენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყანა.

მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეცხრამეტე საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად სხვადასხვა ინსტრუმენტით მთელს ქვეყანას თავს დაესხან”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა