სოფიო სიგუა-შატბერავა - იოსებ სიგუამ გუშინ დამირეკა - მისმა ადვოკატმა მითხრა, ერთად ვიყავით, „ვოთსაფის“ აპლიკაციას ვათვალიერებდით და შემთხვევით დამერეკაო, რაც ალოგიკურია - მოვითხოვ მის დაპატიმრებას

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, იოსებ სიგუას მეუღლე, სოფიო სიგუა-შატბერავა აცხადებს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ, იოსებ სიგუამ მას გუშინ, გვიან ღამით დაურეკა და მის დაპატიმრებას მოითხოვს.

როგორც სოფიო სიგუა-შატბერავა „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, იოსებ სიგუას ადვოკატმა, თეონა გვაზავამ მას განუმარტა, რომ თავად ათვალიერებდა „ვოთსაფის“ აპლიკაციას, რა დროსაც შემთხვევით დაერეკა, თუმცა ამას სოფიო სიგუა-შატბერავა ალოგიკურს უწოდებს, რადგან მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელიც 23 ივლისს გაიმართა, იოსებ სიგუამ და მისმა ადვოკატმა, მოსამართლეს 200 ფურცელი „ვოთსაფის“ „სქრინები“ წარუდგინეს.

„გუშინ 22:55 საათზე დამირეკა და გავუთიშე. რომ მეპასუხა, ეს პირდაპირ პატიმრობას ითვალისწინებს. დავრეკე 122-ში და მოვიდა პოლიცია.

თუმცა 112-ში ჩემი ზარის შესახებ გაიგო, დაუკავშირდა გამომძიებელს, ამოეფარა მისი ადვოკატი გვაზავა და მითხრა, რომ ერთად ვიყავით, „ვოთსაფის“ აპლიკაციას ვათვალიერებდით და შემთხვევით დამერეკაო. ეს ალოგიკურია, რადგან გუშინ 9 საათი მიმდინარეობდა პროცესი და 200 ფურცლამდე იყო ჩემი „ვოთსაფის“ „სქრინები“, ანუ გამოდის, რომ ესენი უკვე ამოღებულია და დამუშავებული და მოსამართლესაც აქვს გადაცემული.

მოსულმა პოლიციელებმა მკითხეს, შემეძლო თუ არა ამ შემთხვევის გათვალისწინება. მე ვერ გავითვალისწინებ, რადგან შემთხვევით ხვალ რომ მომკლავს, ალბათ მაშინაც იტყვის გვაზავა ან ვინმე, რომ „არ უნდოდა და შემოაკვდა“.

მოვითხოვ მის დაპატიმრებას. მისთვის რომ მეპასუხა, ეს პატიმრობას ითვალისწინებს“,- განაცხადა სოფიო სიგუა-შატბერავამ.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუას ყოფილმა მეუღლემ, სოფიო სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება