დონალდ ტრამპმა, იძულებითი შრომის აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევის ბრალდებით, 60 სავაჭრო პარტნიორს ტარიფები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 60 სავაჭრო პარტნიორის, მათ შორის ევროპისა და ჩინეთის, საქონელზე ახალი 10%-დან 12.5%-მდე ტარიფები დააწესა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვაშინგტონმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ ამ ქვეყნებში იძულებითი შრომით წარმოებული პროდუქციის აკრძალვის მოთხოვნები სათანადოდ არ სრულდება. ამასთან, ახალი ტარიფები ამოქმედდა იმ დროს, როდესაც დროებით მოქმედ 10%-იან გლობალურ ტარიფს ვადა ამოეწურა.

„შეერთებულ შტატებში იძულებით შრომასთან დაკავშირებული იმპორტის აკრძალვა თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში მოქმედებს და მკაცრად არის დაცული. დიდი ხანია დადგა დრო, ჩვენს სავაჭრო პარტნიორებსაც იგივე გაეკეთებინათ. დღევანდელი გადაწყვეტილება საფუძველს ჩაუყრის როგორც ადამიანის უფლებების დარღვევის, ისე ვაჭრობის დამამახინჯებელი პრაქტიკის გამოსწორებას, რაც მთელ მსოფლიოში დასაქმებულთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯემისონ გრირმა.

ახალი ტარიფები მოიცავს მთლიანი იმპორტის 99.4%-ს, მაგრამ არ ვრცელდება ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ნავთობი და გაზი, სასუქი და გარკვეული საკვები პროდუქტები.

ახალი ტარიფები მოსალოდნელი იყო, თუმცა მსოფლიოს სავაჭრო პარტნიორებმა მკაცრად გააპროტესტეს ისინი.

ტრამპის მიერ დაწესებული დროებითი, 10%-იანი გლობალური ტარიფი პარასკევს, 150-დღიანი მოქმედების შემდეგ ამოიწურა. სწორედ იმავე მომენტში ძალაში შევიდა ახალი ტარიფები. აშშ-მა 10%-იანი საბაჟო ტარიფი დააწესა არგენტინიდან, ბანგლადეშიდან, ბრიტანეთიდან, კამბოჯიდან, კანადიდან, ეკვადორიდან, ელ-სალვადორიდან, გვატემალიდან, ჰონდურასიდან, ინდოეთიდან, ინდონეზიიდან, იორდანიიდან, მალაიზიიდან, მექსიკიდან, პაკისტანიდან, შრი-ლანკიდან, ტრინიდად და ტობაგოდან იმპორტირებულ საქონელზე.

ევროკავშირს, ტაივანს, იაპონიას, სამხრეთ კორეასა და შვეიცარიას დაეკისრათ განაკვეთები, რომლებიც, არსებულ ტარიფებთან ერთად, ჯამში 10%-ს ან 12.5%-ს შეადგენს. დანარჩენ 38 ქვეყანას 12.5%-იანი განაკვეთი დაეკისრა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი