ირაკლი მელაშვილი - ოპოზიციას აქვს დილემა: ან უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს, ან აღიაროს ლიდერად, რა ვერ გაიგეს, რომ ასეთია: ან ჩემთან ხართ, ან დავაქცევ ყველაფერს - რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ვაჭრობა არ იქნება, პირდაპირ წავლენ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაზე

ოპოზიციას აქვს დილემა გადასალახი: ან უნდა გაემიჯნოს სააკაშვილს, ან უნდა აღიაროს ლიდერად - რა ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ სააკაშვილი არის ასეთი: ან ჩემთან ხართ, ან დავაქცევ ყველაფერს, ჩემს იქით ყველაფერი წყალსაც წაუღია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ათი წელია გაერთიანებაზე მიდის საუბარი, თუმცა არ გამოდის და უნდა შეეშვან.

„ოპოზიციას თავისი შეცდომები უდგება წინ. რა უნდა გააკეთოს? ჩემი აზრით, პირველი, რაც ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, ამ ჭინთვებს, ცრუ გაერთიანებაზე, უნდა შეეშვას. მარტივი რამეა, ვერ შედგება ვერანაირი გაერთიანება სააკაშვილთან ერთად, სადაც სააკაშვილი არ იქნება მთავარი ფიგურა. მუდმივი ჭინთვებია იმაზე, ვინ იქნება იქ მთავარი ფიგურა. სააკაშვილი გეუბნებათ, რომ მთავარი მე უნდა ვიყო, მორჩა, მე თუ არ ვიქნები, დაქცეულხართ სულ ყველა. ან უნდა გაემიჯნო, ან უნდა აღიარო ლიდერად, მესამე აქ არ გამოდის. არ გამოდის ეს ერთობა და რამდენი წელი შეიძლება გაგრძელდეს ეს ამბავი? 2016 წლიდან ეს იწილო-ბიწილო მიმდინარეობს, ათი წელია. 90% დაბორიალობს ზევით-ქვევით, 5% ვერ დადო ვერცერთ ლიდერმა რეიტინგი და ამას ხელისუფლებას აბრალებენ თუ საკუთარ თავს?

ოპოზიციას აქვს დილემა გადასალახი, დამოკიდებულება სააკაშვილთან - ან არიან სააკაშვილთან, ოღონდ ეს ნიშნავს, რომ მათი ლიდერი სააკაშვილია, ან რაღაცას თავისას აკეთებენ სააკაშვილის გარეშე. რა ვერ გაიგეს ამ ადამიანებმა, რომ სააკაშვილი არის ასეთი, ამ ჩემთან ხართ, ან დავაქცევ ყველაფერს, ჩემს იქით ყველა წყალსაც წაუღია“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ირაკლი მელაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან წასვლა არ შეუძლია და მისი მიზანი ავტორიტარიზმის დამყარებაა, რადგან ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში „იმდენი აქვთ გაფუჭებული, რომ ციხეები გაივსება“.

„კობახიძემ განაცხადა, აზერბაიჯანს არანაირ პირობებს არ უყენებენ, არც შუა აზიას და ჩვენ რატომ გვიყენებენო. ხელისუფლება ასე იღვწოდეს, რომ გვაღიარეთ, ვართ ავტოკრატები, ბოდიში და ჩათლახები, გაფუჭებულები, გათახსირებულები და ბრაზდებოდეს, რატომ ასე არ გვაღიარებენო, ასეთი არაფერი მინახავს საქართველოს ისტორიაში. „ოცნებას“ აქვს მცდელობა - მოდი შევთანხმდეთ, ჩვენ ვართ ავტოკრატები, თქვენ ავტოკრატიულ რეჟიმთან გაქვთ საქმე, და მოდით, ახლა ვილაპარაკოთ. არ გვაქვს პრეტენზია დემოკრატობაზე და მიიღეთ ეს რეალობა. დასავლეთი ამ რეალობას არ იღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, თორემ კალთებს არავინ არ ჩამოახევს საქართველოს, როგორმე გაძლებს ევროპა საქართველოს სახელმწიფოს გარეშე. „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ თუკი ალტერნატივა არის ასე - მე დავრჩე ძალაუფლებაში ან შევიდეთ ევროკავშირში, მათ ურჩევნიათ, რომ თვითონ დარჩნენ ძალაუფლებაში.

არ ვეთანხმები, რომ ადამიანებს იმიტომ იჭერენ, რომ ეს არის სავაჭროდ. არავითარ ვაჭრობას არ აპირებენ, ესენი აქ აპირებენ დიქტატურის დამყარებას. არანაირი ვაჭრობა არ იქნება, პირდაპირ წავლენ ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაზე, ამათ სხვა ამოცანა არ აქვთ. იმდენი აქვთ გაფუჭებული, რომ ციხეები გაივსება, რომ წავლენ და ეშინიათ“, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
BMW-ს ახალი ეპოქა: გაიცანით Neue Klasse-ის პირველი სერიული მოდელი iX3
ზაფხული „მოზაიკოს“ ტერასაზე - საავტორო კოქტეილები, თბილისური ხედები და განსაკუთრებული ადგილი შეხვედრებისთვის
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტში გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს