ადვოკატი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი, ჩატარებულია ჩხრეკები - გამოკითხვის შემდგომ იგეგმება დაზარალებულად მისი ოფიციალურად ცნობა

ნატა ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ ბარსონიძე აცხადებს, რომ ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი და ასევე ჩატარებულია საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკები.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ მარიამ ბარსონიძემ განაცხადა, რომ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ნატა ვიბლიანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.

„ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოკითხულია 30-ზე მეტი პირი. მათ შორის ახლა მიმდინარეობს ქალბატონი ნატას გამოკითხვა. სხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებებიც არის ჩატარებული, ჩატარებულია ჩხრეკები და ასევე იგეგმება არაერთი საგამოძიებო მოქმედება სამომავლოდ იმისათვის, რომ სწორად და სრულფასოვნად განხორციელდეს მართლმსაჯულება.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულებები ჯერ არ გვაქვს მოპოვებული ქალბატონი ნატას სტატუსიდან გამომდინარე, ვინაიდან მტკიცებულებებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა პირი არის დაზარალებულად ცნობილი. თუმცა საგამოძიებო ორგანო არის საკმაოდ ჩართული, მოტივირებული და ნატას გამოკითხვის შემდგომ, უახლოეს პერიოდში იგეგმება მისი ოფიციალურად დაზარალებულად ცნობა.

მოლოდინი გვაქვს იმის, რომ თითოეული დეტალი რაზეც საუბრობს ქალბატონი ნატა ვიბლიანი, მის წინააღმდეგ მიმართული თითოეული დანაშაული, აუცილებლად იქნება გამოძიებული და შესაბამისი სამართლებრივი შედეგის იმედი ნამდვილად გვაქვს. პირები, რომელთა დამნაშავეობა უტყუარად დადასტურდება, დაისჯებიან კანონის სრული სიმკაცრით და ნატა ვიბლიანისთვის სამართლიანობა აღდგება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ნატა ვიბლიანი ვაკე-საბურთალოს პოლიციაში ჩვენებას უკვე მეორე დღეა აძლევს.

გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.

გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა