ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026

14-დღიანი პატიმრობა - რატომ დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას

თბილისში, მტკვარზე გასაბერი რეზინის კაშხლის აშენებას გეგმავენ

ვინ არის უკრაინის არმიის ახალი მთავარსარდალი და რა შეიცვლება ბრძოლის ველზე - განახლებული ტაქტიკა

* * *

14-დღიანი პატიმრობა - რატომ დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას

“თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არაერთვაროვანი შეფასებები მოჰყვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვახო სანაია იყო პირველი პირი, რომელსაც შსს სახელმწიფო პოლიტიკური პირის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მესამე ფაქტს ედავებოდა. კერესელიძის თქმით, სასამართლო სხდომაზე მათი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდარღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, სანაიამ გამოაქვეყნა “პოსტი”, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას, შესაბამისად ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევით ქცევის განგრძობადობის მზაობა...” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით 14-დღიანი პატიმრობა - რატომ დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია და როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას.

“ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათის, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა. რეალურად არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისაგან. ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და თვითონვე ახორციელებდა ამის გავრცელებას. აქედან გამომდინარე, მისი ეს ვითომდა დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისაგან გამომრიცხავ გარემოებად ვინაიდან, გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს კონკრეტული გამონათქვამი ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში მხოლოდ ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა წინადადების შეფასებისთვის, არამედ მიზანს, კონტექსტს და შინაარსს, რაც ჩვენი მოსაზრებით, შეფასებული იქნა, როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა”, - განაცხადა მარიამ კერესელიძემ, რომლის თქმით, “სასამართლოს მიერაც აღნიშნული ამგვარად იქნა გაზიარებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნებისმიერი ჯანსაღი ადამიანისთვის ეს ყველაფერი ლოგიკურია და მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არის პრობლემა, რომლებიც კლავიატურით მოქალაქეების ნაწილის გინებით არიან დაკავებული, ცხოვრებაში არაფერს წარმოადგენდნენ, არც დღეს წარმოადგენენ და ერთადერთი “ფეისბუქის” მეშვეობით ადამიანების ლანძღვა და ღირსების შელახვა შეუძლიათ”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ჟურნალისტის, ვახო სანაიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, “ძალიან ლოგიკურია, რომ კანონი მოქმედებს იმის წინააღმდეგ, რომ ერთმა ადამიანმა მეორეს სოციალური ქსელის საშუალებით ღირსება არ შეულახოს”. მისი აზრით, “თუ ადამიანს ჯარიმის არ ეშინია, ხელმეორედ აკეთებს და ჯარიმას არ იხდის, რა უნდა გააკეთო? სხვა გზა მოსამართლეს აღარ რჩება... ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, რათა ამდენი ზიზღი, რასაც საჯარო სივრცეში ვუყურებთ, აღარ არსებობდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

“თავად ვახო სანაიას თქმით, რაც არ უნდა გამოიყენონ, ჯარიმა თუ პატიმრობა, ამას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. “ვერავინ ამიკრძალავს ვთქვა ის, რაც მინდა რომ ვთქვა და გამოვხატო ისე, როგორც მე მინდა. თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები აბსურდულია. იმ სიტყვებს, რაც მათ არ მოსწონთ, ამას ბეჭედს ურტყამს მოსამართლე და ამბობს, რომ ეს ხალხი ის ხალხია, ვისაც ეს სიტყვები ეკუთვნის. განიხილავენ იმას, რაც წარმოუდგენელია, არც ვიცი რას განიხილავენ. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემს სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. ეს არის ჩემგან ნაბიჯი, დასტური, რომ თუ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება განადგურდება, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე. ეს ვერ მოხდება! ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა! ვერ მოხდება ის, რომ გაგვაჩუმონ”, - თქვა სანაიამ. “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, რომ “ვახო სანაიას “ფეისბუქ” სტატუსის გამო 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა და ჩვენ ეტყობა დიქტატურა ტანკებით და ავტომატიანების მიერ ქუჩების გაკონტროლება გვგონია”, - დასძენს გამოცემა.

“მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სანაიას დაკავებას რუსული სტილის ტოტალურ ცენზურას უწოდებს. “დროას” ლოდერი, ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ საზოგადოებამ უნდა იმოქმედოს და ანახოს ხელისუფლებას, რომ ის არაფრის დათმობას არ აპირებს. “აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, “ფორმულას”, “ტვ პირველს”, “კავკასიას” და ჟურნალისტებს უშუალოდ და ინდივიდუალურად. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეიძლება დიქტატურის გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ თუ ჩვენ არ გვექნება ამაზე რეაქცია, რომ ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო იმიტომ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვის შეზღუდვა არის ადამიანისა და საზოგადოების მკვლელობა”,- მიიჩნევს ხოშტარია, რომლის აზრით, “საგანგაშო იქნება, თუ ჩვენ ამას შევეგუებით”. სანაიას დაკავებაზე კომენტარი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, თამარ ონიანმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან და ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა”, - წერს სტატიის ავტორი.

“ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა “ფეისბუქ-პოსტის” გამო არის დისტოპია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს მართლმსაჯულების პრინციპებთან. ეს არის დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯა, განხორციელებული იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც პერსონიფიცირებული მიზნით იქნა მიღებული კრიტიკული ხმების ჩასახშობად და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. შსს და სასამართლო ასეთი გადაწყვეტილებებით რეალურად რეპრესიული პოლიტიკის აღმასრულებლები არიან... მაინც, თუ ვინმეს კიდევ აინტერესებს, ფორმალური სამართლის მიღმა, რა შეუძლიათ სასამართლოებს, დავწერ: სინამდვილეში, სასამართლო პრაქტიკის კონვენციური კონტროლი წარმოადგენს არა მხოლოდ საერთაშორისო ინსტანციების, არამედ ეროვნული სასამართლოების ფუნქციურ ვალდებულებასაც. ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა უზრუნველყონ პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობა. ამიტომაც, “კანონია ასეთი” ვერ ამართლებს ვერაფერს”, - თვლის თამარ ონიანი, რომლის მთკიცებით, “ვერანაირი სამართლებრივი, მორალური თუ პოლიტიკური არგუმენტი ვერ გაამართლებს ჟურნალისტის 14-დღიან პატიმრობას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო”, - დასძენს სტატიის ავტორი.

თბილისში, მტკვარზე გასაბერი რეზინის კაშხლის აშენებას გეგმავენ

“თბილისში გასაბერი რეზინის კაშხლის მქონე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. რა არგუმენტებს ემყარება გადაწყვეტილება, პროექტის ავტორები ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ თბილისისთვის მსგავსი ექსპერიმენტი არასწორია და მსგავსი პროექტის განხორციელებას ემიჯნებიან. როგორც ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, მსგავსი პრაქტიკა აქვს იაპონიას, ჩინეთს, აშშ-ს და რამდენიმე სხვა ქვეყანას, მაგრამ საქართველოში მისი ასე ბრმად დანერგვა, სარგებლის ნაცვლად, შესაძლოა, საზიანო აღმოჩნდეს. რაც შეეხება პროექტს, ცნობილია, რომ თბილისში, ორთაჭალაში რუსთავის გზატკეცილის მიმდებარედ ახალი ჰიდროელექტროსადგურის და ამავე ჰიდროელექტროსადგურში განთავსებული დატა-ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტთან დაკავშირებით დოკუმენტაციის განხილვა 2025 წლის დეკემბერში მოხდა, ხოლო 2026 წლის თებერვალში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პროექტზე სკოპინგის დასკვნა გასცა”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თბილისში, მტკვარზე გასაბერი რეზინის კაშხლის აშენებას გეგმავენ / რა ინფორმაცია გავრცელდა უცნაური პროექტის შესახებ და რომელ ქვეყნებში არსებობს მსგავსი გამოცდილება?

