„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის შედეგია.
როგორც ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, ხელისუფლებას დროულად უნდა მოეხდინა რეაგირება გარემოებებზე, რის გამოც, მისი შეფასებით, ყულევის ქარხანა სანქციების ქვეშ მოექცა.
„ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რომ რაღაც ცუდს აკეთებდა, ამაზე საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას რეაგირება უნდა მოეხდინა და სანქციების ტექსტში არ უნდა მომხდარიყო. ეს ხელისუფლებამ არ გააკეთა, შესაბამისად, ტექსტი არის უმოქმედობის პასუხი. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. უბრალოდ, ხაზი უნდა გავუსვათ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ შემთხვევაში ქართველი ხალხის მიმართ აქვს [ხელისუფლებას]. შენ ხელს უწყობ იმას, რომ შენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს - უწყობ ხელს იმ ოკუპანტს, რომელმაც წაგართვა სოხუმი და ცხინვალი.
საქართველო არ უნდა ჩამდგარიყო მოწინავეთა რიგში. თუ უკრაინას არ ეხმარები, რუსეთს რატომ ეხმარები? თუ ომი არ გინდა, ომის მონაწილე ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ რატომ მოქმედებ?
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს [სანქცირება] გზავნილი არ არის ყულევთან მიმართებაში, ეს არის გზავნილი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან მიმართებაში. იმდენს უნდა ხვდებოდნენ, რომ თვალთმაქცურად მაინც ეჭიროთ ნეიტრალური პოზიცია“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
რაც შეეხება აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტს, რომელიც საქართველოს შესახებ ჩანაწერსაც შეიცავს, ფოფხაძის თქმით, ჩანაწერები მხოლოდ ანგარიშების მოთხოვნას არ გულისხმობს, არამედ ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს.
„არის გზავნილები, რომლებიც ითხოვს არა რეპორტებს, არამედ მოქმედებას. რეალობა ამერიკამაც იცის საქართველოში რა ხდება. ისინი ინფორმაციას ბევრი წყაროდან იღებენ. ეს არ არის რეპორტის მოთხოვნის ვალდებულება. გეუბნებიან, რომ შენი საშინაო დავალება შეასრულო ისე, რომ გახდე მათი სტანდარტების ადეკვატური. ეს სტანდარტები მოიცავს ბევრ რაღაცას, მათ შორის მოიცავს სამართლიან არჩევნებს და ადამიანის უფლებების დაცვას“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფოფხაძემ, ასევე, ისაუბრა შიდა პოლიტიკურ ჭრილში, კერძოდ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესების შემოდგომამდე გადადების საკითხზე და აღნიშნა, რომ პროცესების გადადება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ვაჭრობის მცდელობაზე მიუთითებს.
მისი შეფასებით, სასამართლო პროცესების გადადებით ხელისუფლება აშშ-თან და ევროპასთან მოლაპარაკებების ილუზიას ქმნის.
„ის რომ პოლიტიკოსები მძევლის როლში არიან, არის ბელარუსის სტანდარტი, ეს არ არის მათი მოგონილი. „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს. თუ ისინი გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს, არალეგიტიმური პარლამენტი უნდა შეარჩინონ. არ მახსენდება ქვეყანა, რომელმაც ასეთი ვაჭრობის სისტემით ბოლომდე შეძლო თავისი რეჟიმის შენარჩუნება. ამათ ჰგონიათ, რომ დროს იგებენ. რაღაც მომენტში იგებენ დროს, რადგან ქმნიან მოლაპარაკებების ილუზიას. ვერანაირ სცენარში ვერ წარმოვიდგენ, რომ ამათ შეარჩინონ ის, რომ ჩამოყალიბდნენ, როგორც რეჟიმი, რომელიც იჭერს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს... ვაჭრობის ეს სისტემა დროს გაგებინებს, მაგრამ შინაარსობრივად არაფერს ცვლის. შენ რჩები სახელმწიფოდ, რომელიც არ აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ჰყავს პოლიტპატიმრები, დევნის საკუთარ მოსახლეობას, იყენებს ქიმიურ იარაღს.
დღეს ყველა პოლიტიკოსი ციხეში ზის არა იმიტომ, რომ დანაშაული ჩაიდინა, არამედ რეჟიმი დევნის მათ. ესენი აღარ არიან პოლიტიკოსები, ვაჭრები არიან. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ჯგუფი, რომელიც მის კერძო ინტერესებს ემსახურება“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.