უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომისა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ განაცხადა.
„გადავწყვიტე, რომ მიხაილო დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი გახდება. მიხაილოსთან, ევგენ ხმარასთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა. ფაქტია, რომ ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის წარმატება კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციასა და კურსკის შეტევაში. მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ და უკრაინის თავდაცვა გრძელდება. მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და ყველა ჩვენი ჯარისკაცის ფრონტზე უკრაინის ძლიერი პოზიციებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, შორ მანძილის დარტყმების გეგმა ზუსტად განხორციელდება. ასევე, დრაპატიმ, ევგენი ხმარამ და სხვა მეთაურებმა უნდა მოამზადონ უკრაინის თავდაცვის განახლებული სტრატეგია და ნაბიჯები კორპუსის სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად. პრეზიდენტმა პრიორიტეტად რუსული დარტყმებისგან ცის დახურვა და მობილიზაციის პროცესის რეალისტური ხედვა დაასახელა.
ცნობისთვის, 16-დან 21 ივლისამდე კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინისტრმა ფედოროვმა და მთავარსარდალმა სირსკიმ ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და რომ ბრძოლის ველზე, ბრიგადებსა და მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. 18 ივლისს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მოლაპარაკებები გამართა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, მიხაილო ფედოროვთან და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან და პირობა დადო, რომ „არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება“. 20 ივლისს სირსკიმ ბოდიში მოუხადა ყოფილ თავდაცვის მინისტრს, მიხაილო ფედოროვს და განაცხადა, რომ მათ შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა.