დავით უსუფაშვილი - ყულევის დასანქცირების შემოქმედი არა ევროკავშირი, არამედ საქართველოს მთავრობაა - რაც შეეხება საბოტაჟის საქმეს, ტრამპმა წერილი გამოგზავნა და პაუზა აიღეს, სხვა რას უნდა დააბრალო? ეს არის სათამაშო იარაღი, რომ თავიანთ ინტერესს მიაღწიონ

„ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციის შემოქმედი საქართველოს მთავრობაა და არა ევროკავშირი.

როგორც დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, ევროკავშირისა და აშშ-ის მიზანი საქართველოსთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იყო, თუმცა, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ ეს პროცესი დააზიანა.

„ამ სანქციის შემოქმედი არა ევროკავშირი, არამედ საქართველოს მთავრობაა. ევროკავშირსა და აშშ-ს სურს და სურდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. ამით, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებიც ზიანდებიან, თუმცა ვიცი თუ რამდენად დიდი ხნის განმავლობაში სწავლობენ კონკრეტული სანქციის დაწესების საკითხს, იმისათვის, რომ მინიმალური ზიანი მიიღოს საზოგადოებამ. საბოლოო ჯამში, ურთულესი ამბავია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

გარდა ევროკავშირის საქნციებისა, უსუფაშვილმა ისაუბრა სიძულვილის ენაზე და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.

მისი შეფასებით, დღეს არსებული ვითარება 1990-იან წლებთან შედარებითაც უფრო მძიმეა, რადგან, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც კრიზისს არაერთი ობიექტური ფაქტორი განაპირობებდა, ამჟამად საზოგადოებაში დაპირისპირების გაღვივებაში თავად სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური ლიდერები მონაწილეობენ.

“კრიმინოლოგია მეცნიერებაა და გვეუბნება, რომ დაუსჯელობა იწვევს დანაშაულის მატებას.

როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ სფეროში არის ის მდგომარეობა, რაც არის დღეს, ეს საზოგადოების ნაწილში იწვევს გრძნობების, ვნებების, მიდრეკილებების გაღვივებას, რომელსაც მივყავართ პერსონალურ ანგარიშსწორებამდე. 90-იან წლებთან შედარებით, გაცილებით მძიმე ვითარებაში ვართ. მაშინდელი მოვლენები შეიძლება დავაბრალოთ რაღაცაში გაურკვევლობას, სიახლეებს, ცხადია იყო რუსეთის ძალიან სერიოზული ჩარევა. 40 წლის შემდეგ, დღეს ვხედავდეთ თავად სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტიტუტები, პოლიტიკური ლიდერები არიან გამღვივებლები ბრაზის, ბოღმის, ანგარიშსწორების, მოუთმენლობის ეს არის პრობლემის სათავე. 100 ათასობით ადამიანი გამოცხადებულია სახელმწიფოს მტრად ან სახელმწიფო მტრების ხელშემწყობებად.

საზოგადოებისთვის არანაკლებ დამაზიანებელია ისეთი ხელისუფლება, რომელიც კანონს იყენებს საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობისთვის და არა ყველას უფლებების დასაცავად“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებაში მყოფ პირებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რადგან ისინი ქვეყანასა და საზოგადოებას წარმოადგენენ. უსუფაშვილის შეფასებით, როდესაც პოლიტიკური ლიდერები საზოგადოებაში სიძულვილს, შეუწყნარებლობასა და დაპირისპირებას აღვივებენ, ეს ქვეყნისთვის განსაკუთრებით საზიანოა.

„პირს ისეთად ვიცნობდი, რომ შეიძლება ხუთი საათი მჯდარიყო შეხვედრაზე და ხუთი სიტყვა არ ეთქვა. დღეს სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ აშკარად პრეცედენტია ქართული უახლოესი ისტორიის განმავლობაში, რომ დაიკავოს მე-20 და 21-ე საუკუნეში პრიზი სიძულვილის გაღვივებაში. ამ შემთხვევაში ჯერ კობახიძეს ვგულისხმობ, მაგრამ პაპუაშვილი სხვა პრიზსაც დაიკავებს. ხელისუფლებაში მოსულ ადამიანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის არის ქვეყნის პირველი პირი, საზოგადოების წარმომადგენელი. თუკი ვინმე აღვივებს, თესავს სიძულვილს, შეუწყნარებლობას, მიუღებლობას საქართველოს მოქალაქეებს შორის, საქართველოსა და უცხოელ მოქალაქეებს შორის და ა.შ. არის ეს ხალხი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა, ასევე, ისაუბრა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესების შემოდგომამდე გადადების საკითხზე. მისი თქმით, პროცესების შემოდგომამდე გადადება ხელისუფლების პოლიტიკურ ინტერესებზე მიუთითებს და დროში ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ის ადმინისტრაციის გზავნილებს.

მისივე შეფასებით, პროცესების დინამიკა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული სიგნალები გაეგზავნა.

„პარალელურად მიმდინარე ფაქტებსა და პროცესებს ვხედავ, რომლებიც ერთმანეთს ემთხვევა. როდის მოხდა პროცესების დაჩქარება? როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა - საქართველომ იცის რა აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენთან ურთიერთობა აღდგესო. ანუ მათ დაადასტურეს იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებისთვის არაერთხელ აქვთ ნათქვამი.

ახლა რა მოხდა? ტრამპმა წერილი გამოგზავნა საქართველოში. ახლა პაუზა აიღეს. სხვა რას უნდა დააბრალო?

მართლმსაჯულებაც, სახელმწიფოც, პოლიტიკური ლიდერებიც ეს არის სათამაშო იარაღი იმისთვის, რომ თავიანთ ინტერესს მიაღწიონ. ეს საქმე შევა წარმოუდგენელი „შეკერილი“ საქმეების სამეულში, რომლებსაც გარდა პოლიტიკური სარჩულისა, სხვა საფუძველი არ გააჩნია“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო