გურამ მაჭარაშვილი - თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში იმ ფორმით, რომელსაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი აღარ გვექნება

თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში იმ ფორმით, რომელსაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი აღარ გვექნება - რეალურად, ბრიუსელი გვეუბნება შენი წინაპრის, ილია ჭავჭავაძის სამი ჰიპოსტასი - „მამული, ენა, სარწმუნოება“ დაივიწყეო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „პირდაპირ გვეუბნებიან, რომ სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა ჩავაბაროთ და ისე შევიდეთ ევროკავშირში“.

მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება თავის სუვერენიტეტს იცავს ისე, როგორც ყველა ნორმალური დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა.

„პარლამენტის თავმჯდომარის პოსტში აბსოლუტურად სწორად არის აქცენტები დასმული დღევანდელი ევროკავშირის წესებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დასკვნის სახით ვთქვათ, რომ თუ ჩვენ შევალთ ევროკავშირში იმ ფორმით, რომელსაც დღეს გვთავაზობენ, სუვერენიტეტის დაცვა ნამდვილად აღარ დაგვჭირდება, იმიტომ, რომ სუვერენიტეტი აღარ გვექნება. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პატარა ქვეყნები, ვინც ევროკავშირში შემოვა, სუვერენიტეტის გარეშე უნდა დარჩნენ და ვინც ამის შემდეგ შემოვა, რა თქმა უნდა, სუვერენიტეტი უნდა ჩააბარო ბრიუსელს. ანუ, თუ წლების წინ შეფარულად აკეთებდნენ ამას და კანდიდატებს ეუბნებოდნენ თქვენს სუვერენიტეტს დავიცავთო და ამ დროს რეალურად, ართმევდნენ, ახლა დღეს უკვე პირდაპირ გეუბნებიან და აღარ მალავენ - „გინდა ევროკავშირში შემოსვლა?! ჩააბარე სუვერენიტეტი, არ გჭირდებათ სუვერენიტეტი, ჩვენ მივხედავთ“. ამას გეუბნება ევრობიუროკრატია დღეს. საბჭოთა კავშირის დროს კონსტიტუციაში მაინც გვქონდა სუვერენიტეტი და ვიბრძოდით, რომ საქართველოს თვითონ გადაეწყვიტა თავისი საკითხები, დღეს კი პირაპირ გვეუბნებიან რომ სუვერენიტეტი უნდა ჩააბარო ბრიუსელს და ისე შეხვიდე [ევროკავშირში]. გეუბნება, მერე მარტივად იცხოვრებ, შენ აღარ იზრუნებ აღარც ქვეყნის დაცვაზე, აღარც სახელმწიფო ენაზე, აღარც ტერიტორიაზე, აღარც იდენტობაზე, აღარც ისტორიაზე. ამაზე თურმე იზრუნებს ბრიუსელი. როგორ იზრუნებს ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. რეალურად, ბრიუსელი გვეუბნება შენი წინაპრის, ილია ჭავჭავაძის სამი ჰიპოსტასი - „მამული, ენა, სარწმუნოება“ დაივიწყეო. საბჭოთა კავშირის დროს, 1978 წლის 14 აპრილს როცა კრემლმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ქართულის ენის ნაცვლად რუსული ყოფილი სახელმწიფო ენა, ქართული საზოგადოება ფეხზე დადგა და საბჭოთა ხელმძღვანელობამ უკან დაიხია. დღეს გვეუბნებიან, რა გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ის უნდა შეასრულოთ და ამ პირობით შემოხვალთ ევროკავშირშიო,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში, არამედ მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით“.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ პატარა სახელმწიფოებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის უმთავრესი გარანტია კონსენსუსის პრინციპია და თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა, თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ.

მისივე თქმით, ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება.

„ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც,“ - წერს პაპუაშვილი.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება