საია - სადამსჯელო დაჯგუფების შექმნა და მოქალაქეთა გამოხატვის კონტროლის დაანონსება მჭიდრო კავშირშია აქამდე ნორმალიზებულ სახელმწიფო ძალადობასთან - მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ საჭირო ზომები

პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება , - ასე ეხმაურება “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას.

როგორც საია აღნიშნავს, დაჯგუფების განცხადება თანხვედრაშია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ გამოხატულ, ძალადობის წამახალისებელ პოზიციებთან.

ორგანიზაციის განცხადებით, მესამე პირების მხრიდან ძალადობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე საქართველოში აქტიურად გამოიყენებდა წინა წლებში, აქტიურ საპროტესტო პერიოდში, ასეთი თავდასხმები კი ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებით ან მოძალადეთა მიმართ პოლიციის არასათანადო რეაგირებით არის წახალისებული.

“2026 წლის 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნების შესახებ განაცხადა. პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება. დაჯგუფების შემქმნელები იყენებენ ისეთ დეზინფორმაციულ, მადისკრედიტირებელ ლექსიკას, რომელიც ხშირია სახელისუფლებო და პრო-სახელისუფლებო ნარატივებში და აცხადებენ, რომ იწყებენ ბრძოლას “უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ”.

დაჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებაში ასევე აშკარად ჩანს დაჯგუფების ძალადობრივი ხასიათი (“თუკი შესაბამისი გარემო პირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება”). ამავე განცხადებაში ისინი მოითხოვენ ონისე ოქრიაშვილისაგან და სხვა იუმორისტებისაგან ბოდიშის მოხდას და პროკურატურისთვის მიმართვას, რათა პროკურატურამ არ მოითხოვოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის პატიმრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ონისე ოქრიაშვილს და მის კოლეგებს ემუქრებიან. განცხადების მიხედვით: “წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი მათ ნაბიჯებზე საზოგადოება რეაქციას დაინახავს, შემდეგ კი ვერ ახერხებს გაიაზროს, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველი ერის ღირსებას შემლახავ თითოეულ ქმედებასა და კომენტარზე მოვითხოვთ პასუხს".

დაჯგუფების განცხადება თანხვედრაშია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიერ უკვე არაერთხელ გამოხატულ, ძალადობის წამახალისებელ პოზიციებთან, მაგალითად, “ქართული ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი ღიად მოუწოდებს საზოგადოებას გამოხატვის კონტროლისაკენ და მიუთითებს ახალშექმნილი დაჯგუფების მიერ დაანონსებულ “მყისიერ რეაგირებაზე”.

მესამე პირების მხრიდან ძალადობა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე საქართველოში აქტიურად გამოიყენებდა როგორც 2024 წლის გაზაფხულის და ზამთრის საპროტესტო აქციების პარალელურად, ასევე 2024 წლის საპროტესტო აქციების შემდგომ პერიოდში. ასეთი თავდასხმები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებებით ან მოძალადეთა მიმართ პოლიციის არასათანადო რეაგირებით არის წახალისებული. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის არაეფექტიანი გამოძიება პრობლემურია როგორც საპოლიციო, ასევე მესამე პირთა მხრიდან ძალადობის მიმართ. გარკვეულ შემთხვევებში, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ღიად გვევლინებიან მსგავსი კამპანიების ორგანიზატორებად.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სადამსჯელო დაჯგუფების შექმნა და მის მიერ მოქალაქეთა გამოხატვის კონტროლის დაანონსება მჭიდრო კავშირშია აქამდე ნორმალიზებულ სახელმწიფო ძალადობასთან. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ საკანონმდებლო მექანიზმების რეპრესიულ აღსრულებასთან ერთად, არაფორმალური ძალადობაც გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა და მასში მონაწილეობა განსაკუთრებით საფრთხის შემქმნელია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალადობრივი, კანონგარეშე დაჯგუფებების შექმნის წინააღმდეგ არაერთ ნორმას შეიცავს და კრძალავს როგორც უკანონო ფორმირების შექმნას, ხელმძღვანელობას, ასევე ასეთ ფორმირებაში გაწევრებას, მონაწილეობას ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელებას. ასევე, აკრძალულია ორგანიზაციაზე ან პირზე თავდასხმის მიზნით მყარი შეიარაღებული ჯგუფის შექმნა და ხელმძღვანელობა (ბანდიტიზმი). აკრძალულია ისეთი საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნა/გაერთიანებაში მონაწილეობა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ.

ამასთან, ადამიანებზე თავდასხმის მიზნით დაჯგუფების შექმნა/მასში მონაწილეობა შესაძლოა წარმოადგენდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას/მასში მონაწილეობას.

მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის ადამიანებზე ძალადობის ან მათი დაშინების პრევენცია და აღკვეთა.

ამასთან სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ისევე როგორც პრო-სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა უნდა შეწყვიტონ მადისკრედიტირებელი კამპანიებითა და დეზინფორმაციით ძალადობის წახალისების, მოძალადეთა მხარდაჭერისა ან ძალადობის სამიზნეთა “მონიშვნის” მათთვის ჩვეული პრაქტიკა.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე კანონმდებლობით მათი უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა. როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს”, - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება