სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის არც სამედიცინო ისტორიითა და დოკუმენტებით ეს არ დასტურდება, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა, - ამის შესახებ ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებული, ნიკა კაპანაძის საქმის პროკურორმა მედია ცირამუამ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურის პოზიცია ბრალდებულის მიმართ ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი.
„პირველ რიგში მინდა ოჯახს სამძიმარი გამოვუცხადო უმძიმესი ტრაგედიის გამო. პროკურატურის პოზიცია დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი.
სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე, ამიტომ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა.
სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის არც სამედიცინო ისტორიითა და დოკუმენტებით ეს არ დასტურდება, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.
თავად დედამ არ დაადასტურა საგამოძიებო ორგანოსთან, რომ ბრალდებულის მხრიდან იყო ძალადობის ფაქტი, შესაბამისად, იმ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რადგან თავად დედამ უარყო, ბრალდებულის მხრიდან ძალადობა. საუბარი იყო მხოლოდ ერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. შემაკავებელი ორდერი არის მხოლოდ მყისიერი რეაგირების მექანიზმი.
რაც შეეხება იარაღის ნაწილს, მასთან მიმართებით გაცემულია ნებართვა შენახვის უფლებით. დედის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია შესაძლოა მიმართული იყოს იქითკენ, რომ საკუთარ შვილსა და ოჯახის წევრს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა აარიდოს. დედამ ისიც თქვა ძალადობის შემთხვევასაც ჰქონდა ადგილიო, თუმცა შემდეგ ოფიციალურად უარყო ეს ფაქტი. გამოძიება საწყის ეტაპზეა და თუ კი გამოიკვეთება რაიმე ფორმით სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ ქმედებებსაც შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
ბრალდებულს საგამოძიებო უწყებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ბრალდებულმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, განიარაღების პროცესში მოხდა დაზიანების მიყენება და ვინაიდან მას ჰქონდა პროცესში მონაწილეობის სურვილი პროცესი სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდა. მას პოზიცია არ დაუფიქსირებია“,- განაცხადა მედეა ცირამუამ.
პროკურორის თქმით, ბრალდებულის დედა უკვე გამოკითხულია და მან განაცხადა, რომ მისი მხრიდან ახალგაზრდებისთვის შენიშვნის მიცემა გახდა საფუძველი ბრალდებულის ჩართულობისა და აგრესიის.
„დაკავების ადგილი ფაქტობრივად ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი. მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არის შემთხვევის ადგილი, სადაც მან არასრულწლოვანებს დაზიანება მიაყენა. შესაბამისად ეს არის მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია და ის დაკავებულია მის საცხოვრებელ მისამართზე.
ყველა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეში ტარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა, მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა კითხვის ნიშნები“,- განაცხადა მედია ცირამუამ.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი - 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ამასთან, მას დედის, დოდო ოდიშარიას მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. ამასთან, დედა კაპანაძის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს. რაც შეეხება მომხდარს, თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა. კერძოდ კი, კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს, რომელთა ავტომანქანაც დაკავებულის საცხოვრებელი სახლის წინ იდგა, ქალმა შენიშვნა მისცა. არსებული ინფორმაციით, სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა დაკავებულმა გასროლა. "ალფა რომეოს" მარკის ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა. რაც შეეხება მეოთხე დაჭრილს, ის ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გასროლილი ტყვია მოხვდა.