უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
კირცხალიამ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას „აუხსნელი თავდასხმები“ უწოდა.
„კარგად ვხედავდით სრულიად გაუგონარ, აუხსნელ თავდასხმებს აშშ-ის წინა ადმინისტრაციისგან. ტრამპის პოლიტიკასთან გვაქვს ყველა პოლიტიკური ღირებულებებში თანხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მედიების მიმართ. იცით, რომ აშშ-ს ბევრი საგარეო გამოწვევა აქვს, ამ ყველაფერთან ერთად ვისმენთ რიტორიკას სუვერენული პოლიტიკის გატარების შესახებ მსოფლიოში. უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, თუ ამას მხარს დაუჭერს აშშ ჩვენ მზად ვართ სუფთა ფურცლიდან დავაბრუნოთ ის საყრდენი საქართველოში, რომელი საყრდენიც ყოველთვის იყო - ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ირაკლი კირცხალიას მიაჩნია, რომ ის რაც საქართველოს თავს ხდება, წლების შემდეგ პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ „ქეისად“ შევა.
„რაც ხდება ჩვენს თავს ალბათ, წლები გავა და პოლიტოლოგიაში ერთ-ერთ ქეისად იქნება, თუ რას გაუძლო და რას უძლებს ჩვენი ქვეყანა უდიდესი ძალების მხრიდან“, - აღნიშნა კირცხალიამ.
მისივე თქმით, მთავარია, მშვიდობის შენარჩუნება. კირცხალიას განცხადებით, „ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათვალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს“.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ადრე თუ გვიან ყველა მივა იმ აზრამდე, რომ ახლა სუვერენული პოლიტიკის დროა.
„ისინი სრულიად გაშიშვლდნენ აგენტურულ ველზე, უკვე ღიად არიან გადმოსული შეტევაზე, ასე რომ, ჩვენ ჩვენი კურსი გვაქვს და ამ კურსი მივყვებით ძალიან პრაგმატულად. მაგრამ ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია.
ახლა დრო არის არამხოლოდ ჩვენ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის. საუბრობენ შუა დერეფანზე და საქართველოზე არ საუბრობენ. ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ვიზიტები სამთავრობო გუნდმა ბოლო თვეებში განახორციელა, იქნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას პრაგმატულად სჭირდება. ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. ვარჩიეთ მშვიდობა, რომელმაც მოიტანა ეკონომიკური სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ყველასთან ვისაუბრებთ, ყველა პარტნიორთან და იმ ქვეყნებთან, რომელთანაც ერთმანეთს ასწრებენ ევროპელი ლიდერები ჩასვლას.
ჩვენ ვამბობთ: ჩვენ აქ ვართ, ჩვენი ინსტიტუციები ასე მუშაობენ, ჩვენი საკანონმდებლო სივრცე მუშაობას ასე, და ამ ყველაფერთან ერთად სრულ ჰარმონიზებაშია იმ დასავლურ ღირებულებებთან, რომელსაც პატივს ვცემთ. ხშირად მოგვისმენია, რომ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირდა; ამ დროს, რიგითი მოქალაქე ისმენს, რომ მოლდოვაში სადაც ერთი ტელევიზიაა დარჩენილი, ამბობს იგივე ბიუროკრატი, რომ აქ არის თურმე დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების აკვანი და საქართველოში, სადაც ნებისმიერს შეუძლია მედიის დარეგისტრირება, თურმე სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია, პოლიციელის დაწვა და პარლამენტის დაწვა თურმე გამოხატვის თავისუფლებაა და ასანქცირებენ „იმედს“, რომელიც არის დამოუკიდებელი ტელევიზია, რადგან თვალში არ მოსდით“, - განაცხადა კირცხალიამ.