საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და ბრიტანულმა უნივერსიტეტმა ახალი ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის - „კიბერუსაფრთხოება“ (Cybersecurity), შესახებ საინფორმაციო ვებინარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ვებინარის ფარგლებშიც პროგრამის ხელმძღვანელებმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა მარიამ ჩხაიძემ და იოსებ ქართველიშვილმა, ბრიტანული უნივერსიტეტის ბიზნესის და ინოვაციების სკოლის დეკანმა ნინო ლობჟანიძემ, პროგრამაში ჩართულმა პროფესორებმა - ბრიტანული უნივერსიტეტის და Işık University-ის (სტამბოლი, თურქეთი) პროფესორმა ბარიშ ჩელიქთაშმა და სტუ-ს ასისტენტმა გიორგი მუშკუდიანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნეს პროგრამის სტრუქტურა, მიზნები, სასწავლო კომპონენტები, მიღების პირობები და კარიერული შესაძლებლობები.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, 120-კრედიტიანი ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანული უნივერსიტეტის აკადემიური თანამშრომლობის ფარგლებში წელს პირველად იწყებს განხორციელებას, სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განათლებას სთავაზობს და მოიცავს კიბერუსაფრთხოების თანამედროვე მიმართულებებს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აღნიშნავს, პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას იმ სფეროში, რომლის მნიშვნელობა გლობალური ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში ყოველდღიურად იზრდება.
„კიბერუსაფრთხოება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, დაეუფლონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ უნარებს, იმუშაონ მაღალკვალიფიციურ ქართველ და უცხოელ პროფესორებთან და გახდნენ კონკურენტუნარიანი სპეციალისტები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო შრომის ბაზარზე. პროგრამა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და მაღალი ხარისხის განათლების განვითარების მიმართულებით“, - განაცხადა პროფესორმა თამარ წერეთელმა.
სტუ-ის ინფორმაციით, ვებინარის მიმდინარეობისას მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროგრამის ხელმძღვანელებისა და აკადემიური პერსონალისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე, საერთაშორისო აკადემიურ გარემოზე, კვლევით კომპონენტსა და იმ პროფესიულ პერსპექტივებზე, რომლებიც პროგრამის კურსდამთავრებულებს ელოდებათ. ასევე აღინიშნა, რომ სტუდენტები შეძლებენ მომზადებას ISC²-ის საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის, რაც პროგრამის მნიშვნელოვანი ღირსებაა, მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო სტაჟირების აქცელერაციის პროგრამებში და ისწავლიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბრიტანული უნივერსიტეტის თანამედროვე სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
ვებინარის ფარგლებში განხილულ იქნა კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გლობალური ტენდენციები და შრომის ბაზრის მოთხოვნები. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ ფართო შესაძლებლობები დასაქმდნენ სახელმწიფო, თავდაცვის, საფინანსო, სატელეკომუნიკაციო, IT და საერთაშორისო ორგანიზაციებში ან გააგრძელონ სწავლა სადოქტორო საფეხურზე.
ახალი ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „კიბერუსაფრთხოება“ უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებას, თანამედროვე ცოდნის გავრცელებასა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას.