თენგო თევზაძე - ეუთო-ს დეკლარაციით დამტკიცდა, რომ 2024 წლის არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ იქნა დანაშაული, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გამოძიება

დღეს, ეროვნულ-დემოკრატიული ძალები, ქართული ოპოზიცია, ის ოპოზიცია, რომელიც რეჟიმთან არ თანამშრომლობდა მართალი აღმოჩნდა. უწყვეტი პროტესტის მონაწილეების ბრძოლას, კიდევ ერთხელ მიეცა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება. დღეს ეუთო-ს დეკლარაციით დამტკიცდა, რომ 2024 წლის არჩევნები არათუ გაყალბდა, არამედ 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ იქნა დანაშაული, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გამოძიება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ „ჰააგის დეკლარაციას“ გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს შესახებ კრიტიკულ რეზოლუციასაც მოიცავს.

როგორც პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თევზაძემ აღნიშნა, ვერცერთი მომდევნო არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიანად თუ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ოპოზიციის მიერ წარდგენილ 6-პუნქტიან გეგმას.

„ოპოზიციის ალიანსმა“ და ქართულმა დემოკრატიულმა ძალებმა შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“ 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის აუცილებელი.

ვერცერთი მომდევნო არჩევნები ვერ ჩაითვლება სამართლიანად თუ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ამ 6-პუნქტიან გეგმას, არ შეწყვეტს რეპრესიებსა და არ გამოუშვებს პოლიტპატიმრებს. ეს პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგობა, პროტესტში მყოფი საზოგადოების წინააღმდეგობა გაგრძელდება, ვინაიდან ამისთვის არსებობს, სამართლებრივი, პოლიტიკური და მათ შორის საერთაშორისო პოლიტიკური მტკიცებულებები, ეს მტკიცებულება არის ის დეკლარაცია და ამ დეკლარაციაში შემავალი რეზოლუცია, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ასევე, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა ამავე პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დელეგაცია იმ რეზოლუციის „ჩაგდებას“ შეეცადა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მართლა საეტაპო და უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია მიიღო, რომელშიც საქართველოს შესახებ რეზოლუციაც შედის. საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ ერთხელ ურყევად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ დეკლარაციის ჩაგდებას შეეცადა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დელეგაცია. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აგდებდა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური დელეგაცია, აი ეს არის „ქართული ოცნების“ ბუნება, რომლის ინტერესებიც შეუთავსებელია საქართველოს ინტერესებთან.

ამავე რეზოლუციაში საუბარია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სისტემურ წამებაზე, საქართველოში არსებულ ერთპარტიულობაზე, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმებასა და ადამიანების პოლიტიკურ დევნაზე.

ასევე, არის მოწოდება პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებაზე. რეზოლუციაში საუბარია „მოსკოვის მექანიზმის“ შესაბამის ანგარიშზეც, რომლის მოთხოვნებიც და რეკომენდაციებიც უნდა შესრულდეს.

მაგრამ ამ რეზოლუციაში, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული ჩანაწერი. მინდა მივულოცო თითოეულ ადამიანს, რომელიც არ შეშინდა, არ დანებდა და ამდენი დღის განმავლობაში უწყვეტად არის პროტესტში, ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, მათ შორის ციხეებში მყოფი ადამიანებისა და იმ ადამიანების, რომლებიც ციხის გარეთ ყოველდღიურად იბრძვიან“,- განაცხადა გიგა ლემონჯავამ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციას შეიცავს. რეზოლუციის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაციაში „გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის დემოკრატიული უკუსვლის, დემონსტრანტების, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების, ასევე წამყვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების გამო, რაც ასახულია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშში, რომელიც 2026 წლის მარტში გამოქვეყნდა“.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა