კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე ლამარიას მონასტერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიამ.

როგორც სოციალურ ქსელში მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება.

„როგორც მოგეხსენებათ, „ლამარიას“ მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ეს კარგად გაცნობიერებული გვაქვს ადგილობრივ ეპარქიასაც.

ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მხრიდან თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით შემოსილი, ასევე, წინა მხარეც ადგილმდებარეობისათვის შეუფერებელი იყო.

მიუხედავად შენობის ამ მიუღებელი მდგომარეობისა, ეპარქიის მმართველმა - მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ არ მომხდარიყო ძეგლზე ახალი ჩარევა გადაწყვიტა, რომ ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაამკვიდრა საცხოვრებლად.

რამდენიმე უმძიმესი ზამთრის გადატანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება არსებულ შენობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა, იმავე ფართზე აშენებულიყო ახალი შენობა, რომელიც „ლამარიაზე“ მონასტრული ცხოვრების გაგრძელებას შესაძლებელს გახდიდა და მონაზვნების ჯანმრთელობაც დაცული იქნებოდა.

ეპარქიის და მისი წინამძღოლის მთავარი ინტერესი იყო, რომ ახალ შენობაში გათვალისწინებული ყოფილიყო „ლამარიის“ მთავარი თვისება - არქიტექტურისა და ლანდშაფტის ორგანული შერწყმა და კავშირი, ამისთვის შენობის სიმაღლემ, წინა ნაგებობისგან განსხვავებით საგრძნობლად დაიწია და ალბათ, ყველა დავეთანხმებით ამ პირობას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „ლამარიაზე“ სიმაღლის ფაქტორის დაცვაა, რომ არანაირმა ნაგებობამ არ დაარღვიოს ბუნებისა და ადამიანის შექმნილი ულამაზესი პროპორციები.

პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით.

ასევე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მიერ დაჩქარებულ მოვლენებს, რადგან უშგულში ბუნება სამშენებლო პერიოდად მხოლოდ სამ თვეს თუ გაცლის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ იურიდიული მიმართულება ცოტა ჩამოგვრჩა და ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება, ასევე მას განიხილავს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც“, - ნათქვამია განცხადებაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა