გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე, ახალ პოლიტიკურ სეზონზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამოცანებსა და დღის წესრიგებზე, ასევე მათი რეალიზაციის შესაძლებლობებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, პარლამენტის საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს გაიხსნა და საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომაც გაიმართა.

გრილი ზაფხულის მიუხედავად პოლიტიკური თვალსაზრისით ზაფხული საკმაოდ „ცხელი“ აღმოჩნდა. ვგულისხმობს მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებს, ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

რადგან პოლიტიკური სეზონი პრაქტიკულად დაწყებულია, მთავარია გავერკვე­თ, როგორი პოლიტიკური გარემოთი შეხვდა ქვეყანა ახალ პოლტიკურ სეზონს, როგორი შედეგებით შეხვდა მას მმართველი „ქართული ოცნების“ გუნდი და ოპოზიცია, სავარაუდოდ, როგორი დღის წესრიგი ექნება მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ სპექტრს.

მმართველი გუნდი კი გვიმტკიცებს, რომ ეკონომიკაში მაღალი ზრდა გვაქვს, მაგრამ, ცოტა ვინმე თუ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად მიბმულია რუსულ ეკონომიკას, რომელსაც დღეს ისე უჭირს, როგორც სსრკ-ს დაშლიდან არასდროს.

როგორი პოლიტიკური გარემოთი, პოლიტიკური და ეკონომიკური პარამეტრებით შეხვდა ქვეყანა ახალ პოლტიკურ სეზონს?

- ახალ პოლიტიკურ სეზონში ჩვენ არა ნორმალური პოლიტიკური ციკლის, არამედ გახანგრძლივებული კრიზისის ლოგიკით შევდივართ. „ქართული ოცნება“ საშემოდგომო სესიას ფორმალურად ყველა ბერკეტით ხელში ხვდება - მათ ხელში, ერთპიროვნულად, არის პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ ამავდროულად ლეგიტიმაციის დეფიციტით.

ამ სეზონში ოპოზიციაზე ზეწოლის გაძლიერების გარდა, რაც უკვე წლებია მიმდინარეობს, ჩვენ დავინახავთ „ოცნების“ მცდელობას გადავიდნენ ოპოზიციის „მართვიდან“ მის ინსტიტუციურ აღმოფხვრაზე.

პარტიების აკრძალვის საქმე, ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებები, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო სექტორის სისტემური შევიწროება ერთი და იმავე ავტორიტარული ლოგიკის ნაწილია: ოცნებას პოლიტიკური კონკურენტების არა დამარცხება, არამედ მათი აღმოფხვრა სურს, და ეს ძალის ნიშანი ნამდვილად არ არის - ხელისუფლება, რომელსაც საკუთარ საარჩევნო უპირატესობაში სჯერა, მოწინააღმდეგეების აკრძალვას არ ცდილობს.

ახალ პოლიტიკურ სეზონში ჩვენ არა ნორმალური პოლიტიკური ციკლის, არამედ გახანგრძლივებული კრიზისის ლოგიკით შევდივართ. „ქართული ოცნება“ საშემოდგომო სესიას ფორმალურად ყველა ბერკეტით ხელში ხვდება - მათ ხელში, ერთპიროვნულად, არის პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო, საარჩევნო ადმინისტრაცია, მაგრამ ამავდროულად ლეგიტიმაციის დეფიციტით

რაც შეეხება თავად „ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს, აქ ვხედავთ ორ, თითქოს გამომრიცხავ სურათს: თითქოს ხდება ავტორიტარული კონსოლიდაცია, გადაწყვეტილების მიღების წრე ვიწროვდება, პარტია თანდათან წყვეტს პარტიად ყოფნას და აპარატად, ერთგულების იერარქიად გარდაიქმნება, სადაც ერთი ადამიანის მიმართ ლოიალობა ხდება ძირითადი ვალუტა, მაგრამ, ამავდროულად, აშკარად ვხედავთ მონოლითის რღვევას - და ამაში უდიდესი როლი ირაკლი ღარიბაშვილს მიუძღვის.

ერთ კაცზე აშენებული სისტემა მოკლევადიან პერსპექტივაში მართვადია, გრძელვადიანში კი მყიფე - რადგან მას აღარ აქვს შიდა უკუკავშირის მექანიზმი საზოგადოებასთან, მაგრამ მაინც ახერხებს დომინირებას, მხოლოდ ძალის ხარჯზე.

ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს ოპოზიციური სპექტრის შემთხვევაში - ლიდერების ნაწილი ციხეშია, პარტიების არსებობა სამართლებრივად კითხვის ნიშნის ქვეშაა, ხოლო სტრატეგიული დილემა - ქუჩა, ინსტიტუციური წინააღმდეგობა თუ მონაწილეობა იმ პროცესებში, რომელთა წესებსაც ქართული ოცნება წერს - დღემდე გადაუწყვეტელია.

სწორედ ამ დილემაზე პასუხი განსაზღვრავს, ოპოზიციას საშემოდგომო სეზონში საკუთარი დღის წესრიგი ექნება თუ კვლავ ხელისუფლების ნაბიჯებზე რეაგირებით შემოიფარგლება.

თითქოს ხდება ავტორიტარული კონსოლიდაცია, გადაწყვეტილების მიღების წრე ვიწროვდება, პარტია თანდათან წყვეტს პარტიად ყოფნას და აპარატად, ერთგულების იერარქიად გარდაიქმნება, სადაც ერთი ადამიანის მიმართ ლოიალობა ხდება ძირითადი ვალუტა, მაგრამ, ამავდროულად, აშკარად ვხედავთ მონოლითის რღვევას - და ამაში უდიდესი როლი ირაკლი ღარიბაშვილს მიუძღვის

ეკონომიკაც ასეთ ორგვაროვან, ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. ზრდის მაჩვენებელი და ეკონომიკის სიჯანსაღე ერთი და იგივე არ არის. ის ზრდა, რომლითაც ხელისუფლება ამაყობს, ძირითადად არა შიდა პროდუქტიულობის, არამედ შუამავლობის ეკონომიკის შედეგია - რეექსპორტი, ტრანზიტი, ფულადი გზავნილები, სამხედრო ესკალაციის ფონზე რეგიონში გადმონაცვლებული კაპიტალი, მიწოდების ჯაჭვები და ადამიანური ნაკადები. ეს არის დროებითი, არამდგრადი შემოსავალი, რომელიც ომმა და სანქციებმა შექმნა, და მას არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკის რეალურ, სტრუქტურულ განვითარებასთან.

ამასთან, ამ ნაკადების მნიშვნელოვანი ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად რუსულ ეკონომიკაზეა მიბმული - იმ ეკონომიკაზე, რომელიც დღეს სამხედრო ხარჯების, სანქციებისა და ენერგორესურსებზე შემცირებული შემოსავლების წნეხის ქვეშ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ყველაზე რთულ მდგომარეობაშია.

ანუ დღეს საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობა მიბმულია ისეთ ხომალდს, რომელიც თავად იძირება. ამას ემატება ის, რომ დასავლური საინვესტიციო, სავაჭრო და ინსტიტუციური ღუზა - ევროპული პერსპექტივა, ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობა - ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად შესუსტდა.

დღეს საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობა მიბმულია ისეთ ხომალდს, რომელიც თავად იძირება. ამას ემატება ის, რომ დასავლური საინვესტიციო, სავაჭრო და ინსტიტუციური ღუზა - ევროპული პერსპექტივა, ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობა - ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვნად შესუსტდა

შედეგად, ქვეყანა ახალ სეზონს ისეთი ეკონომიკური მოდელით ხვდება, რომელიც კარგად გამოიყურება სტატისტიკურ ცხრილში, მაგრამ ერთი გარე შოკის მოშორებითაა მოწყვლადობისგან.

ამას ემატება ეკონომიკაზე მიბმული პოლიტიკური ვალდებულებები - რუსეთთან „ბიზნესს“, როგორც ეშმაკთან გარიგებას, ყოველთვის აქვს მოულოდნელი და მიუღებელი ფასი, რისი გადახდაც აუცილებლად მოგვიწევს.

- მოდით, საუბარი გავაგრძელოთ ქართული პოლიტიკის მთავარ, ორგანიზაციულად ძლიერი და მდიდარი „ქართული ოცნებით“, რომელსაც ზურგს ადმინისტრაციული რესურსი უმაგრებს.

რა ტიპის პოლიტიკური შედეგებით და როგორ პოლიტიკურ ფორმაში შეხვდა ახალ პოლიტიკურ სეზონს „ქართული ოცნება“?

- ორგანიზაციული სიძლიერით, ფინანსური რესურსით და ადმინისტრაციული აპარატით „ქართული ოცნება“ დღეს ქართული პოლიტიკის ერთადერთი სრულფასოვანი მანქანაა - ისევე, როგორც ოდესღაც კომუნისტური პარტია. „ოცნება“ სეზონს მაქსიმალური ინსტიტუციური კონტროლით ხვდება, მაგრამ ეს კონტროლი მოპოვებულია არა პოლიტიკურ კონკურენციაში გამარჯვებით, არამედ კონკურენტების ჩახსნით. ესეც შედეგია, ოღონდ სპეციფიკური.

სწორად ამიტომ ხედავთ პარადოქსს - რაც უფრო მეტ ბერკეტს იმორჩილებს „ქართული ოცნება,“ მით უფრო აღელვებულია მისი რიტორიკა და მით უფრო ხშირად მიმართავს რეპრესიულ ინსტრუმენტებს.

რაც უფრო მეტ ბერკეტს იმორჩილებს ქართული ოცნება,მით უფრო აღელვებულია მისი რიტორიკა და მით უფრო ხშირად მიმართავს რეპრესიულ ინსტრუმენტებს

ზაფხულის მთავარი მოვლენა - ირაკლი ღარიბაშვილის საქმე, უფრო სწორად კი წერილებში გამოჟონილი ინფორმაცია - გვაჩვენებს, რომ ეს ერთგვაროვნად გამოკვეთილი მონოლითი შიგნიდან ჩამპალია.

გავიხსენოთ თანმიმდევრობა: იანვარში ყოფილი პრემიერ-მინისტრი საპროცესო შეთანხმებით ხუთი წლით ციხეში მიდის; აპრილში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ათი წლით ისჯება, აგვისტოში ღარიბაშვილი ციხიდან წერილებს აქვეყნებს და ირიბად ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ მისგან არარსებული დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ და მამას ემუქრებოდნენ. რამდენიმე დღეში კი მას ახალი, ქრთამის აღების ბრალდება წაუყენეს, რომელიც უკვე თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როდესაც „ოცნების“ გუნდის ლიდერები საკუთარ ყოფილ პრემიერს საჯაროდ „აღიარებულ დამნაშავეს“ უწოდებენ, „ქვეყნის მტრების“ გვერდით აყენებენ, პარტიასთან დაახლოებული მედია კი მას „საფრანგეთის აგენტს“ არქმევს - ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმი ერთადერთი კატეგორიით აზროვნებს, გადავიდა პარანოიდალურ მმართველობაში და ყველგან და ყველაში „მოღალატე“ ელანდება.

ამიტომ, კითხვაზე „როგორ ფორმაშია ოცნება“, პასუხი ასეთია: იმაზე უკეთესში, ვიდრე მის ოპონენტებს სურთ, მაგრამ გაცილებით უარესში, ვიდრე მის მომხრეებს გონიათ.

კითხვაზე „როგორ ფორმაშია ოცნება“, პასუხი ასეთია: იმაზე უკეთესში, ვიდრე მის ოპონენტებს სურთ, მაგრამ გაცილებით უარესში, ვიდრე მის მომხრეებს გონიათ

მოწინააღმდეგე მას პრაქტიკულად აღარ ჰყავს - ყველა ან დაჭერილია, ან განადგურებულია. „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია.

ასეთი კონსტრუქცია ხისტია: ის უძლებს ზეწოლას მხოლოდ მანამ, სანამ კონკურენტი, ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ერთბაშად იბზარება, როდესაც ძალის აღქმა ინაცვლებს.

„ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია

ამას ემატება უზარმაზარი პროპაგანდისტული ფასიც: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას ყოველთვის უმტკიცებდა, რომ კორუფცია და ღალატი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „გლობალურ ომის პარტიაშია“, ახლა კი აღმოჩნდა, რომ მრავალმილიონიანი სქემები საკუთარ თავდაცვის სამინისტროში იყო.

ახალ სეზონში სწორედ ეს იქნება „ოცნების“ ყველაზე რთული ამოცანა - არა ოპოზიციასთან, არამედ საკუთარ თავთან გამკლავება.

- ზაფხულში მმართველ გუნდში განვითარებული პროცესები იმაზე მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ადგილი ჰქონდა შიდა გარჩევებს.

მხედველობაში მაქვს მმართველ გუნდის ლიდერის მამუკა მდინარაძის ჯერ სუს-ის უფროსად დანიშვნა, 8 თვეში ლეინტენატიდან გენერალ-მაიორად გახდომა, შემდეგ, უპორთფელო სახელმწიფო მინისტრად გამწესება, შემდეგ კი დააანონსდა მისი რეგიონალური საკითხებში მინისტრობა, მან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თათბირებიც კი ჩაატარა, მაგრამ, მეორე დღეს განაცხადა რომ მინისტრობიდანაც და პოლიტიკიდანაც მიდის.

ციხეში მყოფი ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოგზავნილმა წერილებმა ცხადად დაგვანახა რომ მმართველ პარტიაში შიდა გარჩევები არა თუ არ სრულდება, გრძელდება და არავინ იცის მას რა სამართლებრივი და პოლიტიკური გაგრძელებები შეიძლება მოჰყვეს.

სამართლებრივი იმიტომ რომ ექს-პრემიერმა ღარიბაშვილმა კობახიძე-მდინარაძის ტანდემი მკვლელობებშიც კი დაადანაშაულა. თუმცა, ამის შემდეგ პროკურატურამ ღარიბაშვილი დაკითხა და პროკურორმა განმარტა რომ ექს-პრემიერი მის მიერ წერილში ნახსენებ მკვლელობებზე ინფორმაციას არ ფლობს, ხოლო რაც შეეხება ჯორბენაძის გარდაცვალებას, პროკურატურისთვე მტკიცებით, მისი „თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებულია.“

თქვენ როგორ შეაფასებდით მმართველ გუნდში ექს-პრემიერის წერილების საჯარო სივრცეში მოხვედრის ფაქტებს და სავარაუდოდ, ისინი, რაზე შეიძლება მეტყველებდნენ?

- ირაკლი ღარიბაშვილს ამოეწურა იმედი, რომ შეძლებდა, როგორც თავად ამბობს, კობახიძე-მდინარაძის გუნდთან შეთანხმებას და სცადა ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიპყრობა. იგი არის ამ წერილების მთავარი ადრესატი, და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ღარიბაშვილმა მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და გამახვილება. საბოლოო ჯამში, არავის, არც ოპოზიციას, არც მის წინამორბედებს, არ მიუყენებია „ქართული ოცნებისთვის“ ისეთი დარტყმა, როგორიც მოახერხა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და გამახვილება. საბოლოო ჯამში, არავის, არც ოპოზიციას, არც მის წინამორბედებს, არ მიუყენებია ქართული ოცნებისთვის ისეთი დარტყმა, როგორიც მოახერხა ირაკლი ღარიბაშვილმა

მდინარაძის ტრაექტორია ამავე ტრაგედიის ნაწილია და ის დამოუკიდებლად არც უნდა განვიხილოთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რვა თვეში ლეიტენანტიდან გენერალ-მაიორი, შემდეგ ვიცე-პრემიერი და სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრი, შემდეგ რეგიონული განვითარების მინისტრი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთში თათბირებს ატარებს - და მეორე დღეს არა უბრალოდ თანამდებობიდან, არამედ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის, ოჯახური მიზეზების მოტივით.

ეს მანევრები არ არის პოლიტიკური ტრაექტორიის ნაწილია, გამოსავალის ძებნის მცდელობაა - თან, ზუსტად მაშინ, როდესაც ექს-პრემიერი მას ივანიშვილის დავალებით შუამავლობაში ამხელს. ქართულ საზოგადოებას, ტრადიციულად, ასეთი დამთხვევების არ სჯერა.

რასაც ეს ყველაფერი ჯამში მეტყველებს, ჩემი აზრით, ასეთია: „ქართულ ოცნებაში“ დღეს არსებული დაპირისპირება არც იდეოლოგიურია და არც პროგრამული - ის იმაზეა, თუ ვის „შეეტენება“ პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულებზე. სისტემას, რომელსაც წაშლილი აქვს შიდა დავების მოგვარების ინსტიტუციური მექანიზმები - არც რეალური პარტიული ყრილობა აქვს, არც შიდა კონკურენცია, არც პარტიული ცენტრისგან დამოუკიდებელი სასამართლო - ასეთი დავები აუცილებლად სისხლის სამართლის საქმეების, ციხიდან გამოგზავნილი წერილებისა და უეცარი გაუჩინარებების სახით გვარდება.

ქართულ ოცნებაშიდღეს არსებული დაპირისპირება არც იდეოლოგიურია და არც პროგრამული - ის იმაზეა, თუ ვის „შეეტენება“ პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულებზე

ანუ პოლიტიკური კონფლიქტის მენეჯმენტმა პარლამენტიდან პროკურატურასა და საპატიმროში გადაინაცვლა, რაც გასული საუკუნის 30-იან წლებს გვაგონებს.

- ახალი პოლიტიკური სეზონის პირველივე დღეებში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც მრავლად აკეთეს განცხადებები.

ამ განცხადებებში ახალია ბევრი არც არაფერია, მაგრამ მაინც ღურს მათი გახსენება - „ევროპელებმა ვერ შეძლეს ქართველ ხალხზე ზემოქმედება, ამიტომ ევროპამ საქართველო ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც ის ახლაა.“.

მმართველი გუნდის ლიდერები აშშ-საგან მოითხოვენ საქართველოსთან „სუფთა ფურცლიდან“ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. მისივე მტკიცებით, საქართველოს აშშ-თან ურთიერთობის „პოზიტიური დინამიკა აქვს“.

არადა, გვახსოვს ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები თავად შეაჩერა. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ევროპულ მიმართულებას, ცხადადაც კი ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“, ბევრი იღვაწა იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მიმართულება რეალობად არ ქცეულიყო.

თქვენი შეფასებით, ახალ პოლიტიკურ სეზონზე, სავარაუდოდ, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა?

- „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა უკვე დიდი ხანია აღარ არის საგარეო პოლიტიკა კლასიკური გაგებით - ის რეჟიმის შენარჩუნების ფუნქციად იქცა და ორ სხვადასხვა აუდიტორიაზეა გათვლილი. შიდა მომხმარებლისთვის საჭიროა ნარატივი, რომ ევროპული გზა არ მიგვიტოვებია, „უბრალოდ“ „ევროპამ გვიღალატა“; დასავლელი პარტნიორებისთვის კი საჭიროა ტრანზაქციული დეესკალაცია რეფორმის გარეშე. ფორმულა „ევროპამ საქართველო ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც არის“ ზუსტად ამის ლინგვისტური გამოხატულებაა: შენარჩუნდეს ევროინტეგრაციის ფასადი, ოღონდ მთლიანად მოიხსნას მისი შინაარსი. ეს კი შეუძლებელია - ევროკავშირში გაწევრიანება პირობითობის გარეშე არ არსებობს, რადგან თავად გაწევრიანება პირობითობაა. შესაბამისად, ეს განცხადება ევროპისადმი მიმართვა კი არა, ევროპული გზიდან გასვლის შემდგომი თვითგამართლებაა.

შიდა მომხმარებლისთვის საჭიროა ნარატივი, რომ ევროპული გზა არ მიგვიტოვებია, „უბრალოდ“ევროპამ გვიღალატა“; დასავლელი პარტნიორებისთვის კი საჭიროა ტრანზაქციული დეესკალაცია რეფორმის გარეშე. ფორმულაევროპამ საქართველო ისეთი უნდა მიიღოს, როგორიც არისზუსტად ამის ლინგვისტური გამოხატულებაა: შენარჩუნდეს ევროინტეგრაციის ფასადი, ოღონდ მთლიანად მოიხსნას მისი შინაარსი

ამერიკულ მიმართულებაზეც ანალოგიური სურათია. აშშ-გან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების მოთხოვნა იმ მთავრობისგან, რომლის დამფუძნებელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება და რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია თავად ვაშინგტონმა შეაჩერა, სერიოზული დიპლომატიური წინადადება არ არის. ეს არის ხვეწნა, რომ პასუხისმგებლობა ჩამოიწეროს ქცევის შეცვლის გარეშე.

აშშ-გან ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან“ დაწყების მოთხოვნა იმ მთავრობისგან, რომლის დამფუძნებელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება და რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია თავად ვაშინგტონმა შეაჩერა, სერიოზული დიპლომატიური წინადადება არ არის. არის ხვეწნა, რომ პასუხისმგებლობა ჩამოიწეროს ქცევის შეცვლის გარეშე

ის, რასაც მმართველი გუნდი „პოზიტიურ დინამიკას“ უწოდებს, სინამდვილეში პოლიტიკის ცვლილება კი არა, ახალი ზეწოლის არარსებობაა.

MEGOBARI-ს კანონპროექტის თაროზე შემოდება დიპლომატიური მიღწევა არ ყოფილა - ეს კერძო ლობისტური ინტერესების შედეგი იყო და არა იმის აღიარება, რომ თბილისში რაიმე გამოსწორდა. როგორც ჩანს, „ოცნების“ შიგნით ტაქტიკური შესვენება სტრატეგიულ წარმატებად აღიქვეს. სწორედ იმ პერიოდში, როცა ვაშინგტონთან „განახლებაზე“ საუბრობდნენ, ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა, ჩინეთის ყოფილ ელჩს კი „ოქროს საწმისის“ ორდენი ჩამოკიდეს.

მიმართულების შესახებ კითხვას ეს მარტივი ფაქტებიც პასუხობს.

ამიტომ ახალ პოლიტიკურ სეზონში საგარეო პოლიტიკაში შინაარსობრივი ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია, გაგრძელდება ტონის მართვა. გავიგონებთ „სუვერენიტეტისა“ და „ღირსების“ გაძლიერებულ რიტორიკას, „დიფსტეიტისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ ბრალდებებს, პარალელურად კი მცდელობებს, შერჩევითად გაიხსნას ტრანზაქციული არხები - ევროპის ცალკეულ დედაქალაქებთან, რომლებიც ბრიუსელის კონსენსუსს არ იზიარებენ, ასევე ჩინეთთან, ყურის ქვეყნებთან და ცენტრალურ აზიასთან.

ახალ პოლიტიკურ სეზონში საგარეო პოლიტიკაში შინაარსობრივი ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია

ეს არის დროის ყიდვის სტრატეგია იმ იმედით, რომ ევროპის ინსტიტუციური ყურადღება სხვაგან გადაინაცვლებს. მთავარი რისკი კი, „ოცნებას“ აქვს, უვიზო მიმოსვლის საკითხია: დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ის უკვე შეჩერებულია და ბრიუსელში სულ უფრო ხმამაღლა ისმის საუბარი მისი სრულად შეჩერების შესახებ. „ოცნების“ გათვლა მარტივია - ევროპა ვერ გაბედავს, ხელისუფლების ნაცვლად საზოგადოება დასაჯოს. ეს არის ფსონი ევროპულ დაყოვნებაზე, და თუ ეს ფსონი არ გამართლდა, სწორედ ის ერთადერთი ბერკეტი ამოქმედდება, რომელიც ქართველ ამომრჩეველს პირდაპირ შეახსენებს, რა ფასის გადახდა გვიწევს ამ, სრულიად არაადეკვატურ, საგარეო პოლიტიკაში.

- რადგან „ქართული ოცნება“ გეორგიოვსკის ტრაქტატზე და რუსეთზე დრო და დრო, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანაზე განცხადებებს ხშირად აკეთებს, ამ თემასაც ვერ ავუვლით გვერდს.

ვითარებაში, როცა რუსეთი ყოველ დღე ბომბავს, საქართველოში პუტინის რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატი -2 -ის მსგავს შეთანხმებაზე საუბრობენ. და ეს მაშინ, როცა ბევრი ვარაუდობს რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოახდენს.

ბევრი დარწმუნებულია, რომ სამხრეთ ოსეთის ანექსიის თემით კრემლი თბილისზე ზეწოლას ახდენს, და თბილისისაგან მოღცილებას მოითხოვს.

ბოლო პერიოდში რუსეთზე დადებით კონტექსტსა და გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავს შეთანხმებაზე მსჯელობები, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს?

- პირველ რიგში, უნდა ვთქვათ პირდაპირ: ეს ისტორიული დისკუსია არ არის. სახელმწიფოები ისტორიოგრაფიულ კამათს პრემიერ-მინისტრის პირით არ აწარმოებენ.

როდესაც მთავრობის მეთაური 1783 წლის ტრაქტატს „ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებს და მეორე დღეს ეს განცხადება პრორუსული ფლანგის მიერ „გეორგიევსკის ტრაქტატი-2“-ის იდეის ლეგიტიმაციად იკითხება, ამ ტექსტის ფუნქცია სწორედ ამით ვლინდება: უნდა შევაფასოთ არა ის, ვინ რა თქვა, არამედ ის, ვინ აიტაცა ნათქვამი.

ამის დანიშნულება ერთია: საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ რუსეთთან შეთანხმება ქართული სახელმწიფოებრიობის პრაგმატული ტრადიციაა და არა კაპიტულაცია. ეს კლასიკური მოსამზადებელი ნარატივია - ჯერ ისტორიული პრეცედენტი „რეაბილიტირდება“, შემდეგ კი ეს „რეაბილიტირებული ღალატი“ თანამედროვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მორალურ საფარველად მოერგება.

საზოგადოებრივი აზრის მომზადება, რომ რუსეთთან შეთანხმება ქართული სახელმწიფოებრიობის პრაგმატული ტრადიციაა და არა კაპიტულაცია. ეს კლასიკური მოსამზადებელი ნარატივია - ჯერ ისტორიული პრეცედენტი „რეაბილიტირდება“, შემდეგ კი ეს „რეაბილიტირებული ღალატი“ თანამედროვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მორალურ საფარველად მოერგება

მეორე გეორგიევსკის ტრაქტატი ისტორიულად უკვე შეფასებულია, და არა დღევანდელი ოპოზიციის, არამედ ივანე ჯავახიშვილის მიერ, ჯერ კიდევ 1919 წელს. ჯავახიშვილმა თავის მონოგრაფიაში სწორედ ის დაასაბუთა, რასაც დღეს კვლავ გვიწევს გავიმეოროთ: რომ ტრაქტატმა საქართველოს სარგებელი არ მოუტანა და მდგომარეობა შეუდარებლად გააუარესა; რომ 1787 წელს, როცა ერეკლე მეორეს სწორედ ის დაპირებული დაცვა დასჭირდა, ბურნაშოვის რუსული ჯარი უბრალოდ გაიპარა; და რომ ამ გზის ბუნებრივი დასასრული 1801 წელს ქართული სამეფოს გაუქმება იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჯავახიშვილმა ზუსტად „მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობის“ მოტივი დაასახელა იმ ბერკეტად, რომლითაც ქართული მხარის ნდობა მოიპოვეს და შემდეგ გამოიყენეს. ანუ დღეს ჩვენ ისევ იმავე ინსტრუმენტს გვთავაზობენ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მისი შედეგი წინასწარ ვიცით.

მესამე და ყველაზე მთავარი - გეორგიევკის ტრაქტატის თემის გაოცხლება თავისით არ ხდება, ის რუსული ზეწოლის არქიტექტურის ნაწილია. ცხინვალის ფორმალური ანექსიის პერსპექტივა, განსაკუთრებით რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კრემლისთვის იმდენად მიზანი არ არის, რამდენადაც ბერკეტი: მოსკოვს ცხივალის რეგიონის ანექსია კი არა, თბილისის შიში სჭირდება ანექსიის წინაშე - და ამ შიშის ფასად გადახდილი დათმობები. კრემლი დღეს ითხოვს საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობას, რუსულ ფარვატერში ჩადგომას, დასავლური ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და ფორმალიზებულ ჩარჩოს, რომელიც საქართველოს რუსულ ორბიტაში დაფიქსირდება.

მოსკოვს ცხივალის რეგიონის ანექსია კი არა, თბილისის შიში სჭირდება ანექსიის წინაშე - და ამ შიშის ფასად გადახდილი დათმობები. კრემლი დღეს ითხოვს საგარეო პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობას, რუსულ ფარვატერში ჩადგომას, დასავლური ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და ფორმალიზებულ ჩარჩოს, რომელიც საქართველოს რუსულ ორბიტაში დაფიქსირდება

აქ კი ინტერესები ემთხვევა: დასავლეთისგან იზოლირებულ და შიდა ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ხელისუფლებას სჭირდება მფარველი, რომელიც არჩევნებზე კითხვებს არ დასვამს.

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ რუსეთზე პოზიტიური კონტექსტი ემოცია ან ისტორიული ნოსტალგია არ არის - ეს ფასის შეთანხმების საწყისი ეტაპია. ისტორიულად არცერთ ასეთ შეთანხმებას საქართველოსთვის ერთი მტკაველი მიწაც კი არ დაუბრუნებია, პირიქით - მიწასაც ვკარგავდით, და სახელმწიფოებრიობასაც.

რუსეთზე პოზიტიური კონტექსტი ემოცია ან ისტორიული ნოსტალგია არ არის - ეს ფასის შეთანხმების საწყისი ეტაპია

- „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსულ პარტიად მიიჩნება, მაგრამ, რადგან ეს პარტიაც ოპოზიცირი პარტიაა, უნდა გავიხსენოთ ამ პარტიის ერთ ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებაც ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე.

ამას წინათ, ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თქვა, რომ მას პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა ექსპრემიერ ღარიბაშილთან. მეტიც, მან ღარიბაშვილს შესთავაზა თუ ის პოლიტიკურ ბრძოლას გააგრძელებს, „პატრიოტთა ალიანსი“ მას, როგორც თავის თანამებძოლს, გვერდით დაუდგება.

გასაგებია, რომ ექს-პრემიერი ღარიბაშვილი ციხეში ზის, და ძნელი წარმოსადგენია რომ მას თავისუფლად მოქმედების დიდი არჩევანი ჰქონდეს. სავარაუდოდ, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ციხეში მყოფი ღარიბაშვილის თანამშრომლობას „პატრიოტთა ალიანსთან“?

- ამ შემოთავაზების რეალური პერსპექტივა, ვფიქრობ, მინიმალურია - ციხეში მყოფ ადამიანს, რომელსაც ახალი ბრალდებით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება, პოლიტიკური მანევრის სივრცე პრაქტიკულად არ აქვს, და ნებისმიერი ღია პარტიული ალიანსი მისთვის რესურსი კი არა, რეჟიმის ხელში დამატებითი არგუმენტი გახდება.

ამიტომ აქ საინტერესო არა შედეგია, არამედ თავად ფაქტი, რომ ასეთი შემოთავაზება საჯაროდ გაკეთდა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ იმდენად ჩაიკეტა, რომ დღეს მისგან დისტანცირებულია ქართული პოლიტიკური სპექტრის ის ფლანგიც კი, რომელიც მას მსოფლმხედველობრივად ყველაზე ახლოს იდგა; როცა შენს ყოფილ პრემიერს „თანამებრძოლად“ პრორუსული ოპოზიცია იბარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური წრე უკიდურესად შეიკუმშა და მოკავშირე აღარავინ დარჩა - არც მარჯვნივ, არც მარცხნივ, არც ზემოთ, და არც - ქვემოთ.

ოპოზიციას სჭირდება არა იმდენადგაერთიანება“, რომელზეც ათი წელია ვსაუბრობთ, რამდენადაც მოკლე და შემოწმებადი საერთო კონტრაქტი: რა მოხდება პირველ თვეებში - რა ვადაში ჩატარდება არჩევნები, როგორ აღდგება სასამართლო, რა იქნება და რა არ იქნება პასუხისმგებლობის საკითხი

„პატრიოტთა ალიანსისთვის“ კი ეს ოცნების გაწბილებულ ამომრჩეველზე პარაზიტირების მცდელობაა. აქ გამოჩნდება, რა რესურსი აქვს „პატრიოტთა ალიანსს“ სახელმწიფოს ზურგის გარეშე, რომელიც ღარიბაშვილის დროს ასე უხვად ჰქონდა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რესურსი იმაზე მცირე აღმოჩნდება, ვიდრე მისი დამფუძნებლები ელიან - ამ პარტიის ისტორიული შედეგები ორგანული საზოგადოებრივი მხარდაჭერის კი არა, სისტემის მხრიდან ნებადართული კვოტა იყო.

თუ ის ახლა ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციაზე გადადის, სავარაუდოდ, ძალიან სწრაფად აღმოაჩენს, რომ იგივე ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, მის წინააღმდეგაც შესანიშნავად მუშაობს.

თუმცა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ღარიბაშვილის ფიგურამ მისცეს პატრიოტთა ალიანსს ახალი სიცოცხლე და მან მართლაც მოახერხოს ოცნებით გაწბილებული ელექტორატის თავიდან შეგროვება. ამ შემთხვევაში, ოცნების კიდევ უფრო მეტ ფრაგმენტაციას ვნახავთ, და მორიგ მცდელობას, ახლა უკვე პატრიოტთა ალიანსიც აკრძალონ.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის - „დიდი კვლევა არ სჭირდება იმას, რომ საქართველოში საზოგადოების ასევე საკმაოდ დიდი ნაწილს აქვს მზაობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გაუშვან“, მაგრამ, ხალხმა არ იცის, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში.

ფაქტი ისაა, რომ ჯერჯერობით, ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური ბრძოლის ისეთ ფორმაზე, რომელიც ეფექტური იქნება „ქართულ ოცნებასთან“ საბრძოლველად.

ფაქტია ისიც, რომ „ქართულ ოპოზიციას პრობლემა აქვს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან. თუ ოპოზიცია ამ პრობლემას დაძლევს, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამარცხება მხოლოდ დროის ამბავი იქნება“.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბევრი თვალსაზრისით ჭრელმა ოპოზიციამ შეძლოს მის მიმართ საზოგადოების უნდობლობის დაძლევა და საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ ალტერნატივად თავის დამკვიდრება?

- ვფიქრობ, ეს დიაგნოზი სწორია, ოღონდ მისი მიზეზი ხშირად არასწორად იკითხება. საზოგადოების უნდობლობა ოპოზიციის სიჭრელით არ არის გამოწვეული - მრავალფეროვანი ოპოზიცია ყველგან არსებობს და ეს თავისთავად პრობლემა არ არის.

პრობლემა სამ სხვა რამეშია. პირველი: ოპოზიცია საუბრობს რეჟიმზე და არა ადამიანების ცხოვრებაზე - მან ჯერჯერობით ვერ გასცა პასუხი კითხვაზე, რა შეიცვლება კონკრეტული ოჯახისთვის ხელისუფლების ცვლილების მეორე დღეს.

მეორე: პარტიები ერთმანეთს ეცილებიან ერთსა და იმავე, უკვე მობილიზებულ ამომრჩეველს, იმის ნაცვლად, რომ ის გააფართოვონ - და ეს ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ბრძოლა ხელისუფლებასთან კი არა, ოპოზიციის შიგნით მიდის.

მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი: ადამიანს არ ესმის მექანიზმი - რას სთხოვენ კონკრეტულად, რა მოჰყვება ამას და რა გარანტია აქვს, რომ ცვლილება ქაოსში არ გადაიზრდება.

ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციას სჭირდება არა იმდენად „გაერთიანება“, რომელზეც ათი წელია ვსაუბრობთ, რამდენადაც მოკლე და შემოწმებადი საერთო კონტრაქტი: რა მოხდება პირველ თვეებში - რა ვადაში ჩატარდება არჩევნები, როგორ აღდგება სასამართლო, რა იქნება და რა არ იქნება პასუხისმგებლობის საკითხი. სწორედ ეს, და არა ლიდერების ქარიზმა, არის ის, რასაც ელოდება ის ამომრჩეველი, რომელსაც „ოცნება“ აღარ უნდა, მაგრამ ცვლილების ეშინია.

ქართული საზოგადოება პროპაგანდისტული ნარატივებისადმი წარმოუდგენელ მედეგობას ავლენს - მერამდენე წელია, პროპაგანდის, რეპრესიის, დაპატიმრებებისა და ხელშესახები შედეგის არარსებობის პირობებში, ევროპული არჩევანის მხარდაჭერა ოცნებამ ვერ გაანადგურა - ეს ყველაზე კარგად აჩვენებს, სინამდვილეში ვინ არის იზოლირებული ვისგან

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავტორიტარული კონსოლიდაცია ყოველთვის უძლეველად გამოიყურება ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ არ იშლება, და დღეს რეჟიმის ეროზიის მთავარ სამუშაოს თავად რეჟიმი ასრულებს - შიდა გარჩევები, ციხიდან გამოგზავნილი წერილები, დასავლური იზოლაცია და რუსულ კონიუნქტურაზე დამოკიდებული ეკონომიკა ერთად უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ნებისმიერი ოპოზიციური კამპანია.

ამავე დროს, ქართული საზოგადოება პროპაგანდისტული ნარატივებისადმი წარმოუდგენელ მედეგობას ავლენს - მერამდენე წელია, პროპაგანდის, რეპრესიის, დაპატიმრებებისა და ხელშესახები შედეგის არარსებობის პირობებში, ევროპული არჩევანის მხარდაჭერა „ოცნებამ“ ვერ გაანადგურა - ეს ყველაზე კარგად აჩვენებს, სინამდვილეში ვინ არის იზოლირებული ვისგან.

ხელისუფლებას აქვს რესურსი, აპარატი და ადმინისტრაციული ბერკეტი, საზოგადოებას აქვს ის, რაც ამ ყველაფერზე დიდხანს ძლებს - ბრძოლის ჟინი. ამიტომ, პასუხი კითხვაზე „შეძლებს თუ არა ოპოზიცია“ ჩემი აზრით ასეთია: შეძლებს, თუ მოინდომებს და საერთო მიზანს საკუთარ გამოჩენაზე მაღლა დააყენებს.

ეს კი ერთი პოლიტიკური სეზონის ამოცანაა და არა ერთი თაობის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი