რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?

ბუღალტრული მომსახურების არჩევისას ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც ბიზნესი სვამს, არის - რა ღირს მომსახურება?

ერთი შეხედვით, პასუხი მარტივი უნდა იყოს, თუმცა რეალურად ქართულ ბაზარზე ფასებს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. ერთი კომპანიისთვის მომსახურება შესაძლოა რამდენიმე ასეული ლარი ღირდეს, მეორესთვის კი რამდენიმე ათასი.

ეს სხვაობა ყოველთვის მომსახურების მიმწოდებლის ფასების პოლიტიკით არ აიხსნება. ხშირად მთავარი მიზეზი თავად ბიზნესის სირთულე, ტრანზაქციების რაოდენობა, საგადასახადო რეჟიმი, თანამშრომლების რაოდენობა, მარაგების აღრიცხვა და ანგარიშგების მოთხოვნებია.

ამიტომ, ბუღალტრული მომსახურების ფასის სწორად შეფასებისას მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ უნდა იყოს, „რა ღირს?“

უფრო მნიშვნელოვანია კითხვა - „რას ვიღებ ამ ფასის სანაცვლოდ და რამდენად შეესაბამება მომსახურება ჩემი ბიზნესის რეალურ სირთულეს?“

რატომ არ არსებობს სტანდარტული ფასი ყველა ბიზნესისთვის?

ორი კომპანია შეიძლება ერთნაირ შემოსავალს იღებდეს, მაგრამ მათი ბუღალტრული აღრიცხვის სირთულე ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.

მაგალითად, წარმოვიდგინოთ ორი ბიზნესი, რომელთაგან თითოეულის წლიური ბრუნვა 3 მილიონი ლარია. პირველი კომპანია მომსახურების სფეროში მუშაობს, ჰყავს 10 თანამშრომელი, რამდენიმე მსხვილი კლიენტი და შედარებით მცირე რაოდენობის ტრანზაქცია. მეორე კომპანია იმპორტითა და დისტრიბუციით არის დაკავებული, ჰყავს 40 თანამშრომელი, რამდენიმე ასეული დასახელების მარაგი, ოპერაციები უცხოურ ვალუტაში, დღგ-ის ვალდებულებები, საბაჟო დოკუმენტაცია და დიდი რაოდენობით საბანკო ტრანზაქცია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ბიზნესის ბრუნვა ერთნაირია, მათი ბუღალტრული მომსახურებისთვის საჭირო დრო, კვალიფიკაცია და პასუხისმგებლობის დონე სრულიად განსხვავებულია. შესაბამისად, მომსახურების ფასი მხოლოდ კომპანიის ბრუნვით ვერ განისაზღვრება.

რა ფაქტორები მოქმედებს ბუღალტრული მომსახურების ფასზე?

ბიზნესის სფერო და ოპერაციული სირთულე

ყველა სექტორს განსხვავებული სააღრიცხვო სპეციფიკა აქვს. მომსახურების ბიზნესში აღრიცხვა ხშირად შედარებით მარტივია, მაშინ როცა წარმოება, მშენებლობა, საცალო ვაჭრობა, დისტრიბუცია ან იმპორტი უფრო რთულ სააღრიცხვო პროცესებს მოითხოვს.

მაგალითად, წარმოებაში საჭიროა ნედლეულის, ნახევარფაბრიკატისა და მზა პროდუქციის თვითღირებულების დათვლა. დისტრიბუციაში მნიშვნელოვანია მარაგების მოძრაობის კონტროლი, ხოლო სამშენებლო სექტორში პროექტების მიხედვით ხარჯებისა და შემოსავლების სწორად აღრიცხვა.

რაც უფრო კომპლექსურია ბიზნესი, მით მეტი დრო და გამოცდილება სჭირდება მის ბუღალტრულ მომსახურებას.

ტრანზაქციების რაოდენობა

ბუღალტრული მომსახურების მოცულობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თვეში დამუშავებული ოპერაციების რაოდენობა. ეს შეიძლება იყოს საბანკო გადარიცხვები, ინვოისები, შესყიდვები, სალაროს ოპერაციები, ანგარიშ-ფაქტურები, მომწოდებლებთან და კლიენტებთან ანგარიშსწორება და ა.შ.

რაც უფრო მეტია ოპერაციების რაოდენობა, მით მეტი სამუშაოა საჭირო მათი დამუშავების, შემოწმებისა და სწორად კლასიფიცირებისთვის.

დღგ-ის სტატუსი და საგადასახადო სირთულე

დღგ-ის გადამხდელი კომპანიის მომსახურება, როგორც წესი, დამატებით პასუხისმგებლობასა და კონტროლს მოითხოვს, რადგან საჭიროა დღგ-ის სწორად გაანგარიშება, ანგარიშ-ფაქტურების კონტროლი, დღგ-ს დეკლარაციების მომზადება, შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება და საგადასახადო რისკების დროული გამოვლენა.

თუ კომპანიას დამატებით აქვს საერთაშორისო ოპერაციები, შეღავათები ან განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი, მომსახურების სირთულეც იზრდება.

თანამშრომელთა რაოდენობა

რაც უფრო მეტია თანამშრომელი, მით უფრო დიდია სახელფასო ადმინისტრირების მოცულობა. გასათვალისწინებელია ხელფასების დარიცხვა, საშემოსავლო გადასახადი, საპენსიო შენატანები, შვებულებები, ბონუსები, თანამშრომელთა ცვლილებები და შესაბამისი დეკლარაციები.

შესაბამისად, მაგალითად 5 და 50 თანამშრომლის სახელფასო ადმინისტრირება განსხვავებულ სირთულესთანა და ბუღალტრული კომპანიის მიერ მეტი რესურსის გამოყოფასთანაა დაკავშირებული.

იმპორტი, ექსპორტი და უცხოური ვალუტა

იმპორტისა და ექსპორტის მქონე კომპანიებს ხშირად სჭირდებათ საბაჟო დეკლარაციების დამუშავება, იმპორტირებული საქონლის თვითღირებულების გაანგარიშება, ვალუტის კურსის სხვაობების აღრიცხვა, საერთაშორისო ანგარიშსწორებების კონტროლი, ტრანსპორტირებისა და სხვა დამატებითი ხარჯების სწორად განაწილება.

ეს ყველაფერი ზრდის მომსახურების როგორც მოცულობას, ისე საჭირო კვალიფიკაციას.

მარაგების აღრიცხვა

მარაგების მქონე ბიზნესში ბუღალტერია მნიშვნელოვნად რთულდება.

საჭიროა რაოდენობრივი და ფინანსური მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება, საწყობის ნაშთების კონტროლი, ჩამოწერების მართვა და პერიოდული ინვენტარიზაცია.

თუ კომპანიას რამდენიმე საწყობი ან მაღაზია აქვს, სირთულე კიდევ უფრო იზრდება.

მენეჯერული ანგარიშგება

ყველა კომპანია მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციებით არ კმაყოფილდება.

ზრდად ბიზნესს ხშირად ესაჭიროება მოგება-ზარალის ანგარიშგება, ბალანსი, ფულადი ნაკადების ანგარიშგება, დებიტორებისა და კრედიტორების ანალიზი, ბიზნეს ერთეულების ან ფილიალების შედეგები, მარჟების შეფასება, ბიუჯეტის შესრულების ანალიზი.

რაც უფრო მაღალია რეპორტინგის მოთხოვნა, მით უფრო მაღალია მომსახურების ღირებულებაც.

რას გულისხმობს სრულფასოვანი ბუღალტრული მომსახურება?

ბუღალტრული სერვისის ღირებულების შეფასებისას მნიშვნელოვანია გაირკვეს, რას გულისხმობს კონკრეტული შეთავაზება. ზოგ შემთხვევაში მომსახურება შეიძლება მხოლოდ საბაზისო საგადასახადო ადმინისტრირებას მოიცავდეს - დეკლარაციების შევსებას, რამდენიმე ოპერაციის ასახვას და კანონით საჭირო ფორმალურ პროცედურებს.

სრულყოფილი ბუღალტრული მომსახურება კიდევ ბევრ რამეს მოიცავს, მათ შორის - პირველადი დოკუმენტაციის კონტროლს, სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას, საგადასახადო რისკების იდენტიფიცირებას, პერიოდულ ფინანსურ რეპორტინგს, კონსულტაციებს, მარაგებისა და დებიტორების კონტროლს, მენეჯმენტისთვის ფინანსური ინფორმაციის მომზადებას.

ამიტომ ორი შეთავაზების მხოლოდ ფასით შედარება ბიზნესისთვის ხშირად შეცდომაში შემყვანია. 300-ლარიანი და 1,500-ლარიანი სერვისი შესაძლოა საერთოდ სხვადასხვა მოცულობის მომსახურებას გულისხმობდეს.

შიდა ბუღალტერი თუ აუთსორს კომპანია?

ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც კომპანია იზრდება. ორივე მოდელს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

როდის შეიძლება შიდა ბუღალტერი იყოს სწორი არჩევანი?

შიდა ბუღალტერი ხშირად მოსახერხებელია მაშინ, როცა საჭიროა ადგილზე მუდმივი ჩართულობა, ბიზნესის პროცესები სპეციფიკურია, ბუღალტერი მენეჯმენტთან მუდმივად უნდა მუშაობდეს.

მეორე მხრივ, შიდა თანამშრომლის რეალური ღირებულება მხოლოდ ხელფასი არ არის. გასათვალისწინებელია სამუშაო ადგილი, პროგრამული უზრუნველყოფა, გადამზადება, ჩანაცვლების საჭიროება შვებულების ან თანამშრომლის წასვლის შემთხვევაში და პროფესიული ხარისხის მუდმივი კონტროლი.

როდის შეიძლება აუთსორს მოდელი იყოს უფრო ეფექტიანი?

აუთსორს მომსახურება განსაკუთრებით საინტერესოა მაშინ, როდესაც ბიზნესს სჭირდება არა ერთი ადამიანის, არამედ გუნდის გამოცდილება.

პროფესიონალურ კომპანიაში ერთ კლიენტზე შესაძლოა მუშაობდნენ სხვადასხვა კომპეტენციის სპეციალისტები - ბუღალტერი, უფროსი ბუღალტერი, საგადასახადო კონსულტანტი ან ფინანსური სპეციალისტი.

ასეთ მოდელში ბიზნესი ხშირად იღებს - ცოდნის უფრო ფართო ბაზას, თანამშრომლის ჩანაცვლების ნაკლებ რისკს, მომსახურების ხარისხის შიდა კონტროლს, შესაძლებლობას, მომსახურება ბიზნესის ზრდასთან ერთად გააფართოოს.

საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიებში ხშირად გამოიყენება ჰიბრიდული მოდელიც - როდესაც კომპანიას ადგილზე ჰყავს ოპერაციული თანამშრომელი, ხოლო ანგარიშგება, საგადასახადო კონტროლი ან ზედამხედველობა გარე პროფესიულ გუნდს აქვს.

ამიტომ კითხვა „რომელი მოდელია უკეთესი?“ უნივერსალური პასუხით ვერ გადაწყდება.

უფრო სწორი კითხვაა - “რომელი მოდელი უკეთ შეესაბამება კონკრეტული კომპანიის ზომას, სირთულეს და კონტროლის საჭიროებას?”

რატომ არის მხოლოდ დაბალი ფასის მიხედვით არჩევა რისკიანი?

ხარჯების კონტროლი ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა ბუღალტრულ მომსახურებაში ძალიან იაფი შეთავაზების არჩევამ შეიძლება მოგვიანებით გაცილებით მეტი ხარჯი გამოიწვიოს. მაგალითად - დეკლარაციის დაგვიანებით ან არასწორად წარდგენა, საგადასახადო ჯარიმები და საურავები, არასწორად გამოყენებული საგადასახადო შეღავათები, მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია, არაზუსტი ფინანსური ინფორმაცია, სესხის ან ინვესტიციის მოზიდვის გართულება, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას დამატებითი ხარჯები.

ამიტომ მომსახურების ფასს უნდა შევხედოთ არა როგორც მხოლოდ ადმინისტრაციულ ხარჯს, არამედ როგორც ბიზნესის ფინანსური ინფრასტრუქტურის ნაწილს.

რა უნდა ჰკითხოთ ბუღალტრულ კომპანიას შეთავაზების მიღებამდე?

ფასის გარდა სასურველია წინასწარ გაირკვეს რამდენიმე საკითხი.

რა შედის ყოველთვიურ საფასურში? - ზუსტად უნდა იყოს გასაგები, რომელი მომსახურებაა ძირითადი პაკეტის ნაწილი და რა ითვლება დამატებით სამუშაოდ.

ვინ იქნება პასუხისმგებელი კომპანიის აღრიცხვაზე? - მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის ბრენდი, არამედ კონკრეტული გუნდის გამოცდილება და კვალიფიკაციაც.

როგორ ხდება ხარისხის კონტროლი? - არის თუ არა სამუშაოს გადამოწმების მეორე დონე და ვინ აკონტროლებს მნიშვნელოვანი დეკლარაციებისა და ანგარიშების სისწორეს.

რა ფინანსურ ინფორმაციას მიიღებს მენეჯმენტი? - თუ ბიზნესს მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციები არ აკმაყოფილებს, წინასწარ უნდა გაირკვეს, შედის თუ არა მომსახურებაში პერიოდული ფინანსური ანგარიშგება.

როგორ შეიცვლება ფასი ბიზნესის ზრდასთან ერთად? - თუ კომპანიის ტრანზაქციები, თანამშრომლები ან ფილიალები გაიზრდება, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ შეიცვლება მომსახურების მოდელი და ღირებულება.

ანუ, რა ღირს ბუღალტრული მომსახურება?

ბუღალტრული მომსახურების ღირებულება საქართველოში შეიძლება საკმაოდ ფართო დიაპაზონში მერყეობდეს. მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეების შემთხვევაში ფასი, როგორც წესი, შედარებით დაბალია, ხოლო საშუალო და უფრო კომპლექსური კომპანიებისთვის მომსახურების საფასური მნიშვნელოვნად იზრდება.

თუმცა ერთი კონკრეტული „საბაზრო ფასი“ პრაქტიკულად არ არსებობს.

ყველაზე სწორი მიდგომაა, ფასი განისაზღვროს შემდეგი ფაქტორების ერთობლიობით - ბიზნესის ზომა, ტრანზაქციების რაოდენობა, საგადასახადო სირთულე, თანამშრომლები, მარაგები, საერთაშორისო ოპერაციები და მენეჯერული რეპორტინგის მოთხოვნები.

საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს პრაქტიკაშიც მომსახურების მოცულობის შეფასებისას მთავარი აქცენტი მხოლოდ კომპანიის ბრუნვაზე არ კეთდება. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რამდენად რთულია ბიზნესის საოპერაციო მოდელი და რა მოცულობის პროფესიულ ჩართულობას მოითხოვს მისი აღრიცხვა.

საბოლოოდ, ბუღალტრული მომსახურების არჩევისას მხოლოდ კითხვა - „ვინ შემომთავაზებს ყველაზე დაბალ ფასს?“ - არ არის საუკეთესო საწყისი წერტილი.

უფრო მნიშვნელოვანია გამოარკვიოთ რამდენად სწორად იქნება წარმოებული თქვენი კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, რა ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებების მისაღებად და რა რისკებს ამცირებს თქვენთვის ეს მომსახურება?

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს