საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტს, უშიშროების მდივნის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ პარლამენტარს, თეონა აქუბარდიას ესაუბრა.
როგორ შეაფასებდით მომხდარს? მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, რა შთაბეჭდილება შეიძლება ექმნებათ ჩვენს ევროპელ პარტნირებს?
- პირველ რიგში, საქართველოს მოხვედრა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებში აჩვენებს დღევანდელი ხელისუფლების რუსეთისკენ შეტრიალებულ ვექტორსა და იმ ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ ომის ეკონომიკურ განზომილებაში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული .ამიტომ, თუ ევროპელი პარტნიორების შთაბეჭდილებაზე კითხულობთ, ეს ყველზე მინიმუმ დიდი რეპუტაციული ზიანია ქვეყნის.
მართალს ბრძანებთ, როდესაც აღნიშნავთ, რომ ყულევის პორტი ევროკავშირის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტში განხილვის დონეზე უკვე იყო შეტანილი. სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის განცხადებით, „პოზიცია გადაიხედა“ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა რიგი ვალდებულებები აიღეს.
საქართველოს მოხვედრა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებში აჩვენებს დღევანდელი ხელისუფლების რუსეთისკენ შეტრიალებულ ვექტორსა და იმ ქვეყნის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ ომის ეკონომიკურ განზომილებაში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული .ამიტომ, თუ ევროპელი პარტნიორების შთაბეჭდილებაზე კითხულობთ, ეს ყველზე მინიმუმ დიდი რეპუტაციული ზიანია ქვეყნის
ამის მიუხედავად, მალევე საქართველო მაინც მოხვდა ევროკავშირის 21-ე პაკეტში - კრიპტოვალუტების სერვისების პლატფორმისა და ყულევის ქარხნის კონტექსტში.
გაგახსენებთ, რომ „ყულევის ქარხნის“ დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „საქართველოს განვითარების ფონდმა“ და ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკმა“, ხოლო ქარხნის პრეზენტაციას 2024 წლის ოქტომბერში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. ამიტომ, ბუნებრივია, ამ კონტექსტში პასუხისმგებლობა მხოლოდ კერძო კომპანიას ვერ დაეკისრება.
ასევე საჯაროდ ცნობილია, რომ „ყულევის ქარხანას“ რუსულ ნედლეულზე უარი სრულად ჯერ არ უთქვამს. თუკი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება - ანუ თუ ის რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს - ამ შემთხვევაში სანქციები სრულიად ამოქმედდება.
- ის რომ „ყულევის ქარხნის“ და არა პორტის დასანქცირება რეალურად 6 თვის შემდეგ დაიწყება უამრავ კითხვებს აჩენს.
- მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ახალ პაკეტში გამოსაცდელი ვადის დაწესების პრეცედენტი უკავშირდება ხელისუფლების იმ მზაობას, რაც სასანქციო მოთხოვნების შესრულებას ეხება. ამ ინფორმაციას ამყარებს საგარეო უწყების განცხადებაც ამ საკითხზე.
თუმცა, ნდობის იმ დეფიციტის პირობებში, რისი გაქარწყლების საფუძველსაც ირაკლი კობახიძის გუნდი არ იძლევა, რუსული ნედლეულის მიღების გაგრძელების შემთხვევაში სანქციების ამოქმედება გარდაუვალი იქნება.
ამიტომ, გარკვეულწილად მიმაჩნია, რომ ამ პრეცედენტის დაშვება კიდევ ერთი გაწვდილი ხელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ აქვს, თუნდაც მხოლოდ ქაღალდზე. დაველოდოთ, რამდენად დაიცავს ამჯერად მაინც პირობას „ოცნების“ მთავრობა, როდესაც დანამდვილებით იცის, რა ფასი დაუჯდება რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
საჯაროდ ცნობილია, რომ ყულევის ქარხანას რუსულ ნედლეულზე უარი სრულად ჯერ არ უთქვამს. თუკი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება - ანუ თუ ის რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს - ამ შემთხვევაში სანქციები სრულიად ამოქმედდება
- ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა თავდაცვის აქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსული და ჩინურ დაზვერვის შეღწევა უნდა გამოიკვლიონ, საქართველოსთან სამხედრო საკითხებში ორმხრივი კონტაქტების დროს კი მუდმივად უნდა დაისვას პოლიტპატიმრების საკითხი.
დოკუმენტის მიხედვით, კანონად ქცევიდან არაუგვიანეს 180 დღის განმავლობაში, ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეროვნული დაზვერვის დირექტორთან და სახელმწიფო მდივანთან კოორდინაციით კონგრესის შესაბამის კომიტეტებს საიდუმლო ანგარიში უნდა წარუდგინოს.
როგორ შეაფასებდით აშშ-ს თავდაცვის აქტის მიღებას? რა მოლოდინი გაქვთ იმ საკითხების გარკვევაზე, რა მიზნითაც იგი შეიქმნა საქართველოსთან დაკავშირებით?
- სამწუხაროდ, პირადად მე თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA) ვისურვებდი საქართველოს მხარდამჭერი ტექსტისა და ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ხილვას - ისე, როგორც ეს უახლოეს წარსულში, ბიძინა ივანიშვილის ანტიამერიკულ განცხადებებსა და სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებამდე იყო.
თუმცა, ეს ჩანაწერი, რომელმაც პირველი ინსტანცია უკვე გაიარა, ნათლად აჩვენებს იმ კომპლექსურ და მძიმე მდგომარეობას, რაშიც გაზრდილი რუსული თუ ჩინური გავლენების შედეგად აღმოჩნდა ოდესღაც „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული ქვეყანა.
დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით და, პარალელურად, დგას რუსეთის მხრიდან ნაწილობრივი ოკუპაციისა თუ ფაქტობრივი ანექსიის საფრთხის წინაშე.
ამ პრეცედენტის დაშვება კიდევ ერთი გაწვდილი ხელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ჯერ კიდევ აქვს, თუნდაც მხოლოდ ქაღალდზე. დაველოდოთ, რამდენად დაიცავს ამჯერად მაინც პირობას „ოცნების“ მთავრობა, როდესაც დანამდვილებით იცის, რა ფასი დაუჯდება რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში
ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ შემოდგომისთვის ამ დოკუმენტის საბოლოო დამტკიცება მოხდა, ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ინტერესების გათვალისწინებით 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავება.
დღეს საქართველო ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში უნდა განიხილებოდეს რეგიონულ კონტექსტში. იმისათვის, რომ აშშ-ის ძალისხმევით სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობა დამყარდეს, საქართველოში რუსული მზარდი გავლენა არის შესაკავებელი, რაც საგარეო პოლიტიკის გასწორების გარეშე შეუძლებელია.
თქვენ ნახეთ ირაკლი კობახიძის შეფასება ამ აქტზე, როდესაც მან კონგრესმენ ჯო ვილსონის მიმართ მტრული რიტორიკა გააგრძელა. თუმცა, ასევე გახსოვთ ჯო ვილსონის ინიციატივა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და მისი მიღება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ირაკლი კობახიძემ მწარედ განიცადეს მისი შინაარსიდან გამომდინარე.
ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის ტვირთი უშუალოდ „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული: ან შეცვლიან ქცევასა და ტრაექტორიას და აღადგენენ ამერიკის ნდობას, ან არა და - ეს არ იქნება ერთადერთი აქტი, რასაც „მმართველი პარტია“ იხილავს.
დღეს საქართველო რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებული აქვს ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით და, პარალელურად, დგას რუსეთის მხრიდან ნაწილობრივი ოკუპაციისა თუ ფაქტობრივი ანექსიის საფრთხის წინაშე
- საუბარი უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტით სინგაპურში და იქ პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგთან შეხვედრით.
რჩება შთაბეჭდილება რომ „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად იმეორებს იმავე გზას, რაც თავის დროზე სააკაშვილმა გაიარა.
სააკაშვილიც საუბრობდა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამდა, მაგრამ, ხშირად იმეორებდა იმასაც, რომ ცუდი არ იქნებოდა საქართველოს სინგაპურიზაციის გზას რომ დადგობოდა.
გვახსოვს მას მაშინ ბევრი ამის გამო აკრიტიკებდა, რადგან ევროპული მოდელი ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვნად განსხვავდება სინგაპურის მოდელისაგან, რადგან ამ ქვეყანას ერთი პარტია კარგა ხანია მართავს.
კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ ამ თემაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „არა ვარ დარწმუნებული რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვისეულ მცდელობას“.
თქვენ როგორ შეაფასებდით ივანიშვილის ხელისუფლების სინგაპურის გამოცდილებით დაინტერესებას?
- ახალი არ არის საუბრები იმის შესახებ, თუ რამდენი მსგავსებაა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებებს შორის. თუმცა, „სინგაპურიზაციის“ მოდელი მაშინაც და ახლაც ღია დაპირისპირებაში იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციურ არჩევანთან.
იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლად ჰქონდეს ავტორიტარიზმის ამ ტიპის მოდელის რესურსი, მინიმუმ, მისი ორი რეგიონი არ უნდა იყოს ოკუპირებული რუსეთის მიერ და კრემლი არ უნდა ლამობდეს მთელი ქვეყნის საკუთარ გავლენის სფეროში მოქცევას.
ამიტომ, ამ გეოპოლიტიკურად ტურბულენტურ პერიოდში არ მგონია, რომ საქართველოში სინგაპურის მოდელის განხორციელება რეალური იყოს. საქართველო ან რუსეთის საკბილო გახდება, ან ქვეყნის შიგნით გაარღვევს ხელოვნურად შექმნილ ამ ჩაკეტილ წრეს და დაუბრუნდება ჩვენი წინაპრების მიერ არჩეულ ევროპულ გზას.
ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის ტვირთი უშუალოდ „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული: ან შეცვლიან ქცევასა და ტრაექტორიას და აღადგენენ ამერიკის ნდობას, ან არა და - ეს არ იქნება ერთადერთი აქტი, რასაც „მმართველი პარტია“ იხილავს
- როცა ოპოზიცია ვერ ახერხებს პოლიტიკური ბრძოლის ერთიანი გეგმაზე შეთანხმებას, პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა ოპოზიციურ სპექტრის მისამართით განაცხადა - „ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოებისთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგი მოჰყვება.“
ვითარებაში, როცა საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო გარემო სრულად „ქართულ ოცნებაზეა“ მორგებული, ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც აქვს მიზანი და სურვილი 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვიქტორ ყიფიანის ამ მოწოდებას გაგებით უნდა შეხვედროდნენ, თუნდაც იმიტომ რომ არსებულ ვითარებაში ეს წინადადება რაცინალურად გამოიყურება.
ვნახეთ რომ ამ წინადადებაზე გამოხმაურება საკმაოზე მეტად კრიტიკულიც კი იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით ვიქტორ ყიფიანის წინადადებას და მასზე ოპოზიციური პარტიებისაგან კრიტიკულ შეფასებებს?
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ოპოზიციამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გაატანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანასა და საზოგადოებას არა მხოლოდ გრძელვადიანი, უკვე ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი ელის, არამედ, მათ შორის, შესაძლო რუსული „ნეიტრალიტეტი“ და ამ გზით ქვეყნის სრული დესუვერენიზაცია.
ვისურვებდი, პარტიებს საფრთხისთვის სწორედ ამ თვალით შეეხედათ და მხოლოდ ამის შემდეგ ესაუბრათ იმაზე, თუ რა უნდა იღონონ მის საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება ბატონ ვიქტორ ყიფიანსა და მის განცხადებას - არ მგონია, რომ მისი ინიციატივა დანარჩენი პარტიების მხრიდან რადიკალურად იქნა უარყოფილი, განსაკუთრებით პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას წერილისა და ნიკა გვარამიას პოზიციის გათვალისწინებით.
ოპოზიციას წარსულში უამრავი შეცდომა ჰქონდა, შეიძლება ითქვას, რომ ყველას ერთად გვქონდა და, პირველ რიგში, ეს იყო სამოქმედო ნაბიჯებზე შეუთანხმებელი პოზიციები. ამიტომ, თუ სამომავლო გზებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის მინიმუმ განხილვა და შეთანხმება არ შედგა, დამარცხდებიან არა მხოლოდ ეს პარტიები, არამედ მთლიანად ქვეყანა - თანაც გრძელვადიან პერსპექტივაში.
გეოპოლიტიკურად ტურბულენტურ პერიოდში არ მგონია, რომ საქართველოში სინგაპურის მოდელის განხორციელება რეალური იყოს. საქართველო ან რუსეთის საკბილო გახდება, ან ქვეყნის შიგნით გაარღვევს ხელოვნურად შექმნილ ამ ჩაკეტილ წრეს და დაუბრუნდება ჩვენი წინაპრების მიერ არჩეულ ევროპულ გზას
რაციონალიზმი ქართულ პოლიტიკას ხშირად აკლდა, თუმცა რაციონალური სვლა და მასზე კონსენსუსის მიღწევა კი დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ქვეყნის სამშვიდობოს გასაყვანად.
- მიუხედავად იმისა რომ უკრაინა-რუსეთის ომი სულ უფრო მეტად იძენს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაუნდობელი ბრძილოს სახეს, ვხედავთ, ამ ომში უკრაინასთან შედარებით რუსეთის ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, ეკონომიკურ და კიდევ სხვა ტიპის პრობლემებს, კრემლი საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენების გაძლიერებისთვის ზრუნვას ახერხებს.
იგულისხმება ცხინვალის რეგიონში „პრეზიდენტის“ გადადგომა და პრეზიდენტ პუტინის მრჩევლად დანიშვნა, ხოლო მის ადგილზე რუსეთის მოქალაქის მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის არჩევნებში.
აფხაზეთშიც რუსეთის ელჩად იქნა დანიშნული ბელგოროდის გუბერნატორი, რომელიც პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის კირიენკოს თანაგუნდელად ითვლება. აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ახლა ბელგოროდის ოლქი თავადაა ურთულეს მდგომარეობაში უკრაინული დროენების აქტიურობის გამო.
ამ მოვლენების ფონზე ცხინვალის რეგიონში აქტიურად განიხილავენ რუსეთიდან საქართველოში ტვირთების ტრანზიტის საკითხს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით.
პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად პუტინის მიერ დანიშნულმა მარატ კამბულოვმა, რომელიც 18 სექტემბერს პრეზიდენტის არჩევნებში იღებს მონაწილეობას განაცხადა - ჯერ საქართევლომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ცხინვალის გავლით რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტის დაწყებაზე საუბარი.“
ვხედავთ, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანი უჭერს მხარს რუსეთიდან ცხინვალის გავლით საქართველოში ტვირთების ტრანზიტის დაწყებას. ვხედავთ იმასაც რომ ამ თემაზე საჯარო სივრცეში დაწყებულ დისკუსიას ჩვენი ხელისუფლება არანაირად არ ეხმაურება, არადა ფაქტია რომ მოსკოვი სამხრეთ ისეთის ანექსიისათვის ემზადება.
სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თემებზე საქართველოს ხელისუფლების დუმილის რეჟიმში ყოფნა?
- მე ამ ჩამონათვალს რუსეთის კურატორ სერგეი კირიენკოს დავამატებდი, რომელიც საკმაოდ ენერგიულად და კრემლისთვის აქამდე განსხვავებული მიდგომით ახორციელებს რუსეთის იმპერიალისტულ პოლიტიკას ოკუპირებულ რეგიონებში. თუმცა, არც ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორია შემთხვევითი ფიგურა და არც რუსეთის მაღალჩინოსანი მარატ კამბოლოვი.
დავიწყოთ იმით, რომ „ქართული ოცნების“ ე.წ. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთისადმი სრულიად ჩავარდა — რადგან კრემლისთვის საქართველოს ევროპული კურსის ზვარაკივით შეწირვის მიუხედავად, პუტინი არ შეჩერებულა არც ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში, არც ჩვენი მოსახლეობის დაწიოკებაში, არც „ბორდერიზაციასა“ და არც ოფიციალურ თბილისზე ზეწოლაში, რათა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვოს.
გაგახსენებთ იმასაც, რომ მმართველ პარტიას რეალურად არასდროს ჰქონია ქვეყნის გამთლიანებისა და სუვერენიტეტის დაცვის პოლიტიკური ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, 14 წლის მანძილზე რატომ არასდროს განაახლეს ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგია, რატომ მოშალეს სუვერენიტეტის დაცვის მთავარი საყრდენი დასავლელ პარტნიორებთან იზოლაციის გზით, რატომ ამაყობს ირაკლი კობახიძე იმით, რომ არასდროს გასულა საოკუპაციო ხაზთან, ან რატომ დაეთანხმნენ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნას „კოჭლ პარლამენტში“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების ცრუ ბრალდებაზე - მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო საუბრობდა უკრაინის წინააღმდეგ ომზე, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ომის პირდაპირ გაგრძელებად მიიჩნევა.
თუ სამომავლო გზებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის მინიმუმ განხილვა და შეთანხმება არ შედგა, დამარცხდებიან არა მხოლოდ ეს პარტიები, არამედ მთლიანად ქვეყანა - თანაც გრძელვადიან პერსპექტივაში
არის მესამე, ყველაზე სარისკო განზომილებაც: როდესაც ხელისუფლების დუმილი ემთხვევა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, იბადება საფუძვლიანი ეჭვი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე.
ეს არის უმძიმესი პოლიტიკური შეცდომა. რუსეთის იმპერიული ქცევის ლოგიკა ნათლად მოწმობს, რომ კრემლი არ ცნობს „პარტნიორობას“ - მას მხოლოდ სრული ვალიდაცია და მორჩილება სჭირდება.
მმართველ პარტიას რეალურად არასდროს ჰქონია ქვეყნის გამთლიანებისა და სუვერენიტეტის დაცვის პოლიტიკური ნება. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, 14 წლის მანძილზე რატომ არასდროს განაახლეს ქვეყნის დეოკუპაციის სტრატეგია, რატომ მოშალეს სუვერენიტეტის დაცვის მთავარი საყრდენი დასავლელ პარტნიორებთან იზოლაციის გზით
შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობის ფასად ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა საბოლოოდ თავად ამ ძალაუფლების დაკარგვით და ქვეყნის სრული დესუვერენიზაციით სრულდება.
- ცხინვალის ხელისუფლება ქართული მხარისგან დაჟინებით მოითხოვს 2019 წლის აგვისტომდე არსებული სტატუს-კვოს პოზიციებზე დაბრუნებას, ანუ სოფელ ჩოჩანიდან გახარიას დროს აგებული საგუშაგოს დემონტაჟს.
ასეთი განცხადება გააკეთა ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენელმა კოჩიევმა ერგნეთში გამართულ ინციდენტების თავიდან აცილების მექანიზმების შეხვედრაზე, რომელიც ორიოდ დღის წინ გაიმართა.
ჩვენ გვახსოვს მის მიერ არაერთხელ ნათქვამი - ოსურმა მხარემ არა ერთხელ გამოთქვა კმაყოფილება იმის გამო რომ ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გამო. ასევე განცხადებები იმაზე, რაც რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გორში განაცხადა.
როგორ ფიქრობთ, ქართული მხარე შეასრულებს ცხინვალის მოთხოვნას სოფელ ჩოჩანაში ქართული საგუშაგოს დემონტაჟის შესახებ?
- სიზუსტისთვის უნდა ითქვას, რომ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი არათუ საგუშაგოს აღებას ითხოვს, არამედ ამ მონაკვეთს ე.წ. „რესპუბლიკის ტერიტორიად“ მოიხსენიებს.
სწორედ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელეს მათ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრის შემდეგ, ეს განცხადება კი ოფიციალურმა თბილისმა კვლავ დუმილით გაატარა.
ეს გარემოება, თავის მხრივ, ზრდის საფუძვლიან ეჭვს იმის თაობაზე, რომ არსებობს წინასწარი ფარული შეთანხმება ოკუპანტისთვის ჩორჩანას ტყის დათმობის შესახებ - რაც, ბუნებრივია, მხოლოდ ამ მონაკვეთით არ დასრულდება.
მთელი ეს სამარცხვინო, ცალმხრივი „ბოდიშის კამპანია“; წინასაარჩევნოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად ქვეყნის ილუზორული გამთლიანების ნარატივის შექმნა და, პარალელურად, რუსეთის მკაფიო პასუხი იმის შესახებ, რომ მოსკოვი მხოლოდ „სამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ თანაარსებობას მიესალმება - ნათლად აჩვენებს ქართული სახელმწიფოს დესუვერენიზაციის პროცესს.
მმართველმა პარტიამ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების წამოყენებით, ფაქტობრივად დაიწყო ოკუპანტების 2019 წლის მოთხოვნის შესრულება საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით.
როდესაც ხელისუფლების დუმილი ემთხვევა ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს, იბადება საფუძვლიანი ეჭვი ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობის თაობაზე
ამასთან, კიდევ ერთი მოთხოვნის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააუქმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციაც, რითიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შექმნა ასიმეტრია ჩვენს მხარეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ფონზე.
ამ ნაბიჯების სანაცვლოდ კი, თბილისმა მიიღო მხოლოდ გაზრდილი „ბორდერიზაცია“, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები და ფაქტობრივი ანექსიის დაჩქარება.
მმართველმა პარტიამ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების წამოყენებით, ფაქტობრივად დაიწყო ოკუპანტების 2019 წლის მოთხოვნის შესრულება საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით
- ამ მოვლენების პარალელურად ქართულ საჯარო სივრცეში ხშირად გვესმის მსჯელობები იმაზე რომ ქართულ მხარეს მოუწევს აფხაზებთან და სამხრეთელ ოსებთან ერთად კონფედერაციულ სახელმწიფოზე ფიქრი.
ეს იდეა არახალია. მასზე ბევრიც თქმულა და დაწერილა. გვახსოვს საუბრები ამ იდეის რეალიზაციის პირობად დევნილთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნების აუცილებლობაზე.
ახლა ვითარება რადიკალურად შეცვლილია. აფხაზეთში ე.წ. აპარტამენტების და არა მიწის შეძენის უფლება დართეს რუსეთის მოქალაქეებს. ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ რომ ეს პროცესი აფხაზეთში საკმაოდ აქტიურად და წარმატებითაც კი მიმდინარეობს. გარდაც ამისა, თვალს ვადევნებთ საუბრებს იმაზე, რომ არაა გამორიცხული უკრაინა-რუსეთის ომის გამო აფხაზეთში ჩავიდნენ უკრაინა-რუსეთის ომის მსვლელობისას დაზარალებულები რუსეთის მოქალაქები.
დამკვირვებელთა ნაწილი შენიშნავს, ფაქტია, რომ მოსკოვი ჩქარობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხში „გარკვეული სამართლებრივი წინსვლა“ და საქართველოსთან შედარებით უპირატესობები ჰქონდეს.
შესაძლოა, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებამდე, კარგიც კი იყოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ტაქტიკური მოსაზრებებით დუმილი. მაგრამ, სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ ამ კრიტიკულ ვითარებაში ევროპელ პარტნიორებთან მიმართებაში ზურგშექცეულები ვდგავართ.
ცალკე თემაა ასევე ის, თუ რატომ ცდილობენ გარკვეული პირები, საქართველოს კონფედერაციულ მოწყობაზე საუბარს.
რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს? ხომ არ ჰგაქვს ეს იმ ეტლის წინ აჩქარებულად უაზროდ მოძრაობას, რომლის მომავალი უცნობია, ისევე როგორც ის, საბოლოოდ, ის სად გაჩერდება, ანაც სად გადაიჩეხება?
- რუსეთის მიზანი მხოლოდ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის პირდაპირი მიერთება აქამდე არასდროს ყოფილა - მიუხედავად იმისა, რომ მან უკრაინის ოკუპირებული ყირიმის ანექსია განახორციელა.
რუსეთი ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ინსტრუმენტალიზაციას ბოლო 30 წელია ცდილობს, რათა დანარჩენი საქართველო საკუთარი გავლენის სფეროში დააბრუნოს. ამ სურვილს უკავშირდებოდა, მათ შორის, რუსეთის მიერ შეთავაზებული კონფედერაციის ძველი მოდელი, რაც ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან გვახსოვს საქართველოში, მოგვიანებით კი - მოლდოვაში, „კოზაკის მემორანდუმის“ სახელით.
ამიტომ სულაც არ მიკვირს, რატომ აბრუნებენ გარკვეული ჯგუფები რუსეთის ამ ძველ პარადიგმას დღესაც. კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს; ხოლო თუ ქვეყანა ოდესმე მაინც დაუბრუნდება სუვერენულ, ცივილიზაციურ გზას, ხელში საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააუქმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციაც, რითიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შექმნა ასიმეტრია ჩვენს მხარეს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ფონზე
თუმცა, აუცილებელია შევხედოთ თანამედროვე, შეცვლილ გეოპოლიტიკურ რეალობასაც, რაც ნამდვილად არ ვითარდება რუსეთის სასარგებლოდ — ამას უკრაინის წინააღმდეგ გაწელილი ომი, კრემლის სტრატეგიული მარცხი და სამხრეთ კავკასიაში (სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით) მისი გავლენების მკვეთრი შემცირება მოწმობს.
სწორედ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო რუსეთმა ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა. ოკუპირებულ ცხინვალთან 9 მაისის ე.წ. „შეთანხმება“ და რუსეთის ღია, პირდაპირი მმართველობა იქ საკუთარი მაღალჩინოსნის, მარატ კამბოლოვის მეშვეობით, აჩვენებს რუსეთის მიდგომის ცვლილებას — ისევე, როგორც მისი ურთიერთობების დათბობას „ქართული ოცნების“ მთავრობასთან, დასავლეთისგან საქართველოს იზოლაციის პარალელურად.
რუსეთს ცხინვალის რეგიონის ანექსია გამზადებული აქვს და ამ გადაწყვეტილების გამოცხადება მხოლოდ შესაძლო სხვა ფრონტებზე განცდილი მარცხის კომპენსირებისთვის სჭირდება. თუმცა, საბოლოო ნაბიჯს მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომის დინამიკის, დასავლეთის რეაგირებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგობის უნარის (იქნება ის მძლავრი თუ გაუვნებელყოფილი) გათვალისწინებით გადადგამს.
კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხოლო თუ ქვეყანა ოდესმე მაინც დაუბრუნდება სუვერენულ, ცივილიზაციურ გზას, ხელში საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ამ ფონზე კი მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად მზად არის ქართული საზოგადოება, წინ აღუდგეს რუსეთის ამ მზაკვრულ გეგმებს მაშინ, როდესაც ხელისუფლება, ერთი მხრივ, დასავლეთს აშორებს ქვეყანას, ხოლო, მეორე მხრივ — მინიმუმ დუმილით ხვდება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას?
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი