„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს ირწმუნებენ, რომ რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩალის ფასი აქვს, მაგრამ ზუსტად იციან, რომ ამას ფასი აქვს და ამ ფასის გადახდა მოუწევთ იმიტომ, რომ ეს რეზოლუციები სულ უფრო მძიმე ხდება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
ლელა ჯეჯელავას თქმით, აშშ-ს საელჩოს მიღებაზე დასწრებას რომ მოვლენად თვლიან, იმ ხალხმა არ შეიძლება ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის რეზოლუციებზე თქვას, რომ ჩალის ფასი აქვს.
„მე მგონი, არ დარჩა არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც „ქართულ ოცნებას“, მისივე ფანტაზიით, არ ებრძოდეს. გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის შეფასებაც ისეთია, რომ გული გაუჩერდება ადამიანს რომ წაიკითხავს. გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, სხვა დიდი და გავლენიანი ორგანიზაციები არ არსებობს, რომ შევადაროთ, ისინი როგორ უყურებენ [„ქართულ ოცნებას“].
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რა მძიმე მდგომარეობაში არიან თავიანთი აკვიატებული პოზიციის გამო, რომ მთელი სამყარო მათ ებრძვის, ისე როგორც მთელი სამყარო ებრძვის პუტინს, მისივე წარმოდგენით. ამ აკვიატებულმა და მანიაკალურმა აზროვნებამ მიიყვანა რუსეთის პრეზიდენტი აქამდე, როცა მართლა ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო თავისი რესურსებით, პოტენციალით, არის იმ მდგომარეობაში, რაშიცაა.
ყველაზე მძიმე დამოკიდებულების მქონე ნარკოტიკი არის ძალაუფლება და ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც პუტინი, დამოკიდებულია ძალაუფლებაზე. ეს არაფრით არაა მისთვის სანუგეშო მდგომარეობა. დღეს და ხვალ თუ შეინარჩუნებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძალიან მძიმედ არ დაასრულებს.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან ჰგვანან ფრანგული ფილმის „თოჯინა“ პერსონაჟებს, მაგნატის თავგასულ უზნეო შვილებს. ამ როლში არიან. როგორც იმ ბავშვებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი ეკუთვნით ამ ქვეყნად, რადგან მაგნატის შვილები არიან. ამათაც ზუსტად ასე ჰგონიათ, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილის გუნდში არიან, ყველაფერი მათ ეკუთვნით, ყველა უზნეობა გაუვათ და ასე იქნება მუდმივად. თავს ირწმუნებენ, რომ იმ რეზოლუციებს, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩალის ფასი აქვს, მაგრამ კარგად იციან რა ფასიც აქვს. აშშ-ს საელჩოს მიღებაზე დასწრებას რომ მოვლენად თვლიან, როგორ შეიძლება იმ ხალხმა თქვას ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. ზუსტად იციან, რომ ამას ფასი აქვს და ამ ფასის გადახდა მოუწევთ იმიტომ, რომ ეს რეზოლუციები სულ უფრო მძიმე ხდება“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.