“პროექტის თანახმად, ახალი ჰესის დადგმული სიმძლავრე აშენების შემთხვევაში 3.7 მეგავატი იქნება. წარდგენილი პროექტის თანახმად, ჰესს გასაბერი რეზინის კაშხალი ექნება. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი პიონერი იაპონიაა, სადაც 1970-1980-იანი წლებიდან დაიწყეს რეზინის კაშხლების მასობრივი დანერგვა. ქვეყანაში ასობით ასეთი ნაგებობა მოქმედებს როგორც ჰესებისთვის, ისე წყალმომარაგებისა და სარწყავი არხებისთვის. რეზინის კაშხლების ყველაზე დიდი მომხმარებელი და მწარმოებელია ჩინეთი და სამხრეთ კორეა, სადაც ათასობით ასეთი ნაგებობაა, მათ შორის მცირე ჰესებზე. აშშ-მ კი 1950-1960-იანი წლებიდან დაიწყო გასაბერი კაშხლების გამოყენება მდინარეების რეგულირებისა და ჰესების ეფექტიანობის გასაზრდელად. ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა განმარტავს, რომ ასეთი პროექტების უპირატესობა ეკონომიურობა და სწრაფი მშენებლობაა, თუმცა იგი საქართველოს პირობებში გასაბერი კაშხლის მშენებლობის იდეას ეწინააღმდეგება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გადაწყვეტილებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, მდინარეზე უნდა იყოს ბეტონის კაშხალი, როგორიცაა ორთაჭალის მაგალითი, ჰესი მშვენივრად მუშაობდა. ახლაც ანალოგიური სადგური და ნაგებობა უნდა ჩაიდგას. პროექტი უნდა შეესაბამებოდეს გარემოს და იყოს უფრო მობილური, ადვილად სამართავი და გამოსაყენებელი. გასაბერი კაშხალი და ცდების ჩატარება მდინარე მტკვარზე წარმოუდგენელია. ორთაჭალის ჰესი არის 12-დან 20 მგვტ სიმძლავრის ფარგლებში. ჰორიზონტალური აგრეგატებია, ორთაჭალის პირობებში კარგად მუშაობს და თავიანთ მოვალეობას ასრულებს. ვფიქრობ, უნდა აშენდეს ჩვეულებრივი კაშხალი, თავისი სარეგულაციო სისტემებით. მსოფლიოში ათასნაირი პრაქტიკა არსებობს, მაგრამ ერთი ერთში გადმოტანა ჩვენს სინამდვილეში გამართლებული ნამდვილად არ არის. უნდა ვიცოდეთ, რა ხასიათისაა მდინარე, როგორი რეჟიმი აქვს და ამის გათვალისწინებით იქნას გადაწყვეტილება მიღებული”,- აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანზორ ჭითანავა.

“შეიძლება, კარგად ნაცადი პრაქტიკაა სხვა ქვეყნებისთვის, მაგრამ სსაქართველოში ასე ბრმად ამ ტექნოლოგიას ვერ დავნერგავთ, მით უმეტეს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. რამდენადაც ვიცი, სიიაფესთან არის დაკავშირებული, ასევე მართვის სისტემის სიმარტივესთან. ორთაჭალის პირობებში ჰესების მიდამოები ორჯერ არის დატბორილი და ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. ამიტომ თბილისის ხეობაში ყოველი ახალი, წყალთან დაკავშირებული ნაგებობა, უსაფრთხოების და საიმედობის თვალსაზრისით, საფრთხილოა, შესაბამისად, ვერ დავეთანხმები ახალ იდეას”, - დაასკვნის ანზორ ჭითანავა.

“ენერგეტიკოსის ინფორმაციით, მასიური კაშხლის აშენებასთან შედარებით, რეზინის კაშხლის საინვესტიციო და სამშენებლო ხარჯები 20-40%-ით ნაკლებია. საპროექტო მონაცემებით, გასაბერი ჰესის წლიური გამომუშავება დაახლოებით 26 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს. გამომუშავებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი გამოყენებული იქნება მონაცემთა ცენტრის ენერგომომარაგებისთვის, რაც პროექტის ავტორების შეფასებით, ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენების ზრდას და ელექტროქსელზე დამოკიდებულების ნაწილობრივ შემცირებას. პროექტს ორი შპს - “დიჯითალ ბილიკი” და “გრინ ენერჯი” ახორციელებენ. ორივე კომპანიის აქციონერები აზერბაიჯანელი ბიზნესმენები - შაჰინ მოვსუმოვი და რაშად ისმაილოვი არიან”,- დასძენს გამოცემა.

ვინ არის უკრაინის არმიის ახალი მთავარსარდალი და რა შეიცვლება ბრძოლის ველზე - განახლებული ტაქტიკა

“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომისა და მის ნაცვლად მიხაილო დრაპატის დანიშვნის შესახებ განაცხადა. “გადავწყვიტე, რომ მიხაილო დრაპატი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი გახდება. მიხაილოსთან, ევგენ ხმარასთან და პავლო პალისასთან ერთად განვსაზღვრეთ, თუ როგორ უნდა განახლდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურა. ფაქტია, რომ ალექსანდრ სირსკიმ უზრუნველყო უკრაინის წარმატება კიევის დაცვაში, ხარკოვის შეტევით ოპერაციასა და კურსკის შეტევაში. მნიშვნელოვანი გზა გავიარეთ და უკრაინის თავდაცვა გრძელდება. მადლობელი ვარ ალექსანდრ სირსკის და ყველა ჩვენი ჯარისკაცის ფრონტზე უკრაინის ძლიერი პოზიციებისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, შორ მანძილის დარტყმების გეგმა ზუსტად განხორციელდება. ასევე, დრაპატიმ, ევგენი ხმარამ და სხვა მეთაურებმა უნდა მოამზადონ უკრაინის თავდაცვის განახლებული სტრატეგია და ნაბიჯები კორპუსის სისტემის რეფორმის გასაგრძელებლად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არის უკრაინის არმიის ახალი მთავარსარდალი და რა შეიცვლება ბრძოლის ველზე - განახლებული ტაქტიკა.

“პრეზიდენტმა პრიორიტეტად რუსული დარტყმებისგან ცის დახურვა და მობილიზაციის პროცესის რეალისტური ხედვა დაასახელა. ცნობისთვის, 16-დან 21 ივლისამდე კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მიხაილო ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაბრუნებისა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მინისტრმა ფედოროვმა და მთავარსარდალმა სირსკიმ ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა და რომ ბრძოლის ველზე, ბრიგადებსა და მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა. ზელენსკის თქმით, მან მოლაპარაკებები გამართა მიხაილო ფედოროვთან და ალექსანდრ სირსკისთან და პირობა დადო, რომ “არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება”. 20 ივლისს სირსკიმ ბოდიში მოუხადა მიხაილო ფედოროვს და განაცხადა, რომ მათ შორის კონფლიქტის შესახებ არაფერი იცოდა. რუსეთმა კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალზე ძებნა გამოაცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსული მედიის ინფორმაციით, მიხაილ დრაპატი რუსეთის შს სამინისტროს ძებნილთა სიაშია შეყვანილი. მანამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიხაილო დრაპატის დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. უწყების ინფორმაციით, 2017 და 2019 წლებში ის ვიქტორ ნიკოლიუკთან ერთად უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციას ხელმძღვანელობდა. საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებული პუნქტების 70-ზე მეტი დაბომბვა, რის შედეგადაც 154 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა... საერთაშორისო და უკრაინელი სამხედრო ექსპერტები და ადგილობრივი ანალიტიკოსები ამ ცვლილებას რამდენიმე მთავარ ფაქტორს უკავშირებენ. 60 წლის სირსკისგან განსხვავებით, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ ხისტი, პოზიციური ომის ტაქტიკისა და ცენტრალიზებული მართვის გამო, 43 წლის დრაპატის მიიჩნევენ მოქნილ, დასავლური ტიპის მეთაურად”,- განაგრძობს გამოცემა.

“დრაპატი მჭიდროდ არის დაკავშირებული არმიის რეფორმისტულ ფრთასთან, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიხაილო ფედოროვთან. ანალიტიკოსები ელიან ომის წარმოების პროცესში დრონების, მონაცემთა ანალიზისა და თანამედროვე ტექნოლოგიების კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტურ ინტეგრაციას. ექსპერტთა შეფასებით, ახალი მთავარსარდლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ტაქტიკის ცვლილება - ტერიტორიის შენარჩუნებაზე მეტად აქცენტის გაკეთება პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენასა და მოქნილ თავდაცვაზე. დრაპატის დიდი ავტორიტეტი აქვს ფრონტის წინა ხაზზე მყოფ ოფიცრებსა და რიგით ჯარისკაცებს შორის, რაც არმიაში შიდა ნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს”, - დასძენს გამოცემა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო