ვალერი ჩეჩელაშვილი - ხელისუფლება, ალბათ, კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებისთვის ემზადება, სხვას რას უნდა ნიშნავდეს შალვა პაპუაშვილის განცხადება? ვფიქრობ, „ოცნებას“ ეს გაუჭირდება, ამას სერიოზული წინააღმდეგობა ექნება მათივე მომხრეებში

შალვა პაპუაშვილი ასეთი განცხადებებით საზოგადოებას, ალბათ, იმისთვის ამზადებს, რომ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი იყოს ამოღებული - ვფიქრობ, ბატონ შალვას ეს ძალიან გაუჭირდება, ამას თვით „ქართულ ოცნებაში“ ეყოლება სერიოზული მოწინააღმდეგეები, რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებაზე, - ამის შესახებ „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, “რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს“, ვინაიდან „წევრობის პოლიტიკური ხიბლი ქრება“.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე „ასეთი აზრებით გავიდა“, თავისი მომხრეების სერიოზულ რაოდენობას დაკარგავს და საპარლამენტო არჩევნებში წაგების შანსები სერიოზულად გაიზრდება.

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში საგარეო გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებასთან დაკავშირებით ინიციატივა, სავარაუდოდ, უნგრეთთან ძალიან მძიმე გამოცდილებით არის ნაკარნახევი.

„რა ტიპის ევროკავშირში გაწევრიანებას გვთავაზობენ, შეიძლება ლეგიტიმური კითხვა იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს არჩევანი, ჩვენ მანამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი საიმისოდ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენს მხარე იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ამის გადაწყვეტის უნარი, შევიდეთ თუ არა იმ ევროკავშირში, რომელიც დაგვხვდება რაღაც წლების შემდეგ, როგორც ბატონი შალვა ამბობს. რაც შეეხება მის ფუნდამენტურ აზრს პატარა ქვეყანასთან დაკავშირებით - სიტყვა „პატარა“ მე არ მომწონს. საერთაშორისო სამართლის თანახმად, პატარა და დიდი ქვეყანა არ არსებობს. ევროკავშირის დღევანდელი ვითარება ზუსტად ამას ამტკიცებს - პატარა, ანუ კომპაქტურ ესტონეთს ზუსტად იგივე უფლებები აქვს, რაც ევროკავშირის პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყანას - გერმანიას.

ჩემთვის სრულიად გასაგებია ევროკავშირის ლოგიკა, როდესაც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ გარკვეული ტიპის საკითხთან დაკავშირებით სრული კონსენსუსი მოიხსნას. მე ვფიქრობ, ეს შეზღუდვა ნაკარნახევია იმით, რომ ევროკავშირს ძალიან მძიმე გამოცდილება აქვს უნგრეთთან. ვიდრე არჩევნები ჩატარდებოდა და პეტერ მადიარი გაიმარჯვებდა, უნგრეთი სერიოზულად აბრკოლებდა ევროკავშირის პოლიტიკური ნების გამოხატვას, განსაკუთრებით, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წინადადება ევროკავშირში განხორციელდება. ბევრი მოწინააღმდეგე ეყოლება. არა მგონია, რომ პატარა, კომპაქტური ქვეყნები დათანხმდნენ, მაგრამ ესეც რომ გვერდზე გადავდოთ, 500 მილიონიანი ბაზრის სრულუფლებიანი გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, კომპაქტური ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანება ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ეს პრაქტიკულად ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას, თვისებრივად ახალ დონეზე აწევას. ბოლო დროს ევროკავშირი ძალიან აძლიერებს საკუთარი თანამშრომლობის სამხედრო-პოლიტიკურ კომპონენტს. საერთოდ, ევროკავშირის ჩამოყალიბების შემდეგ, ევროკავშირის წევრი არც ერთი ქვეყანა არ გახლდათ საგარეო აგრესიის საგანი - არც ერთი, შესაბამისად, ჩვენი გაწევრიანება ევროკავშირში იქნება გარანტია ჩვენი მეტი უსაფრთხოების, მეტი კეთილდღეობის, მეტი განვითარების პერსპექტივის.

რაც შეეხება თავად შალვა პაპუაშვილის განცხადების შინაარსს - ეს ნიშნავს, რომ ასე ფიქრობს ბატონი შალვა, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს, რომ ეს არის ჭეშმარიტება. კარგი კითხვაა, რისთვის ამზადებს საზოგადოებას ბატონი შალვა ასეთი განცხადებებით?! ალბათ, იმისთვის რომ ჩვენი კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი იყოს ამოღებული. სხვას რას უნდა ნიშნავდეს, როდესაც ამაზე პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობს?! მე ვფიქრობ, ბატონ შალვას ეს ძალიან გაუჭირდება. ვფიქრობ, თვით „ქართულ ოცნებაში“ ეყოლება ამას სერიოზული მოწინააღმდეგეები, რომ არაფერი ვთქვათ საზოგადოებაზე. ასეთი აზრებით თუ გავიდა „ქართული ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე, მე გარანტიას ვაძლევ მმართველ პარტიას, რომ ის თავისი მომხრეების სერიოზულ რაოდენობას დაკარგავს და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში წაგების შანსები სერიოზულად გაიზრდება,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში თბილისის საკრებულოსთან 10 პირის დაკავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ასეთი მეთოდებით ახალგაზრდებთან ვერაფერს გახდება.

ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ თვალსაზრისით, საკუთარ ქმედებებზე დაფიქრება მოუწევს.

„მე არანორმატიული ლექსიკის გამოყენების მაინცდამაინც დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ასეთი მეთოდებით ახალგაზრდებთან ვერაფერს გახდება. პირიქით, სხვანაირი ფორმები და მეთოდები აქვს მოსაფიქრებელი, იმიტომ, რომ ახალგაზრდებზე ასეთი წნეხი უკურეაქციას გამოიწვევს, საერთოდ ახალგაზრდული ბუნებიდან გამომდინარე. მე ვფიქრობ, ეს თვითონ „ქართული ოცნების“ ავტორიტეტს ავნებს საბოლოო ჯამში. ამ თვალსაზრისით მმართველ პარტიას დაფიქრება მოუწევს საკუთარ ქმედებებზე,“ - აღნიშნა მან.

ამასთან, ის საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვას და ამ კუთხით, საბოტაჟის მუხლით სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. ვალერი ჩეჩელაშვილი მიიჩნევს, რომ მთელი ქვეყნის გათიშვა ძალიან საგანგაშო სიგნალია და ეს ადასტურებს, რომ ჩვენი ენერგოსისტემა მდგრადი ნამდვილად არ არის.

მისივე თქმით, კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო, თუმცა ფიქრობს, რომ ეს შემთხვევა საბოტაჟთან არ არის დაკავშირებული.

ჩეჩელაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს უნდა, რომ საბოტაჟი განახორციელოს და თეორიულად შეუძლია ქვეყნის გათიშვა, ამ შესაძლებლობას შეინახავდა და კრიტიკულ ვითარებაში გამოიყენებდა.

„ამ შემთხვევამ დაადასტურა, რომ ჩვენი ენერგოსისტემა მდგრადი ნამდვილად არ არის. თუ არსებობს რაღაც ვიწრო ყელი, რომლის ჩაგდების შედეგადაც შეიძლება მთელი ქვეყანა ჩააქრონ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან სახიფათო ვითარებაში ვიმყოფებით და ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას გაცილებით მეტი გაფრთხილება უნდა. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა შესაბამისი სამსახურებისთვის. რაც შეეხება საბოტაჟს - კარგია, რომ უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საბოტაჟთან დაკავშირებული არ არის. თუ ვინმეს უნდა, რომ საბოტაჟი განახორციელოს, იცის ამ ვიწრო ყელის არსებობის შესახებ და თეორიულად შეუძლია ქვეყნის გათიშვა, ამ შესაძლებლობას შეინახავდა და კრიტიკულ ვითარებაში გამოიყენებდა. შეიძლება ეს გაფრთხილებაც იყოს, მაგრამ მე ამის მიზანშეწონილობას ვერ ვხედავ ჯგუფების, ან ჯგუფების მხრიდან - შიგნით თუ გარეთ. გამოძიება დაგვანახებს, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ საქმე გვაქვს უფრო არაკომპეტენტურობასთან, ტექნიკურ გაუმართაობასთან და ერთ-ორ კომპონენტზე დამოკიდებულებასთან. არ შეიძლება ერთ ცალკე აღებულ ფაქტორზე დააფუძნო მთელი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მდგრადობა. ჩვენ ომში არ ვიმყოფებით, დრონები ჩვენს თავზე არ დაფრინავენ და ამ პირობებში ასეთი „ბლექაუთი“და მთელი ქვეყნის გათიშვა ძალიან საგანგაშო სიგნალია,“ - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება