დავით ზურაბიშვილი - “ჯიბეში რომ ჩაიდო ხელი, ამისთვის არის დასაჭერი?!”
ჩაერევა თუ არა პროცესებში ივანიშვილი - “ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილი მისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება
გია ხუხაშვილი - “ივანიშვილმა პოლიტიკა ფაქტობრივად მოკლა, შესაბამისად, პოლიტიკოსებიც აღარ სჭირდება”
* * *
დავით ზურაბიშვილი - “ჯიბეში რომ ჩაიდო ხელი, ამისთვის არის დასაჭერი?!”
“ელიზბარაშვილის განწყობა ხელისუფლების მიმართ ცნობილია - არცთუ თავაზიანი ფორმით მოიხსენიებდა ირაკლი კობახიძეს და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჰქონდა მის მიმართ... ეს კაცი ჩვენ გვაგინებს და მოდი, ვცემოთო - აი, ეს დონეა. მე მაგის იქით ვერაფერს ვხედავ, რადგან ცოტა სასაცილოა ვერსია, თითქოს თავისთვის მიდიოდნენ “იმედის” თანამშრომლები და თავს დაესხა ერთი ელიზბარაშვილი. ვიდეოშიც ჩანს, რომ იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამბობენ, ადამიანი მანქანიდან გადმოდის და ჯიბეში ხელი უდევსო... ჯიბეში რომ ჩაიდო ხელი, ეს რას ნიშნავს, ამისთვის არის დასაჭერი?! ამას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს. ფაქტია, ის ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების გამო დასაჯეს. მოტივი მარტივია: “შენ ვის აგინებდი, ბიჭო?!” - აი, ეგ მომენტია”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ჯიბეში რომ ჩაიდო ხელი, ამისთვის არის დასაჭერი?!”
“რაც შეეხება ღარიბაშვილის წერილების ფონზე ამ ხმაურის ატეხვას, კობახიძეა, რა... ასეთი ტიპია. ზოგ ოპოზიციონერს ეწყინება, მაგრამ კობახიძე მე უფრო “ნაცების” მმართველობას მაგონებს თავისი სტილით. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა მას სჩვევია, რაღაც მომენტამდე მიგიშვას, ან დასტური მოგცეს. ჩემი აზრით, რაც კობახიძე მოვიდა, ერთ მთავარ რამეში ძალიან დაემსგავსა “ნაცმოძრაობის” მმართველობას, არაფერზე უკან დახევა არ მოსულა, ვიდრე თვითონ ბიძინა არ ჩაერევა. პირადად ბიძინასგან ამას ვერ ვხედავ, ის ყოველთვის იხევდა უკან. კობახიძე კი უკან არ იხევს. მახსოვს, სააკაშვილმა ერთხელ ტელევიზიაში პირდაპირ თქვა, როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუნდაც სისულელე იყოს, ბოლომდე ვაწვებითო. ეს სწორედ ის ფსიქოლოგიური მომენტია, რომ უკან დახევა სისუსტეში არ ჩაეთვალოთ. ეს კობახიძისთვისაც დამახასიათებელია. მეორე ასეთი თვისებაა ყველას დასჯა, ვინც მას აწყენინებს. მას ახასიათებს წვრილმანი შურისძიებები, პატარა დეტალებზე გამოკიდება და ჩაჟინება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“მაგალითად, შენ რომ დაგიჭირე და საქმე შეგიკერე, თუ ბოდიშს არ მოიხდი, არ გამოგიშვებო, ბოდიშის მოხდის შემთხვევაში კი გამოგიშვებს. ფაქტობრივად, თავისი ჭკუით, ასე აჩმორებს ადამიანებს. ეს მიდგომები ძველი “ნაცმოძრაობისთვის” არის ტიპური და სწორედ ამიტომ არაპოპულარულია ის როგორც ღარიბაშვილის, ისე უშუალოდ “ოცნების” მომხრეებშიც. თუმცა, რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ, რომ “ნაცია”. ელიზბარაშვილთან დაკავშირებითაც იგივე მოხდა. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილის დროს ასეთ რამეებს ყურადღებას არც მიაქცევდნენ, ვიღაცასთან ჩხუბის გამო არ დაგსჯიდნენ. ახლა სამაგალითოდ დაისაჯა იმის გამო, რომ კობახიძე ჰყავს ნაგინები... არა მგონია, კობახიძე ღარიბაშვილის წერილების გადაფარვაზე ჩალიჩობდეს. თავისთავად ღარიბაშვილის წერილი რიგითი ამბავი არ არის, ამას აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება. უკვე მოვისმინეთ პროკურატურის პასუხი, რაც ამ თემის გამასხარავებისა და, ასე ვთქვათ, გაფუჭების ცდა იყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“დაიბარეს ხალხი, ვისაც საქმესთან კავშირი არ ჰქონდა. მაგალითად, ხატია დეკანოიძე, ირმა ინაშვილი და სხვები. ამით პროკურატურას იმის ჩვენება უნდოდა, თითქოს ყველაფერს აბრალებენ, მაგრამ კონკრეტულს ვერავინ ვერაფერს ამბობს. არადა, ამათ რა უნდა თქვან, ღარიბაშვილმა გამოთქვა ეჭვი. მინიშნება იყო, რომ პრემიერმინისტრად გვყავს “პოლიტიკური ჩიკატილო”. რამდენად სერიოზულია ეს ბრალდება, ვერ გეტყვით, მაგრამ ცხადია, დაპირისპირება მწვავდება. ეს უფრო ივანიშვილისთვის გაკეთებული მიმართვაა, რათა ამ ფაქტს ყურადღება მიაქციოს. არა მგონია, ამან ღარიბაშვილს უშველოს, მაგრამ აშკარაა, მისი და მისი მეგობრების გათვლა ბიძინას თავისკენ შემოტრიალებაზეა. უნდათ დაანახონ, რომ კობახიძის სახით მტერი ჰყავს. ბიძინა პოლიტიკაში გარკვეულწილად ინგლისივითაა - მას არა ჰყავს მუდმივი მეგობრები, აქვს მუდმივი ინტერესები. ამიტომ მისთვის არც კობახიძე და არც ღარიბაშვილი არ წარმოადგენენ ისეთ ფიგურებს, რომელთა გაწირვაც არ შეუძლია. ჯერჯერობით ივანიშვილი სიტუაციას დააკვირდება. ისე, კობახიძესაც ეტყვის და გუნდსაც, დეპუტატებსაც მოუწოდებს, მიდით, მიაწექითო, და ამათაც მეტი რა უნდათ...” - ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“მეორე მხრივ, ღარიბაშვილის გარემოცვიდან ცდილობენ ივანიშვილისთვის ხმის მიწვდენას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბიძინასაც არ გაეცა მათთვის მთლად ცალსახა პასუხი, რომ იმედი შეენარჩუნებინათ, იქნებ ჩვენკენ გადმოვიბიროთო. ამით გარკვეულწილად პროცესს მიუშვებს და მერე გადაწყვეტს - არჩევნებამდე ჯერ ორი წელია, ოპოზიცია ამ დაპირისპირებას მაინც ვერ გამოიყენებს. რომ ჩაერთოს და ღარიბაშვილის დაცვა დაიწყოს, პირიქით, ეს კობახიძის პლუსში წავა - პროპაგანდას ათქმევინებს, რომ ღარიბაშვილიც “ნაცი” ყოფილა. სასაცილოც კია, ალბათ, “ასავალ-დასავალსაც” “ნაცების” გაზეთად გამოაცხადებენ... მაგრამ, თუ სიტუაცია სხვანაირად წავიდა, მაგალითად, კობახიძე შეიქნა გამოსაცვლელი და ეს მაშინ მოხდება, თუ რუსეთს უკრაინაში გაუჭირდება და დაიწყებს კომპრომისებზე წასვლას, რაც საფრთხეში დააყენებს იმ ეკონომიკურ აღმავლობას, რაც მთლიანად რუსულ კონტრაბანდაზეა მიბმული. თუ ეს კონიუნქტურა შეიცვალა და ბიძინაა ევროპასა და ამერიკასთან მორიგება სჭირდება, ამისთვის კობახიძე აღარ გამოადგება”, - განმარტავს დავით ზურაბიშვილი,
“მაშინ კი შეიძლება, რომ ღარიბაშვილის ფაქტორიც გამოიყენოს. ხუხაშვილმა თქვა ეს და მეც ვეთანხმები, რომ ამ შემთხვევაში დაიბარებს კობახიძეს და ეტყვის, რატომ ვერ მოაგვარე ეს საკითხი, რატომ გამირთულე საქმე, ეს კაცი რატომ ააყვირე, თავისთვის წყნარად იჯდა ციხეშიო. ჯერჯერობით კი დააკვირდება და, თუ ჩათვლის, რომ ისევ ის პოლიტიკა უნდა გააგრძელოს, კობახიძეს რატომ უნდა შეელიოს, უკეთესს ვის ნახავს ამ საქმისთვის, რასაც დღეს აკეთებინებს? მე მგონია, როდესაც ღარიბაშვილი ივანიშვილს გარკვეულწილად გაურიგდა და ციხეში ჩაჯდა, დადო პირობა, რომ ხმას არ ამოიღებდა, მის ოჯახს არ შეეხებოდნენ და ა.შ., მაგრამ ამის მერე რომ არ გაჩერდნენ - იქ ინაშვილმა რაღაც თქვა, ჩუბინიძემ რაღაც დაწერა “ასავალ-დასავალში” - პრინციპში, ეს შეიძლება აღქმულიყო კობახიძისგანაც და ივანიშვილისგანაც ისე, ღარიბაშვილი რაღაცებს კი დაგვპირდა, მაგრამ მაინც გვებრძვისო ”, - დაასკვნის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “კობახიძეს რაში დასჭირდა ღარიბაშვილზე ახალი ზეწოლა? ხომ გამოჩნდა, რომ ღარიბაშვილი არ იგონებს იმას, რასაც წერს?” - პასუხობს:
“ცნობილი სამთავრობო ტროლი რომაა მიქიაშვილის გვარით, ფაქტობრივად, ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. მან დაწერა, რომ არსებობს ჩანაწერი, როგორ აძლევენ ფულს “ასავალ-დასავალს” ღარიბაშვილის მხრიდან და როგორ ავალებენ კობახიძის გინებას. ამ სიტუაციაში კობახიძემ, ალბათ, ჩათვალა, ღარიბაშვილი კიდევ მებრძვისო და გადაწყვიტა ბოლომდე ჩაჭერა”.
“ბუნებრივია, ამაში ბიძინაც გარკვეულწილად დაარწმუნა და მიიღო კარტ-ბლანშიც, მაგრამ ღარიბაშვილი არ უნდა აბუნტებულიყო და ეს რომ მოხდა, ბიძინას თვალში ეს კობახიძეს მინუსად ჩაეთვლება, რადგან ვერ მოახერხა, რომ ღარიბაშვილს ეს არ გაეკეთებინა. ამიტომაც ივანიშვილი სიტუაციას დააკვირდება და გადაწყვეტილებას ბოლო მომენტში მიიღებს. არჩევნების მოახლოებისას შეხედავს, სჭირდება თუ არა კურსის შეცვლა. თუ დასჭირდება, დიდი ალბათობით, კობახიძეს გამოცვლის. უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, არჩევნებისთვის ან სულაც ცოტა უფრო ადრე ახალი პრემიერი გვეყოლება. მდინარაძის გადაყენებაც კობახიძის ხელისუფლებაში ყოფნას ასუსტებს, რადგან მდინარაძე და კობახიძე პრაქტიკულად ტანდემში იყვნენ, ახლა კი ის მარტო დარჩა. მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის - ბიძინას ეშინია ჯგუფურობის, შეთქმულებებისა და გუნდურობის, ეშინია, რომ მის ქვეშევრდომებში რაღაც ქსელი არ გაიბას”, - დასძენს ზურაბიშვილი.
ჩაერევა თუ არა პროცესებში ივანიშვილი - “ოცნების“ მხარდამჭერთა ნაწილი მისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება
“ირაკლი ღარიბაშვილის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, მმართველი პარტიის მხარდამჭერებში კითხვები და მოლოდინი გააჩინა. განსაკუთრებით ეს იგრძნობა სოციალურ ქსელებში. “ოცნების” მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილი მოელის, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ღიად ჩაერთვება პროცესში და ამა თუ იმ ფორმით დააფიქსირებს თავის პოზიციას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ივანიშვილი საჯაროდ მხოლოდ განსაკუთრებულ ან კრიზისულ სიტუაციებში ჩნდება, ხოლო ახლა “ოცნებაში” არ არის იმდენად კრიზისული სიტუაცია, რომ პროცესებში მისი ჩარევა აუცილებელი იყოს. თუმცა, მათი ნაწილის აზრით, ახლა მმართველ პარტიაში სიტუაციის შეფასება მიდის და თუკი ჩაითვლება, რომ კრიზისის პრევენციისთვის საჭიროა ივანიშვილის ჩარევა, ის ასეც მოიქცევა. რაც შეეხება ივანიშვილის მხრიდან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ფორმას, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს, დიდი ალბათობით, იქნება, ან რომელიმე პროსახელისუფლებო არხზე ვრცელი ინტერვიუ, ან ვრცელი საჯარო წერილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ჩაერევა თუ არა პროცესებში ივანიშვილი - “ოცნების” მხარდამჭერთა ნაწილი საპატიო თავმჯდომარისგან პოზიციის დაფიქსირებას ელოდება.
“როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, დღეს არაა ისეთი კრიტიკული სიტუაცია “ოცნებაში”, რომ საჭირო იყოს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. “როცა კრიტიკული სიტუაციაა და როდესაც აუცილებლობაა, ივანიშვილი ყოველთვის გამოდის ასპარეზზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ საჭიროებას უბრალოდ ვერ ვხედავ. “ქართულ ოცნებაში” არანაირი კრიზისული სიტუაცია არაა. ბიძინა ივანიშვილი მშვენივრად აკონტროლებს “ოცნებასაც” და მის ამომრჩეველსაც და ამიტომ, როგორც ჩანს, არ თვლის საჭიროდ, რომ გამოვიდეს და ამ რეალობაში რაღაც ცვლილებები შეიტანოს. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ახლა სოციალური ქსელების აქტივობა რამდენად რეალურია და რამდენად ფაქტობრივია, ეგ კიდევ ცალკე თემაა და ცალკე საკითხია. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან ხშირად ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვებს და მათ უკეთესად იციან, რა განწყობებია მოსახლეობაში, ვიდრე, დავუშვათ, ეს სოციალური ქსელების ერთგვარი დაკვირვებითა თუ შესწავლით ჩანს. იმიტომაც არ გამოდის ასპარეზზე”- აცხადებს ძაბირაძე, რომლის აზრით, “ოცნებას" და მით უმეტეს ივანიშვილს ამ ეტაპზე არაფერი არ ემუქრება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ხვალ რა იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე იმის აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს და ვიღაცეები დაამშვიდოს. მას თავისი გუნდი დაწყნარებული ჰყავს და მშვენივრად არიან. ღარიბაშვილს და მის მომხრეებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, მაინც ივანიშვილთან ერთად უნდა იყვნენ. იმიტომ, რომ თუ პოლიტიკური პროცესი რაღაც სხვაგვარად წავიდა, ღარიბაშვილი მარტო არ იქნება, მის გვერდით კიდევ ბევრი აღმოჩნდება. მათ ჩვენზე უკეთ იციან, რეალურად რა და როგორ ხდება, რას წარმოადგენდა ღარიბაშვილი, კორუფციის რა დონე იყო და ა.შ. ამიტომაც ივანიშვილი სრულიად დარწმუნებულია, რომ არანაირი ისეთი კრიზისული სიტუაცია არაა და ამიტომაც არ ჩანს”, - ამტკიცებს ძაბირაძე. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ასევე მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით სიტუაცია კრიტიკული არაა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ პარტიაში შექმნილი მდგომარეობის შეფასების პროცესი მიდიოდეს, რის შემდეგაც გადაწყდება საჭიროა თუ არა ივანიშვილის გამოჩენა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ჩემი აზრით, ჯერჯერობით სიტუაცია კრიტიკული არაა, მაგრამ არც ისეთი მარტივია, რომ მისი უბრალოდ გატარება შეიძლებოდეს. სავარაუდოდ, ახლა “ქართულ ოცნებაში” უბრალოდ შეფასების პროცესი მიმდინარეობს - ღარიბაშვილის გამოხტომის მერე თუ რა პოლიტიკური მდგომარეობა და რა სოციალური განწყობები შეიძლება შეიქმნას ქვეყანაში, მათ შორის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების რიგებშიც, სადაც არაერთგვაროვანი განწყობები უკვე ჩამოყალიბდა ღარიბაშვილის ამ გააქტიურების ფონზე. აქედან გამომდინარე, როცა ყველაფერი აიწონ-დაიწონება, შესაბამისად გადაწყდება, საჭიროა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ჩარევა”, - ამბობს ანჯაფარიძე. ხოლო ვახტანგ ძაბირაძე გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილი უფრო იმ შემთხვევაში გამოჩნდება, როდესაც საგარეო ფაქტორები შიდა პოლიტიკაზე მოახდენენ გავლენას. თუმცა ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუ გუნდში გადაწყდა, რომ ივანიშვილის გამოჩენა აუცილებელია, ის გამოჩნდება ისეთი ფორმით, როგორც ადრე - ტელეინტერვიუთი, ან წერილით”, - დასძენს გამოცემა.
“არ ვიცი ახლა ისეთი რა შეიძლება მოხდეს, რომ ივანიშვილი გამოჩნდეს ასპარეზზე. შესაძლოა ეს იყოს, მაგალითად, მხოლოდ საგარეო ფაქტორები, იგივე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხი, როცა შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია სრულიად სხვაგვარი იყოს და გარე პოლიტიკური ვითარებამ იმოქმედოს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე. ეს ერთი მომენტია. მეორე - შესაძლოა ეს იყოს იგივე ირანში მიმდინარე პროცესები, ან, დავუშვათ, დასავლეთთან, უფრო ზუსტად აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები. აი, ეს თემები თუ იქნება მარტო, თორემ, ახლა, ღარიბაშვილის წერილების გამო ივანიშვილი რომ გამოვიდეს, არ მგონია. ჯერ ერთი, ღარიბაშვილმაც და მისმა მომხრეებმაც მშვენივრად იციან, რომ რაც სათქმელი არაა, არ უნდა თქვან და ისიც ნათელია, რომ ის წერილებში ლაპარაკობს მხოლოდ კობახიძეზე და მდინარაძეზე და ივანიშვილს, პირიქით, აქებს და ძვირფას ადამიანად მოიხსენიებს. ასე რომ, ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურადაა”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“როგორც ადრე ხდებოდა ხოლმე - ერთი შეიძლება იყოს იყოს ის, რომ რაღაც ვრცელი წერილი გამოაქვეყნოს, როგორც ეს უკვე ვიცით. კრიტიკულ სიტუაციებში აუდიტორიას წერილობით მიმართავს ხოლმე. მეორე შეიძლება იყოს, ვთქვათ, ტელეინტერვიუ რომელიმე პროსახელისუფლებო არხზე. ანუ, ეს უნდა იყოს კომუნიკაცის ისეთი ფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოების ყველა მხარეს - ხელისუფლების მომხრეებსაც და ოპონენტებსაც. რამდენადაც მე ვიცნობ მისი კომუნიკაციის სტილს, ჯერჯერობით მას კომუნიკაციის ეს ორი სტილი ჰქონდა, აქამდე ასე ესაუბრებოდა - ან ვრცელი ტელეინტერვიუ, ან წერილი”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე და შეკითხვაზე - ”რამდენად?“ - პასუხობს:
“საგანგებო სხდომა მოიწვევა იმ შემთხვევაში, თუკი “ქართულ ოცნებაში” ჩათვლიან, რომ სიტუაცია მართლაც არის კრიზისული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით შეფასების პროცესი მიმდინარეობს. მე პირადად, როგორც გარედან დამკვირვებელი, არ ვთვლი, რომ სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, რომ ის შემდეგ კრიტიკულში არ გადაიზარდოს და ამისათვის საჭიროა გარკვეული პრევენციული ზომებიც. თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება იქნება მიჩნეული ასეთ პრევენციულ ღონისძიებად, არ გამოვრიცხავ, რომ ის ვიხილოთ”.
გია ხუხაშვილი - “ივანიშვილმა პოლიტიკა ფაქტობრივად მოკლა, შესაბამისად, პოლიტიკოსებიც აღარ სჭირდება”
“ჩემი და იმ პირების გამოკითხვაზე დაბარება, რომლებსაც ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გვქონია, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიების მიზანი სიმართლის დადგენა კი არა, პოლიტიკური ამოცანის შესრულება იყო. მე ჯორბენაძის საქმეზე არც მისაუბრია. მხოლოდ იმ პოლიტიკურ პროცესს შევეხე, რომელიც ამ განცხადებებს მოჰყვა. თუ გამოძიებას მართლაც აინტერესებდა წერილში ნახსენები კონკრეტული გარემოებები, მაშინ გამოკითხვაზე ჩვენ კი არა, ის პირები უნდა დაებარებინა, რომლებზეც ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ მიუთითა - ანუ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე. როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება ღარიბაშვილის პრემიერობის მიმართ, მის სიტყვას ამ შემთხვევაში მაინც აქვს პოლიტიკური და ინფორმაციული წონა. ის პრემიერ-მინისტრი იყო და სიღრმისეულ ინფორმაციას ფლობდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მეკითხებოდნენ, ვიცნობდი თუ არა ლაზარე ჯორბენაძეს...”
“მე ტელეეთერებში ძირითადად სხვა გახმაურებულ საქმეებზე ვსაუბრობდი, მათ შორის თორნიკე რიჟვაძის საქმეზეც. თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება მხოლოდ იმის დადგენით არ უნდა დასრულდეს, რომ ადამიანმა სიცოცხლე თვითონ მოისწრაფა. მთავარია, დადგინდეს, რამ მიიყვანა ის ამ გადაწყვეტილებამდე. რიჟვაძის შემთხვევაში მან თავად განაცხადა, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რადგან ვიღაც მისგან რაღაცას მოითხოვდა. ამის შემდეგ კი საჯარო სივრციდან გაქრა. იგივე შეიძლება ითქვას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეც. არ ვამტკიცებ, რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა თვითმკვლელობაც რომ ყოფილიყო, მთავარ კითხვას მაინც პასუხი სჭირდება, რამ მიიყვანა ახალგაზრდა ქალი ამ გადაწყვეტილებამდე. პროკურატურაში არც რიჟვაძის საქმეზე უკითხავთ რამე და არც ბაჩალიაშვილის. მთელი გამოკითხვა იმაზე იყო აგებული, ვიცნობდი თუ არა ჯორბენაძესა და მასთან დაკავშირებულ პირებს. საჭირო იყო ფორმალური საფუძვლის შექმნა იმისთვის, რომ შემდეგ პროპაგანდისტულ სივრცეში ეთქვათ, ადამიანები საუბრობდნენ თემაზე, რომლის შესახებაც არაფერი იცოდნენო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთ პროცესში მთელი საგამოძიებო სისტემაა ჩართული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“გამომძიებლები იძულებული არიან შეასრულონ პოლიტიკური დავალებები. მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ პასუხისმგებლობები და კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური დავალების შეუსრულებლობას. ირაკლი ღარიბაშვილი როდესაც პოლიტიკურ დევნისა და განუკითხაობის სისტემაზე საუბრობდა, თავადაც ამ სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილე იყო. ეს არის სისტემის ბუნება. ის გარკვეულწილად მაფიოზურ მოდელზეა აწყობილი, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას ბოსი იღებს და მისი ხელისბიჭების ბედიც მთლიანად მის ნებაზეა დამოკიდებული - ვინ დასაჯოს და ვინ დაიცვას. ჩემი აზრით, მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს კარგი არაფერი ელით, იმის მიუხედავად, ხელისუფლება შეიცვლება თუ არა. მგონია, მათი ჯერიც ძალიან მალე დადგება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ჩვენ ახლა ვხედავთ ორი ჯგუფის დაპირისპირებას “მეფის კარზე”. ამ ისტორიის დასაწყისში, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს განსაზღვრული თანხის გადახდა მოსთხოვეს, მანამდე კი ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ მაშინ, როდესაც მას სანქციების გამო ფინანსური პრობლემები ექმნებოდა, მისი გარემოცვა მდიდრდებოდა. ამ განწყობას თანდათან უმძაფრებდნენ და ბოლოს შესთავაზეს დახმარება ანუ თანხების ამოღება გარემოცვიდან. სავარაუდოდ, სწორედ ამ დაპირებას უკავშირდებოდა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დაწინაურებაც. თუმცა დაპირებული თანხების ამოღება ვერ მოხერხდა. ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ თორნიკე რიჟვაძის საქმეც, სადაც ლილუაშვილისა და ღარიბაშვილის სახელები ფიგურირებდა. როგორც ჩანს, ღარიბაშვილმა ივანიშვილთან აღიარა, რომ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავდა, თუმცა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ამისთვის საერთო სალაროდან თანხას არ იღებდა. ამასთან, ის მზად იყო პასუხი ეგო იმისთვის, რომ ივანიშვილი საკუთარი საქმიანობის შესახებ სრულად არ ჩააყენა საქმის კურსში”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“სავარაუდოდ, სწორედ ამის საფუძველზე შედგა შეთანხმება: ღარიბაშვილი რამდენიმე წლით ნებაყოფლობით წავიდოდა ციხეში, სანაცვლოდ კი მისი ოჯახის წევრებს ხელს არ ახლებდნენ, მაგრამ ეს შეთანხმება ყველასთვის მისაღები არ აღმოჩნდა. იმ ადამიანებს, რომლებიც ივანიშვილს დიდი თანხების ამოღებას დაჰპირდნენ, პასუხი უნდა გაეცათ, რატომ ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. ამიტომ მათთვის საჭირო გახდა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ხელახლა გაღვივება. ერთი მხრივ, ივანიშვილს აწვდიდნენ ინფორმაციას, თითქოს ღარიბაშვილი შეთანხმების პირობებს არღვევდა, მეორე მხრივ, თავად ღარიბაშვილსაც აწვდიდნენ ინფორმაციას მის გარემოცვაზე შესაძლო ზეწოლის შესახებ, საუბრობდნენ მისი ოჯახის წევრების შესაძლო დაკავებაზე და ამ გზით დაპირისპირებას უფრო აღრმავებდნენ. და აი, აქ დაუშვა ღარიბაშვილმა ფატალური შეცდომა - პასუხისმგებლობა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს დააკისრა. ამან ივანიშვილის გაღიზიანება კიდევ უფრო გააძლიერა. სწორედ ეს იყო კობახიძე-მდინარაძის პოლიტიკური თამაში, მათ კიდევ ერთხელ მოახერხეს ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთმანეთთან დაპირისპირება”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი,
“თუმცა, ივანიშვილი საბოლოოდ მიხვდა, რა პროცესთან ჰქონდა საქმე. მას ერთი მნიშვნელოვანი თვისება აქვს - სტრატეგიული მოთმინება. მოქმედებს თანამიმდევრულად, საკუთარი სტრატეგიის შესაბამისად. მდინარაძე ჩამოაშორა პოლიტიკას, კობახიძე კი იზოლაციაში დატოვა. ახლა ივანიშვილი მომენტს ელოდება, რათა კობახიძის პოლიტიკური კარიერაც საბოლოოდ დაასრულოს. ივანიშვილისთვის ვინმეს დაჭერა თვითმიზანი არ არის. არც ღარიბაშვილის დაპატიმრება იქნებოდა მისი თვითმიზანი, მას რომ შეესრულებინა ის პირობები, რასაც მისგან ითხოვდნენ. იგივე შეიძლება ითქვას ლილუაშვილზეც. ამ ეტაპზე ივანიშვილი პროცესს აკვირდება. ის სწავლობს, ვინ რა განცხადებას აკეთებს, ვინ რომელ პოზიციაზე დგას, რაც მთავარია, რა პოლიტიკური რესურსი დარჩა კობახიძის გარშემო. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი სწორედ იმას აკვირდება, თუ ვინ იქნება მზად კობახიძეს ბოლომდე გაჰყვეს და მასთან ერთად პოლიტიკური პასუხისმგებლობა გაიზიაროს. როდესაც ეს სურათი მისთვის სრულად გამოიკვეთება, გადადგამს შემდგომ ნაბიჯს”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “ამ ლოგიკით ივანიშვილიც მარტო რჩება, მისი გარემოცვის მნიშვნელოვანი ნაწილი ან ციხეშია, ან ოპოზიციაში”, - პაუხობს:
“კი, მაგრამ ეს მისთვის პრობლემას არ ქმნის, პრობლემა შეექმნებოდა, ძლიერი ოპოზიცია რომ გვყავდეს. ივანიშვილს როცა დასჭირდება, ქუჩიდან მოიყვანს ხალხს. ფაქტობრივად, მან პოლიტიკა მოკლა, შესაბამისად პოლიტიკოსებიც აღარ სჭირდება. ხელისუფლება იმდენად უსახური გახდა, მაგალითად, მე უკვე მინისტრების გვარებიც აღარ ვიცი. მან ტექნიკური მთავრობა ჩამოაყალიბა, რომელსაც მისთვის საფრთხის შექმნა არ შეუძლია. ხვალ რომ ყველა სახლში გაუშვას და ახალი მთავრობა ქუჩიდან შეავსოს, ამის წინააღმდეგიც არავინ ეყოლება”.