ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როდესაც შესაბამისი ლეგიტიმაციის პირობებში ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, იმისთვის, რომ შესაბამისი არჩევანი მივიღოთ, თუმცა ამისთვის გასატარებელია ღონისძიებები, - ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შაიშმელაშვილმა განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პოლარიზაციის შემცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ რეალობის საკუთარი აღქმა აქვს და სჯერა, რომ დიალოგზე დათანხმებას ან პოზიციის შეცვლას ვერავინ აიძულებს.
„ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როდესაც შესაბამისი ლეგიტიმაციის პირობებში ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“ იმისთვის, რომ შესაბამისი არჩევანი მივიღოთ, თუმცა ამისთვის გასატარებელია ღონისძიებები. ამ ვითარებაში ბუნებრივია, რომ არ არის. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში. სამწუხაროდ, დღეს არ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ „ოცნებამ“ ცინიკური პასუხები არ გადმოგვიგდოს. „ოცნებას“ რეალობის საკუთარი სურათი აქვს. ფაქტია, რომ მას სჯერა იმის, რომ დიალოგის პროცესი, უკან დახევა და ა.შ. ვინმემ შეიძლება აიძულოს“,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.
შაიშმელაშვილის განმარტებით, „პოლიტიკური პატიმრების საკითხი პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია და მათი პატიმრობა საზოგადოებისთვის დამატებით მოტივაციას წარმოადგენს“.
„საქართველოს უახლოეს წარსულში არსებობდა გამოცდილება, როდესაც პოლიტპატიმრებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. ამიტომ, კი, პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, სწორედ ამიტომ ჰქვიათ მათ პოლიტპატიმრები, რადგან მათი ბრალის გადამწყვეტი პოლიტიკური კონტექსტია. შესაბამისად, ამ ფონის გათვალისწინებით ბრძოლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნა ერთ-ერთი მოტივატორია.
ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში. ავტორიტარებს თავისი კონკრეტული შედეგები აქვთ, პოლიტიკური ოპონენტებისა და საზოგადოების ცხოვრებაზე. ქრესტომათიული სახელმძღვანელოებით თუ შევაფასებთ, არაფერი განსაკუთრებული ხდება, რაც სხვა ავტორიტარიზმს არ ახლავს“,- განაცხადა შაიშმელაშვილმა.
ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრისას შაიშმელაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ცვლილებების მისაღწევად „ჯადოსნური გამოსავალი“ არ არსებობს. მისი თქმით, აუცილებელია თანმიმდევრული და ორგანიზებული მუშაობა, რაც საზოგადოების რაც შეიძლება მეტი ნაწილის დარწმუნებასა და პროცესში ჩართვას გულისხმობს.
„მინიმუმ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, რომ „ჯადოსნური ჯოხი“ არ არსებობს. არსებობს რაღაც ტიპის შრომის ორგანიზება, რომელიც განსახორციელებელია. შეიძლება ვიდავოთ ოპოზიციის მიერ განხორციელებულ ამ შრომის ტემპებზე, სიჩქარეებზე და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაარწმუნო ცვლილების აუცილებლობაში, მის თანამონაწილედ აქციო. ამისთვის საჭიროა საკმარისად ორგანიზებული მანქანა, მათ შორის, ადამიანური ინფრასტრუქტურა - რეგიონებსა და ქალაქში. სამწუხაროდ, საზოგადოებასთან მედიით ურთიერთობა ვერ ჩაანაცვლებს იმას, რომ ამ ადამიანებთან მიხვიდე, ხელი ჩამოართვა..“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.