ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ დროა.
ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ომსკში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
„შესაძლოა, უკვე დროა ეს კონფლიქტი გაიყინოს და დაუბრუნდეს სტამბოლი 2.0-ის ფორმულას, რადგან იქ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული. ბუნებრივია, დიდი სახელმწიფოების, მათ შორის რუსეთის გარანტიებით და დიდი ხნის ნანატრი მშვიდობისკენ სვლით“, - განუცხადა ტოკაევმა პუტინს.
მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპიდან და აშშ-დან „ბევრ სიგნალს“ იღებს.
„გადავწყვიტე, რომ საკუთარი მოკრძალებული აზრი სწორედ დღეს გამომეთქვა, რადგან ხალხმა იცის ჩვენი შეხვედრის შესახებ. მათ იციან, რომ დღეს ომსკში უნდა ვყოფილიყავი და მთხოვეს ეს გადმომეცა. როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან? არავინ იცის, რადგან მხარეებს თავიანთი პოზიციები აქვთ. მაგრამ, მეორე მხრივ, არსებობს ისეთი მომენტი და შესაძლებლობა, როგორსაც ამ ყველაფრის გაყინვა წარმოადგენს. ეს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები იღუპებიან - ეს რუსეთისა და უკრაინის მოძმე ხალხების გენოფონდია. ეს ყველაფერი უნდა შეჩერდეს, რადგან ის, რაც ხდება, როგორც რუსეთის, ისე უკრაინის მოწინააღმდეგეებს ხელს აძლევს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ასევე, ტოკაევმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტია.
„საქმე სამოქალაქო ომს არ ეხება. ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით უკრაინას. ამ კონფლიქტის ბუნება ბევრისთვის გაუგებარია“, - აღნიშნა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა.