სამეცნიერო ჟურნალში რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო კვლევა - „დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ გამოქვეყნდა

სამეცნიერო ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესში“ (Globalization and Business⁠) „ევროპის უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორისა ვიცე-რექტორის რაულ ქირიას ახალი სამეცნიერო სტატია - "დეზინფორმაცია და მისი გავლენა საზოგადოებაზე: რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე“ (Disinformation and Its Impact on Society: The Case of the Russia-Ukraine War) გამოქვეყნდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

„სამეცნიერო სტატია ინგლისურ ენაზე ჟურნალ „გლობალიზაცია და ბიზნესის“ 2026 წლის მე-11 ტომის 21-ე ნომერში გამოქვეყნდა და 156-170 გვერდებს მოიცავს.

ნაშრომში ავტორი დეზინფორმაციას თანამედროვე გეოპოლიტიკაში ძალაუფლების, საზოგადოებრივი აზრის კონტროლისა და სტრატეგიული გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად განიხილავს. კვლევის ძირითად მაგალითს რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც გაანალიზებულია დეზინფორმაციის საზოგადოებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო შედეგები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დეზინფორმაცია მხოლოდ პროპაგანდის დამხმარე საშუალება აღარ არის. იგი სახელმწიფო მართვის, ნარატივების კონტროლისა და ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელსაც საზოგადოებრივი აღქმის შეცვლა, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შემცირება და სამხედრო აგრესიის გასამართლებელი საინფორმაციო გარემოს შექმნა შეუძლია.

რაულ ქირია კვლევაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთის შიდა და გარე საინფორმაციო სტრატეგიებს. ავტორის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებისთვის დეზინფორმაცია არა მხოლოდ უცხო სახელმწიფოებზე ზემოქმედების, არამედ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კონტროლისა და საზოგადოებრივი რეალობის ხელოვნურად კონსტრუირების ინსტრუმენტსაც წარმოადგენს.

ნაშრომში განხილულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესუსტება და საერთაშორისო ინსტიტუტების შეზღუდული შესაძლებლობები იმ პირობებში, როდესაც აგრესორი სახელმწიფო დეზინფორმაციის საშუალებით ომის შესახებ საერთო და ფაქტებზე დაფუძნებული რეალობის განადგურებას ცდილობს.

კვლევის თანახმად, ფაქტებსა და გამოგონილ ინფორმაციას შორის ზღვრის მიზანმიმართული წაშლა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის, სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ინსტიტუციური ნდობის საფუძვლებს. დეზინფორმაციის შედეგად რთულდება საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება.

სტატიაში ცალკე მიმართულებად არის წარმოდგენილი უკრაინული საზოგადოების მდგრადობა. ავტორი ყურადღებას ამახვილებს მედიის წიგნიერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზებისა და სანდო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კვლევის ერთ-ერთი მთავარი დასკვნის მიხედვით, დეზინფორმაციას მშვიდობიან პერიოდში საზოგადოების დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური პროცესების მართვის მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ომის დროს მისი ეფექტიანობა მცირდება, როდესაც ადამიანები უშუალოდ აწყდებიან რეალურ მოვლენებსა და მათ შედეგებს.

რაულ ქირიას სამეცნიერო ინტერესები მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, გეოპოლიტიკას, რუსეთ-უკრაინის ომს, დეზინფორმაციას, პროპაგანდას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაციას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს