ლევან გოგიჩაიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - ეს არის ბანდფორმირება, რასაც პოლიციას ვერ გააკეთებინებენ, ამათ უნდა გააკეთონ! - სამოქალაქო დაპირისპირების რისკები კი არა, უბედურება დატრიალდება!

ეს არის ჩვეულებრივი ბანდფორმირება - რასაც პოლიციას არ გააკეთებინებენ, ამათ უნდა გააკეთონ! - ამ ხალხს სკოლაში რომ ესწავლა, ეცოდინებოდათ, რომ არსებობს ფორმულა F= -F-ს, ძალას ყოველთვის უკუძალა მოჰყვება - ეს სამყაროს კანონია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბანდფორმირებებით, ზონდერებითა და სუს-ის ერთუჯრედიანი აგენტურით ვიღაცას ივანიშვილის ხელისუფლების შეეშინდება, ძალიან ცდება, - ასე ეხმაურება პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი MMA-ის მებრძოლის გიორგი ქართველიშვილის მიერ თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობის დაფუძნებას, რომლის დაფუძნების მიზნად ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვა არის გამოცხადებული.

როგორც გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ამ ხალხის უკან სუს-ი დგას.

მისივე შეფასებით, “რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს “ქართული ოცნება“, საკუთარ დასასრულს მით მეტად დააჩქარებს“.

“ამ ადამიანზე დახვედრა და ცემა [აქტივისტსა და იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე] თავიდან ბოლომდე “ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული - დახვედრა, შემდეგ კამპანია “თავდებში დავუდგები“, სასამართლოს მხრიდან გირაოს შეფარდება და გარეთ გაშვება. ამის კულმინაციაა ბანდფორმირების ჩამოყალიბებაა. ეს მარტივ რაღაცას ნიშნავს - ჩვენ სახელმწიფო პირდაპირი მნიშვნელობით ჩამოგვეშალა. იმის მიუხედავად, რომ “ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჰყავს პოლიცია, უშიშროება, პროკურატურა, სასამართლო, ეს აღარ ჰყოფნით და ქვეყნის მართვა კრიმინალის გარეშე აღარ შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია. არის საძოვარი კლეპტოკრატიების, კორუმპირებული ჩინოვნიკების, მოძალადე პოლიციელების, ადეიშვილის გადმონაშთი პროკურორებისა და მოსამართლეების. ახლა ამ ყველაფერს თავზე ქვეყანაში ბანდფორმირებების გაჩენა დაადეს.

მათ უკან სუს-ი და ქოლცენტრების ფული დგას. ეს არის ჩვეულებრივი ბანდფორმირება - უბრალოდ რასაც პოლიციას არ გააკეთებინებენ, ამათ უნდა გააკეთებინონ!

ამ ხალხს კი უნდა ესმოდეს, რომ რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს “ქართული ოცნება“, საკუთარ დასასრულს მით მეტად დააჩქარებს. თუ ვინმეს აზრად გაუჩნდა, რომ ამ ქვეყანაში 90-იანი წლების ფსიქოლოგიური ტრავმები გააცოცხლოს, ხალხი ვინც ბანდფორმირებაში მონაწილეობა მიიღო, არა თუ ისტორიამ ჩარეცხა, ბევრი მათგანი საპატიმროში ძალიან ბევრი წლით მოხვდა.

გზა, რასაც “ქართული ოცნება“ დაადგა, მათი ბოლოს დაჩქარების გზაა. ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს, ეს ქვეყანა კონსტიტუციის გზით არ იმართება. ქვეყანა კრიმინალის, კვაზი, არშემდგარი, ჩამოშლილი სახელმწიფო პრინციპებით იმართება, სადაც ბანდები, პოლიცია, მდიდარი ბიზნესი, კორუმპირებული ბიუროკრატია ერთმანეთშია აზელილი - ვენესუელა, ლათინური ქვეყნების მოდელი გააკეთეს. ამ ქვეყანაში დაკარგულია სამართალი და კანონის უზენაესობა - სასამართლო სასამართლო არ არის, პროკურატურა პროკურატურა არ არის. ყველგან კორუფცია, ყველგან ფულის მოპარვა და პრობლემები“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილის აზრით, ბანდფორმირებების შექმნა არც “ქართული ოცნების“ ამომრჩეველს უნდა. მისი თქმით, “ეს ადამიანები შეიძლება ისეთ დონეზე გათამამდნენ, რომ შემდეგ სახლებში იმ ხალხს შეუვარდნენ, ვინც მათ მხარი დაუჭირა“.

“ამ ყველაფერში სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს კი არ ვხედავ, უბედურება დატრიალდება - ჩვენი სახელმწიფოსთვის უბედურება დატრიალდება! საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს მწარედ ინანებს, მაგრამ ამ პროცესში უდანაშაულო ადამიანები გაუბედურდებიან, პოლიტიკის მიღმა მყოფ ადამიანებს შეეხება. ძალადობის გემოს რომ გაიგებენ, ითარეშებენ და ამ ყველაფერში ფულს აიღებენ - ეს ხალხი ყველას შეეხება!

“ქართულო ოცნება“! თუ კიდევ რაიმე დაგრჩა, თავში ელემენტარული ტვინი თუ დაგრჩა და ცხოვრებაში ოდნავ მაინც წინ თუ იხედები, ამ სისულელეებს მოეშვით და ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესი დააბრუნეთ!“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება