ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი. ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს - კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით დაკავებას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა.
“ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი. ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშ შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ ადამიანებს. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, შეგიძლიათ წაიკითხოთ სახელმძღვანელოები, სადაც წერია, რომ გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლებით არ არის დაცული და მოცული ადამიანის უხეში შეურაცხყოფა. საერთოდ არ იცავს გამოხატვის თავისუფლების ძირითადი უფლება უხეშ შეურაცხყოფას. შესაბამისად, აქ ფორმალურადაც კი არასწორად მსჯელობენ კონკრეტული ადამიანები. მათ აქვთ პოლიტიკური დაკვეთა. პოლიტიკური დაკვეთა არის ის, რომ მათ უნდა საქართველოში ხელოვნურად გააღვივონ სიძულვილი დაპირისპირება, უნდათ შექმნან აგრესიული გარემო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ საქართველოში არავის მივცეთ გარედან, ხელოვნურად აგრესიისა და სიძულვილის გაღვივების საშუალება. აქ ფორმალურ სტატუსებს არ აქვს მნიშვნელობა, ფორმალურად ადამიანს ერქმევა ჟურნალისტი თუ რაიმე სხვა. არავის უნდა მივცეთ ჩვენ აგრესიისა და სიძულვილის გაღვივების საშუალება. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. ამ შემთხვევაში, სწორედ ასე თანასწორად იმოქმედა შესაბამისმა უწყებამ, შსს-ის შესაბამისმა დეპარტამენტმა. ამ დეპარტამენტის საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანას. არავის მივცემთ გარედან სიძულვილისა და აგრესიის თავს მოხვევის საშუალებას.
რაც შეეხება ამ საკითხზე რასა იუკნევიჩიენესა და ცალკეული ევროპელი დეპუტატის განცხადებებს, ასეთი ადამიანების კომენტარები საერთოდ არ არის საინტერესო. მივყვეთ ფაქტებს, არის ადამიანი, რომელმაც უხეშად დაარღვია კანონი, უხეში შეურაცხყოფა მიაყენა კონკრეტულ ადამიანებს, აქ ასეთი კომენტარები სრულიად უადგილოა და მათ არავითარი ფასი არ აქვთ.
ეს არიან ის ადამიანები, უცხოელებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ორიოდე დღის წინ ამართლებდნენ უხეს აგრესიას კონკრეტული ქალბატონის წინააღმდეგ. მეტიც, იწონებდნენ ამ აგრესიას, რომელიც ძალიან მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფით იყო გამოხატული. აქ ძალიან მარტივად ჩანს ორმაგი სტანდარტები და ორმაგი სტანდარტების მიზეზი. დაკვეთა არის, რომ საქართველოში ხელოვნურად, გარედან თავს უნდა მოგვახვიონ სიძულვილი და კონკრეტული აგენტები, აგენტურა ასრულებს ამ დავალებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად დავუპირისპირდებით ამ დავალებას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ასეთი დაკვეთების შესულებით არის დაკავებული“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, როგორც ამ ფაქტის შეფასებისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ აღნიშნა, ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის „ფეისბუქზე“ პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის შეფარდება აჩვენებს იმას, თუ რამდენად სწრაფად ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიებში.
„ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“, - წერს რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე.