საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

მეხანძრეები საფრანგეთის ქალაქ ბორდოსა და ესპანეთის ქალაქ მადრიდის მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძრებს ებრძვიან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ლანდის რეგიონში ხანძარი ლოკალიზებულია და ჟირონდას რეგიონში - სტაბილიზირებულია, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ხანძრებთან ბრძოლას აგრძელებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ სრულიად უპრეცედენტო ხანძარს ვებრძვით. დღეს ჩვენს წინაშე არსებული სიტუაცია ყველაზე მძიმეა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა, ყველაზე რთული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 160 000 ჰექტარზე მეტი უკვე დაიწვა და სეზონი ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან“, - აღნიშნა მაკრონმა ჟირონდაში, ბორდოს სახანძრო-სამაშველო ოპერაციების ცენტრში ვიზიტისას.

CNN-ი საფრანგეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბუშ-დიუ-რონის რეგიონში, ტყის ხანძრის ჩაქრობის მისიაში მონაწილეობისას მოხალისე მეხანძრე გარდაიცვალა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ქვეყანაში 6 ივლისიდან მოყოლებული, ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 160-ზე მეტი ადამიანი დააკავეს ან დაკითხეს.

„ყველა ეს ხანძარი შემთხვევითი არ არის. ზოგიერთი განზრახ არის გაჩენილი; ეს დანაშაულია, რომელიც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნა სებასტიან ლეკორნუმ.

მისი თქმით, ხანძრები ძირითადად „დაუდევრობის: სიგარეტის ნამწვის, ბარბექიუს ან უსაფრთხოების ზომების გარეშე შესრულებული სამუშაოს“ შედეგია. საფრანგეთის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, რომ „ხანძარი რამდენიმე კვირის, შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს, სანამ სრულად ჩაქრება“.

ქვეყანაში ხანძრის ლოკალიზებაში Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენებია ჩართული.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყის ხანძრების გამო სულ მცირე 63 152 ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები ესპანეთის რეგიონებში - მადრიდში, ტოლედოსა და ავილაში. სამინისტრომ ამ სამ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მოსავლის აღების სამუშაოები დროებით შეაჩერა.

ესპანეთის ეკოლოგიური გარდამავალი პერიოდის მინისტრმა, სარა ააგესენმა, განაცხადა, რომ ავილას პროვინციაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50 000 ჰექტარზე მეტი ფართობი დაიწვა, რაც მას ესპანეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძრად აქცევს. მხოლოდ ამ პროვინციაში 25 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს