აბას არაღჩი - ზელენსკი ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა - ის, რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა, უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კასპიის ზღვაში ქვეყნის კუთვნილ გემებზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს ირანის მიმართ „უკრაინული რეჟიმის ირაციონალური და მტრული მიდგომის გაგრძელების ნიშანია“.

„უკრაინული რეჟიმის ხელმძღვანელის ავანტიურისტობის შედეგად გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ამ რეჟიმს, მის მხარდამჭერებსა და წამქეზებლებს დაეკისრებათ“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თავდასხმას გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩიც და განაცხადა, რომ საკითხი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან განიხილა.

„ზელენსკი ირანულ კომერციულ გემს დაესხა თავს, რის შედეგადაც მეზღვაური დაიღუპა. ეს გაეროს ქარტიის აშკარა დარღვევაა, რომელიც ისრაელის დავალებით განხორციელდა ევროპის ომში ჩართვის მიზნით. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კალასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან სატელეფონო საუბრისას ნათლად განვაცხადე, რომ ის, რაც კიევში მყოფმა მუქთახორამ ჩაიდინა უპასუხოდ არ შეიძლება დარჩეს“, - აღნიშნა არაღჩიმ.

უკრაინამ შაბათს განაცხადა, რომ კასპიის ზღვაში იმ გემებს დაარტყა, რომლებსაც ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. „უკრაინამ კასპიის ზღვაში შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებით ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია. კერძოდ, ეს მოიცავს გემებს, რომლებიც ირანიდან სამხედრო ტვირთის გადატანაში მონაწილეობდნენ, ასევე სამხედრო გემს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ირანული მხარის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გემზე მყოფი ეკიპაჟის სამი წევრი დაშავდა და ერთი მეზღვაური დაიღუპა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა