საია - პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას - იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოხატვა ვულგარულია და კონკრეტულ პირს მიემართება [ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს], სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს გამოხატვის კონტექსტი და როლი საჯარო დისკუსიაში, - ამ განცხადებით ეხმაურება საია თბილისის საკრებულოსთან 10 აქტივისტის დაკავებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა.

„გუშინ, თბილისში აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს არაძალადობრივი, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით დაცული გამოხატვით სარგებლობისას. მოგვიანებით, ასევე დააკავეს თბილისის საკრებულოსთან მის მხარდასაჭერად მისული ათამდე დემონსტრანტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) განცხადებით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.”

„ნეტგაზეთის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ დაკავების პროცესში შსს-ს მაღალჩინოსანმა დემონსტრანტს სახეში ხელი გაარტყა. აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ კადრებში დემონსტრანტების მხრიდან რაიმე სახის ძალადობრივი ქმედება ან წესრიგის დამრღვევი ისეთი ქცევა, რომელიც მათ დაკავებას ან მათზე ამგვარ ძალადობას გაამართლებდა, არ ჩანს. ამასთან, დემონსტრანტისთვის პოლიციელის მხრიდან სახეში ხელის გარტყმა იმგვარი ქმედებაა, რაც არაადამიანური / დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს. ეს ქმედება საპოლიციო სისტემაში ძალადობის ნორმალიზების და სისტემურობის კიდევ ერთი შემთხვევაა.

პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გამოხატვა ვულგარულია და კონკრეტულ პირს მიემართება [ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს], სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს გამოხატვის კონტექსტი და როლი საჯარო დისკუსიაში. გარდა ამისა, პოლიტიკოსებსა და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს. ეს მსჯელობა პოლიტიკური ფიგურების მიღმა ვრცელდება საჯარო პირებზეც, რომლებიც თავიანთი ქმედებებით ან თუნდაც თანამდებობით არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე.

შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობისთვის დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა. აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონობა, არამედ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია - შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა (სსკ მუხლი 161)“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის საკრებულოსთან, აქციის დროს 10 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დაკავებულ პირებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში“.

„გარდა ამისა ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. პოლიციელებმა აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება