ელენე ხოშტარია - აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა, დაიცვა საქართველოს თავისუფლება - სწორედ ეს არყევს სისტემას!

აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ დღეებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა გააპროტესტა, დაიცვა საქართველოს თავისუფლება, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ელენე ხოშტარია დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ „სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს“.

„მინდა სრული სოლიდარობა გამოვხატო ვახო სანაიას, გიორგი ახობაძის, თორნიკე თოშხუას, ია მელითაურის, ლაშა დგებუაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ვასო ბერიძის, სანდრო სეხნიაშვილის, მარინე ნანავას, შაკო ბაღდოშვილის, თორნიკე ტიკარიძის, ნატო ბოლქვაძისა და სხვა, ყველა უკანონო პატიმრის მიმართ. სწორედ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ბრძოლისთვის - ეს შემართება, ეს დაუმორჩილებლობა. ასეთ ძვირფას მომენტებზე დგას ჩვენი წარმატება, როდესაც ვერცხლის წყალივით უსხლტება ხელიდან სისტემას სიმართლე და ვერ აღწევს საკუთარ მიზანს. სწორედ ასეთ გმირ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და როდესაც ამას უყურებ, ერთი, ორი და რამდენი წელიც საჭირო იქნება, იმდენი იჯდები ციხეში. სწორედ ეს არყევს სისტემას. ვხედავთ, რამდენად სასაცილო, მხდალი და კომიკურია, თუ როგორ გამალებით დასდევს სისტემა ამ 3 ასოს, რომელიც ისე მყარად მიეწება, როგორც არასდროს.

ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა. ჩვენ ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის , ტყუილის, სიბინძურის და დეჰუმანიზაციის პერიოდში ვცხოვრობთ და ასეთი ადამიანები - ვახო, გიორგი, თორნიკე, გოგოები - ამტკიცებენ, რომ ეს ტერორი, ეს სიბინძურე არ არის ჩვენი ნორმალური მდგომარეობა. ჩვენ ამას არ შევეგუებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ სწორედ ამ შემართებით“, - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საკრებულოსთან 10 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულებს საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ. გარდა ამისა, უწყების განმარტებით, ისინი გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ სამართალდამცველებს. მანამდე კი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერილი პოსტის გამო, ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღის ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ასევე, 25-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ექიმ გიორგი ახობაძეს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება