ირაკლი კუპრაძე - ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მერამდენედ აფრთხილებს ივანიშვილს, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებს ვერ გაივლის - ცხადია, რომ ეს გაფრთხილება დიდხანს არ გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს თავისი ქცევის „პატერნის“ შეცვლა

ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს რეპრესიული კანონმდებლობის გამოყენება, გააუქმოს ეს კანონმდებლობა, გახსნას დემოკრატიული პროცესი, პოლიტიკური პროცესი, მათ შორის ოპოზიციისთვის და ამაზეა დამოკიდებული, რა ქმედებები იქნება მომავალში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო შეშფოთებაა გამოთქმული.

კუპრაძე მიიჩნევს, რომ თუ „ქართლი ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ქცევას არ შეიცვლის და რეპრესიულ კანონმდებლობას არ გააუქმებს, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

„ივანიშვილს მოუწევს ამ რეპრესიული კანონმდებლობის, რეპრესიული ქმედებების, ანტიქართული საქმიანობის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება. ეს პასუხისმგებლობა არ იქნება ივანიშვილისთვის ნამდვილად საჩუქარი. ტრამპის ადმინისტრაცია უკვე მერამდენედ აფრთხილებს ივანიშვილს და „ანტიქართულ ოცნებას“, რომ პასუხისმგებლობის გარეშე ამ დანაშაულებს ასე მშრალად ვერ გაივლის ბიძინა ივანიშვილი და მისი ანტიქართული გუნდი. ცხადია, რომ ეს გაფრთხილებები დიდხანს არ გაგრძელდება და ივანიშვილს მოუწევს თავისი ქცევის „პატერნის“ შეცვლა. ეს უნდა იყოს, პირველ რიგში, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება, ეს უნდა იყოს პარტიების აკრძალვის დავიწყება და ყველა პროცესის პოლიტიკურ ჩარჩოში, კანონისმიერ ჩარჩოში დაბრუნება“, - განაცხადა კუპრაძემ.

ცნობისთვის, როგორც აშშ-ის საელჩოში „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. ამის შესახებ განცხადება საელჩომ ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების კონტექსტში დასმულ კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“.- ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა