ირაკლი კუპრაძე - პაპუაშვილი, რომელიც თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას - რუსებს ეჩქარებათ, რომ საქართველო ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და გააქრონ ევროინტეგრაციის პროცესი

ივანიშვილი პერიოდულად გამოიყვანს ხოლმე პატარა ბიჭებს და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს რუსეთის დავალება იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება, - ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.

კუპრაძის თქმით, შალვა პაპუაშვილი არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელი იქნება.

„ივანიშვილი და ევროკავშირ-საქართველოს გაწევრიანება ერთმანეთთან თავსებადი არ არის. ამით ივანიშვილი საქართველო მოქალაქეებს ართმევს მაღალ პენსიას, კარგ ჯანდაცვას, კარგ განათლებას და მაღალ ხელფასებს. ივანიშვილი თავისი ავტორიტარიზმით ვერ იქნება ვერანაირად თავსებადი ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებთან და ამიტომ, მის პატარა ბიჭებს გამოიყვანს ხოლმე პერიოდულად და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. რუსებს ეჩქარებათ, რომ საქართველო საერთოდ ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და პოლიტიკური საერთაშორისო დღის წესრიგიდან გააქრონ საქართველო და მისი ევროინტეგრაციის პროცესი. ამიტომაც, ივანიშვილი ხშირად ტესტავს, საზოგადოებაში რამდენად იქნება მიღებული ანტიევროპული და საერთოდ, საქართველოსთვის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის. ანტიკონსტიტუციურია საქართველოს ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, პაპუაშვილის განცხადება, როცა ის ამბობს, რომ საქართველო შეიძლება არც გაწევრიანდეს ევროკავშირში და გაწევრიანება იქნება დარღვევა.

პაპუაშვილი, რომელიც დღეს, თავკაცად უზის ივანიშვილს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას, როდესაც ამბობს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანება პირიქით, დამაზიანებელი იქნება, მაშინ, როცა პარლამენტი უნდა იყოს მთავარი დამცველი საქართველოს კონსტიტუციის, მაგრამ პაპუაშვილს არ ადარდებს არც კონსტიტუცია, არც ქართველი ხალხი, არც მაღალი პენსია და ხელფასი ქართველი ხალხისთვის. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის, როგორ ასიამოვნოს ივანიშვილს და როგორ შეასრულოს სხვა ქვეყნის დავალება, ამ შემთხვევაში, რუსეთის იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. მისი შეფასებით, „ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაცია“. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობენ არა არსებულ კავშირში თანასწორ წევრობას, არამედ წინასწარ შეცვლილ სისტემას, სადაც მათ წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებები სრულად დაეკისრებათ, ხოლო უფლებები და გავლენის ბერკეტები შეეზღუდებათ. „სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს“, - აცხადებს პაპუაშვილი.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება