აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის საარჩევნო სისტემა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „კატასტროფულად არასრულყოფილია“.
„ამერიკა დაბრუნდა და საქმეები ძალიან კარგად მიდის, თუმცა კვლავ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ, რადგან სამართლიანი და პატიოსანი არჩევნების გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება დიდებული“, - განაცხადა ტრამპმა, რომელმაც დღეს აშშ-ის მოსახლეობას თეთრი სახლიდან მიმართა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ყველა ამერიკელი იმსახურებს, რომ საარჩევნო სისტემა უსაფრთხო იყოს. „ყველა ამერიკელი იმსახურებს იცოდეს, რომ ხმის მიცემისას მისი ხმა სისტემაში ზუსტად იქნება დათვლილი. ამიტომ ეს სისტემა უსაფრთხო უნდა გავხადოთ - ისეთი, სადაც გაყალბება და ჩარევა არა მხოლოდ რთული, არამედ პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, მისმა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა სახელმწიფო ამომრჩეველთა სიებში დაახლოებით 278 000 არამოქალაქე აღმოაჩინა.
"ვაქვეყნებთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის შთამბეჭდავი გამოძიების შედეგებს. DHS-ის მიერ ჩატარებული შემოწმების, შტატების ამომრჩეველთა სიებისა და საჯარო ჩანაწერების საფუძველზე, დაახლოებით 278 000 არამოქალაქე გამოვლინდა, რომლებიც ფედერალურ არჩევნებში ხმის მისაცემად არიან რეგისტრირებული", - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ რეალური რიცხვი გაცილებით დიდია.