სანდრო თვალჭრელიძე - “ადამიანებისთვის, რომლებიც თავს ქვეყნის მმართველებად მიიჩნევენ, დაახლოებული პირები არ არსებობენ”
პროტესტი მარნეულის მეჩეთში - აზერბაიჯანში დაწყებული სკანდალი საქართველოსაც გადმოედო
მირიან მირიანაშვილი - “ივანიშვილი ცდილობს ქვეყნის შიდაპოლიტიკური რეალობა შეცვალოს და ახალ საგარეო ვითარებას მოარგოს”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “ადამიანებისთვის, რომლებიც თავს ქვეყნის მმართველებად მიიჩნევენ, დაახლოებული პირები არ არსებობენ”
“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოსა თუ უმრავლესობის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღება და რომ მიიღება სადღაც სხვაგან. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს ექნება გაგრძელება, თუმცა არ ველი სწრაფად ფორსირებულ პროცესებს, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება გარკვეული ცვლილებები, სადღაც 3 თვის განმავლობაში შესაძლოა დიდი ცვლილებები მოხდეს... დიალოგი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, შენ როგორ იქცევი, სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლებს “დემოკრატიულ ფაშისტებსაც” კი ეძახდნენ, “დიფ სთეითი” მოიგონეს, ახლა ეს დაავიწყდათ? თითქოს ამოიღეს ლექსიკიდან ეს სიტყვები. ბოდიშიც კი არ მოუხდიათ... გარდა ამისა, მიზანმიმართულად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას სულ მეტად გვიფუჭებს. იმედია, რეალურად ხვდებიან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გარეშე არაფერი გამოვა და ეს განცხადებები მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “3 თვის განმავლობაში შესაძლოა დიდი ცვლილებები მოხდეს”.
“დიდი ხანია პოლიტიკოსის სიტყვამ ფასი დაკარგა, როგორც წესი, არასოდეს ამბობენ სიმართლეს. თუ დასჭირდა, ცოტა ხნის შემდეგ კობახიძე აბსოლუტურად გაუწითლებლად იტყვის საწინააღმდეგოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ბატონ ოქიტაშვილს, ის მსგავს განცხადებებს არასდროს გააკეთებდა, სერიოზული საფუძველი და მხარდაჭერაც რომ არ ჰქონდეს “ქართული ოცნების” გავლენიანი ჯგუფისგან. რადგან ასეთი პოსტი გამოქვეყნდა, ვფიქრობ, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია და სინამდვილეში რაღაც დიდი სიღრმისეული პროცესის გამოვლინებაა. არ ვიცი, მოიპარა თუ არა ქალბატონმა რუხაძემ ფული, მაგრამ, ვფიქრობ, გამოძიება დაიწყება და იმაზე ბევრი რამ გაირკვევა, ვიდრე გვგონია. ეს შეიძლება დღესვე არ მოხდეს, მაგრამ გარკვეულ პროცესს ნამდვილად ველოდები. ცხადია, რომ ეს ვითარება მამუკა მდინარაძისთვის შეიძლება ძალიან მძიმე აღმოჩნდეს. ჩემი აზრით, ყველაფერი მაინც “კეისრისკენ” მიდის, რომელიც, ვფიქრობ, სერიოზულ ცვლილებებს ამზადებს. როგორც წესი, ბატონი ივანიშვილი ძალიან ნელა და თანამიმდევრულად, მაგრამ შეუქცევადად მოქმედებს ხოლმე. ვნახოთ, რა იქნება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“მეც გამიგია მოარული ხმები, რომ ყიფიანი “ოცნებას” “ქუჩას” ულაგებდა. ასე იყო თუ არა, დაზუსტებით ნამდვილად არ ვიცი, მე უფრო ის მაინტერესებს, ადამიანები, რომლებიც საკუთარი თავის გამოყენების უფლებას იძლევიან, საკუთარ მომავალზე რატომ არ ფიქრობენ? ჩემი აზრით, არასწორია პროცესების იმ ჭრილში გაანალიზება, რომ ეს ამასთან დაახლოებული პირია ან ის იმასთან. იცით, რატომ? იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავს ქვეყნის მმართველებად მიიჩნევენ, დაახლოებული პირები არ არსებობენ. მათთვის არსებობს მხოლოდ კონკრეტული ტაქტიკური ამოცანა და ამ ამოცანის შემსრულებელი. შეასრულებს პირი ამოცანას? მერე, თუ აღარ დასჭირდათ, შეუძლიათ სანაგვეზე გადააგდონ. რაღაც მომენტში ეს ადამიანები სასარგებლოები არიან და მათ იყენებენ, შემდეგ კი აღარ არიან სასარგებლოები და ივიწყებენ. დიდი ალბათობით, ასე მოხდება ამათ შემთხვევაშიც. პრობლემა ის არის, რომ ქართველებს სიღრმისეული ფიქრი ნაკლებად გვიყვარს, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც სიტუაციას თუნდაც ორი ნაბიჯით წინ აანალიზებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი: 2024 წლის არჩევნების წინ ივანიშვილმა თქვა, რომ აიკრძალებოდა “ნაციონალური მოძრაობა”. დაპირების შესრულება ერთია, მაგრამ ახლა ხელისუფლება დიდ განსაცდელშია: ერთი მხრივ, უნდა გააკეთოს ის, რაც თქვა, მეორე მხრივ, მაინც დასავლეთისკენ იყურება... როგორც აღვნიშნე, ბევრი ორ ნაბიჯზე წინ ვერ ითვლის. აი, მანანა კობახიძეს შესძლებია რაღაცის გათვლა, ფიქრობს თავის მომავალზე და მაინცდამაინც არ სურს საერთაშორისო სანქციებში მოხვედრა, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სხვა მხრივ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, რამდენად არის ერთიანი პოზიცია, არ ვიცი. თუ აპირებენ, ერთიანად ყველაფერი აკრძალონ ხელისუფლების დაკვეთით, ვფიქრობ, ძალიან დიდ შარში ამოყოფენ თავსაც და დააზარალებენ ქვეყანასაც. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” აკრძალონ და სხვა პარტიებს ხელი არ ახლონ. მეჩვენება, რომ ახლა მიდის ინტენსიური კონსულტაციები და ვაჭრობა როგორც ქვეყანაში, ისე საზღვრებგარეთაც”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“მეჩვენება, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის აქვს ილუზია, რომ შეუძლია შეცვალოს ხელისუფლება და მას გადააბრალოს ყველაფერი, მაგრამ მთავარი პრობლემა სხვა რამეშია - ეს იქნება ჩვენი სასამართლო სისტემის სრული დისკრედიტაცია. უკვე აღარავის დარჩება ილუზია სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. გამოჩნდება, რომ მათ მხოლოდ ნოტარიუსის ფუნქცია აქვთ და პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებენ. ეს ქვეყნისთვის დიდი დარტყმა იქნება. როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ კიდევ საკითხავია. მე არ მინდა წინასწარ მარჩიელობა, მაგრამ არა მგონია, ყოველივე ამან ხავერდოვნად ჩაიაროს. სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. ბევრი ვარაუდი და სცენარი მაქვს, მაგრამ, ჯერჯერობით, თავს ვიკავებ მათი გასაჯაროებისგან, არ მინდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდე, რადგან ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გადადგა რუსეთმა ეს ნაბიჯი სწორედ ახლა, როცა თითქოს ურთიერთობები დალაგებული იყო?” - პასუხობს:
“პოლიტიკურად ეს ძალიან დიდი სიბეცეა... თუმცა ჩვენთვის კიდევ ერთი გაკვეთილია, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. დასასრულ მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ნათლად ჩანს, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაჩნდება ალტერნატივა - არა რაღაც ბუტაფორიულად გაერთიანებული ოპოზიცია, არამედ რეალური ძალა, რომელიც მოახერხებს ხალხში დაგროვილი კრიტიკული განწყობის მობილიზებას და დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახლო მომავალში, ვთქვათ, ერთ წელში მაინც მოხდება”
პროტესტი მარნეულის მეჩეთში - აზერბაიჯანში დაწყებული სკანდალი საქართველოსაც გადმოედო
“აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვამ მარნეულში მუსლიმი მრევლის პროტესტი გამოიწვია. სასულიერო პირის, ასადოვის თქმით, რელიგიური რწმენის გამო ახალგაზრდა ქალებს განათლების მიღების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ინდივიდუალური პირების პერსონალური პასუხისმგებლობაა და მას ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება, რადგან საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. 21 სექტემბერს აზერბაიჯანის მთავრობამ განახორციელა ცვლილება საჯარო სკოლების მოსწავლეთა ფორმების რეგულაციაში, რითაც აიკრძალა ნებისმიერი დამატებითი ტანსაცმლის ელემენტი, რომელიც არღვევს ერთიანი ფორმის სტანდარტს, ან ეწინააღმდეგება განათლების სეკულარულ პრინციპს. დადგენილებაში ტერმინი “ჰიჯაბი” პირდაპირ დასახელებული არ არის, პრაქტიკაში მან თავსაბურავის ტარების აკრძალვა გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პროტესტი მარნეულის მეჩეთში - აზერბაიჯანში დაწყებული სკანდალი საქართველოსაც გადმოედო.
“მთავრობამ დაამტკიცა ახალი წესები პედაგოგებისთვისაც, რომლითაც განისაზღვრა, რომ საჯარო სკოლის მასწავლებლის ჩაცმულობა ვალდებულია შეესაბამებოდეს განათლების სეკულარულ ხასიათს. ოქტომბრის პირველ ნახევარში სკოლების ადმინისტრაციებმა აქტიურად დაიწყეს ჰიჯაბიანი მოსწავლე გოგონებისა და მასწავლებლების სკოლებში არდაშვება. ამან გამოიწვია მოსწავლეების, მშობლებისა და რელიგიური ჯგუფების საპროტესტო აქციები დედაქალაქ ბაქოსა და რეგიონებში, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება და დაკავებებიც მოჰყვა. აზერბაიჯანის ხელისუფლებას თავისი გადაწყვეტილების მთავარ არგუმენტად კონსტიტუციური პრინციპი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა და სახელმწიფო განათლების სისტემაც სეკულარულ ხასიათს ატარებს. მთავრობის განცხადებით, ეს არის განათლების პოლიტიკის ნაწილი და არა ანტიისლამური ზომა. ამ დაძაბულობასა და საპროტესტო ტალღას ზოგ რეგიონში მოჰყვა ვითარების უკიდურესი ესკალაცია. განსაკუთრებით სამხრეთ რაიონებსა და ბაქოს გარეუბნებში, სადაც რელიგიური თემი უფრო მრავალრიცხოვანი და აქტიურია. ადგილობრივების პროტესტი პოლიციასთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დემონსტრანტების ნაწილმა ცეცხლი წაუკიდა რამდენიმე ავტომობილს, მათ შორის სამართალდამცავთა მანქანებსა და მუნიციპალურ ტრანსპორტს. პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმებმა დემონსტრაციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენეს, რასაც ათეულობით ადამიანის დაკავება და დაშავება მოჰყვა. აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვამ და დაწესებულებებში მოსწავლეების არდაშვებამ სოლიდარობისა და პროტესტის ტალღა საქართველოშიც გამოიწვია. კონკრეტულად მარნეულში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი და მუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. მარნეულის იმამ ალის სახელობის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე შეკრებილმა მრევლმა აზერბაიჯანის სასწავლო დაწესებულებებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვა გააპროტესტა. “რადიო მარნეულის” ინფორმაციით, შეკრებილებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “ჰიჯაბი ქალის უფლებაა” და “თავისუფლება ჰიჯაბს”, - განაგრძობს გამოცემა.
“სასულიერო პირმა, სეიიდ მირისმაილ ასადოვმა საპარასკევო ქადაგება (ხუტბა) სრულად დაუთმო მუსლიმი ქალის თავსაფრის (ჰიჯაბის) მნიშვნელობას. მან აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ აკრძალვის მიღმა გარკვეული ინტერესები დგას. ასადოვის თქმით, რელიგიური რწმენის გამო ახალგაზრდა ქალებს განათლების მიღების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ. მან ვიწროპოლიტიკური თუ სოციალური ჭრილიდან საკითხის სწრაფად მოგვარების იმედი გამოთქვა. ქადაგებისას ასადოვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ჰიჯაბის თემა ირანის გავლენებსა და ქვეყანაში “რადიკალურ ისლამიზაციას” დაუკავშირა. სასულიერო პირმა და მრევლმა აღნიშნული შეფასებები უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და დაგმეს. ლოცვის დასასრულს აზერბაიჯანში მიღებულ შეზღუდვებს პროტესტი მარნეულის მეჩეთის სხვა სასულიერო პირებმაც გამოუცხადეს. ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ მარნეულში გამართული პროტესტს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება”, - დასძენს გამოცემა.
“საქართველოსთან ეს პირდაპირ კავშირში არაა. ადამიანებს აქვთ უფლება გააპროტესტონ ან მიიღონ ის, რაღაც ხდება სხვა სახელმწიფოში. ჩვენ მოქალაქეებს აქვთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა პროტესტში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაიძაბება. მით უმეტეს, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, ან რაიმე აზერბაიჯანულ მოძრაობას საქართველოში, ან თუნდაც ქართველს, განცხადება არ გაუკეთებია. ანუ ეს არის კონკრეტული ადამიანების პერსონალური პასუხისმგებლობა, რომლებიც ცხოვრობენ დღეს აქ ან აზერბაიჯანში. ეს ხალხი თვითონ წყვეტს, მიიღონ თუ არა მონაწილეობა ამა თუ იმ აქციაში. მე მიმაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი კოლექტიური პასუხისმგებლობა, არსებობს ინდივიდუალური, პერსონალური პასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა მოქმედებდეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ვერავინ იმოქმედებს საქართველოს სახელით. მეორე - ვერავინ იმოქმედებს ვერანაირი კოლექტიური რაღაცა ორგანიზაციის სახელით”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
მირიან მირიანაშვილი - “ივანიშვილი ცდილობს ქვეყნის შიდაპოლიტიკური რეალობა შეცვალოს და ახალ საგარეო ვითარებას მოარგოს”
“ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახლა იმაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. თავს ნუ მოვიტყუებთ, პოლიტიკური პარტიების ნაწილი თავად ბიძინა ივანიშვილის შექმნილია. თუმცა, თუ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრზე ვსაუბრობთ, მისი დიდი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობიდან” არის გამოსული და რამდენადაც ამ პარტიის შიდა პროცესებსა თუ მისგან სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფის ისტორიას კარგად ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ პარტიებში რუსეთის გავლენები წლების განმავლობაში არსებობდა და არა მგონია, რომ შემცირდა, პირიქით, გაძლიერდა. რუსეთი გავლენის მოპოვებას ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მეშვეობითაც ცდილობს. ამიტომ გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ მის ინტერესებში მხოლოდ აშკარა პრორუსული პარტიები შედიან და პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს ყურადღების მიღმა დატოვებდა აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით შეძლებს თუ არა ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას?!
“ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში რუსეთიდან მომდინარე საფრთხე იგრძნო. საქართველოს უახლესი ისტორია მოწმობს, რომ რუსეთს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვისა და ხელისუფლებებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის დღევანდელი მოქმედებების უკან სწორედ ამ ბერკეტების შიში იდგეს. ამ კონტექსტში საყურადღებოა მამუკა მდინარაძის როლიც, რომელიც, ჩემი აზრით, პრორუსული პოლიტიკური ჯგუფებისა და შესაბამისი ნარატივების კოორდინაციაში მონაწილეობდა. ივანიშვილმა ამ პროცესს რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა კი არა, დასავლეთიდან მომდინარე ე.წ. მეხუთე კოლონის წინააღმდეგ ბრძოლა დაარქვა. რუსეთის სანქციები, ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას მოჰყვა - ივანიშვილის ჰიბრიდულ, ირიბ ანტირუსულ მოქმედებებს კრემლმა ასევე ჰიბრიდული პასუხი შეაგება. ფაქტობრივად, მხარეებმა ერთმანეთს პირდაპირი დაპირისპირების ნაცვლად, ირიბი დარტყმები მიაყენეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ჩემი ვერსიით, უახლოეს ერთ წელში ამერიკა-რუსეთის შეთანხმება შედგება უკრაინის საკითხზე. ფაქტია, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინისთვის სასურველი პოლიტიკური პირობები თავს ვერ მოახვია. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ კონგრესსა და სენატში დემოკრატების პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ტრამპს მხოლოდ დემოკრატები არ უპირისპირდებიან, რესპუბლიკურ პარტიაშიც შეექმნა პრობლემები. ვაშინგტონში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი შესაძლო სცენარი ტრამპის პოლიტიკური გავლენის შემცირება და საგარეო პოლიტიკაში მარკო რუბიოს როლის გაძლიერებაა. არსებობს ვარაუდი, რომ კონსერვატორებსა და რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობის მხარდამჭერებს დემოკრატებთან საერთო ინტერესები აერთიანებთ. ეს ცვლილებები შესაძლოა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზეც აისახოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ტრამპის გავლენა შემცირდება, იმ პოლიტიკურ ძალებსა და ჯგუფებს, რომლებსაც რეგიონში სტრატეგიული გეგმები აქვთ, მაგალითად, რუბიოს, მოქმედების მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ და საქართველო შეიძლება ამერიკის კონკრეტული პოლიტიკური შეთავაზებების სამიზნე გახდეს. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთი სცენარისთვის ემზადება. ივანიშვილის დღევანდელი პოლიტიკური აქტივობის მთავარი მიზანი პოლიტიკური ველის გაწმენდაა, რათა რუსეთ-ამერიკის შესაძლო ზავისა და მის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი რეალობის პირობებში საქართველოს შიდაპოლიტიკური სივრცე მოამზადოს. ივანიშვილი ცდილობს ქვეყნის შიდაპოლიტიკური რეალობა შეცვალოს და ახალ საგარეო ვითარებას მოარგოს, რადგან ძველი პოლიტიკური მოცემულობით საქართველოს ახალ საერთაშორისო გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდება. ამ კონტექსტში მამუკა მდინარაძე შეუთავსებელი ფიგურა იყო ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარებისთვის, რომლის აუცილებლობაც დღის წესრიგში უახლოეს მომავალში აუცილებლად დადგება”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
“ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარებისთვის შესაფერისი ფიგურაც გამოჩნდება. ამჯერად მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შეიძლება კობახიძის კლანის განადგურება ვუწოდოთ. ამ კლანის ფაქტობრივი განეიტრალების შემდეგ, როგორც ვხვდები, ირაკლი კობახიძეს დეკორატიული ფუნქციაც კი აღარ დარჩება... ბევრი პირი, რომლებიც ადრე მამუკა მდინარაძესთან დაახლოებასა და ამ ურთიერთობით სარგებლის მიღებას ცდილობდა, დღეს იძულებულია საჯაროდ გაემიჯნოს. აქ თვითგადარჩენის ინსტინქტიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გამოჩნდება უამრავი ადამიანი, პირველ რიგში, სახელისუფლებო წრეებიდან, რომლებიც განაცხადებენ, რომ მდინარაძე მათ დევნიდა, ერთიმეორეზე უფრო მძიმე და დრამატულ ისტორიებს მოვისმენთ. ამ პროცესში საკუთარი ინტერესებით მოქმედი ადამიანებიც მრავლად არიან, რომლებსაც დღეს მდინარაძისგან გამიჯვნა პოლიტიკური გადარჩენისთვის სჭირდებათ”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი და და შეკითხვაზე - “ოპოზიციის ალიანსი” 25 ოქტომბრიდან ახალი საპროტესტო ტალღის დაწყებას აანონსებს მთავარი ლოზუნგით “საქართველო ივანიშვილის გარეშე...” - პასუხობს:
“ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს ვითომ პროდასავლური პარტიები ვერაფერს გააკეთებენ, თუ თავად ივანიშვილმა ჰიბრიდული მეთოდებით ამის შესაძლებლობა არ მისცა და მათი აქტივობის მასშტაბი არ დაუშვა. ნიკა გვარამიას პოლიტიკური წონა არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტია დატოვა. არც სააკაშვილს აქვს ისეთი ელექტორალური რესურსი, რომლის გადანაწილებაზეც შეიძლება საუბარი. ხელისუფლების სტაბილურობის მთავარი საფუძველი ის არის, რომ ოპოზიციური ელექტორატი არსებულ პარტიებს არ ენდობა. თბილისში პროდასავლურად განწყობილ ამომრჩეველს რეალური ლიდერი რომ ჰყავდეს, ივანიშვილის პოლიტიკური პრობლემები გაცილებით გამწვავდებოდა. ამ პირობებში კი ოპოზიციური აქტივობა შედეგისთვის განწირულია”
“პრაქტიკამ ისიც აჩვენა, რომ ქუჩის აქციების განმეორება შედეგს ვერ მოიტანს, თუ დასავლეთის გავლენიანი წრეები საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციასთან საქმიანი და შედეგიანი კომუნიკაციისთვის მზად არ არიან. მარკო რუბიოს გარემოცვაში შესაძლოა ისეთებიც კი იყვნენ, რომლებსაც ამ პარტიების პოლიტიკური განადგურება ხელს აძლევთ. ისინი ამას ისე აღიქვამენ, თითქოს ივანიშვილმა თავად მოიშორა ის პოლიტიკური “ნაგავი”, რომლის მოცილებაც მათაც სურდათ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილის შემცვლელი ჯერ არ ჩანს. ამერიკას, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ზავი რუსეთთან, იქ ნომერ პირველ პრობლემად ნამდვილად არ დგას ბიძინა ივანიშვილის საკითხი. რუსები თუ საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან გავლენ, მაგ მოცემულობას ბიძინა ივანიშვილი, როგორც იძულებას, ისე გაუწევს ანგარიშს”, - დასძენს მირიან მირიანაშვილი.