ამ მხარეს კანონმორჩილი საზოგადოება დგას, ჩხუბსა და პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლას არავინ აპირებს, მაგრამ ის, რომ ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, ძალა და კუნთები აქვს და ვიღაცას მოერევა, ეს საქართველოში სრულიად წარმოუდგენელია - აუცილებლად მოთმინება და მოთმინება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი ჩვენ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ! - ასე ეხმაურება “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო წერეთელი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ თანამოაზრეებთან ერთად მოძრაობის დაფუძნებას, რომლის მიზნად ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვა არის გამოცხადებული.
წერეთლის თქმით, დარწმუნებულია, რომ “იქ მსხდომთა უმრავლესობა საქართველოს ისტორიაში მისაღები გამოცდების ტესტსაც ვერ ჩააბარებს“.
ამასთან, როგორც მან “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, კამპანია სუს-შია დაორგანიზებული, რაც “ქართული ოცნებას“ იმის გამო სჭირდება, რომ პროტესტი ვერ გააჩერა.
“საუბარი უნდა დავიწყოთ იმით და კითხვა დავსვათ, რამდენად იცის ფასეულობის და ღირებულების ცნების მნიშვნელობა ადამიანმა, რომელმაც გუშინ ორგანიზაციის შექმნა დააანონსა? თუკი მან ქართული კულტურა და საქართველოს ისტორია იცის, პირველი რაც უნდა გააკეთოს, უნდა მიუბრუნდეს პარლამენტს, ძალაუფლებაში მყოფ “ქართულ ოცნებას“ და ცხვირ-პირი მართლა დაუმტვრიოს, რადგან ქართულ ღირებულებებს ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენს აცლიან - ეს არის ერთი მხრივ, დასავლეთის მიმართულებით სიარული და მეორე, კონსტიტუციის პატივისცემა. ეს არის ქართული ტრადიციები და ქართული ღირებულება!
რა ჰგონია ამ ადამიანს - ვიღაცას მუშტს რომ მოუღერებს, საქართველოში ეს უპასუხოდ დარჩება?! ამაზე უფრო უარესი ის გამოხმაურებაა, რასაც “ქართული ოცნების“ მხრიდან ჰქონდა ადგილი. იმთავითვე გახდა ცნობილი, რომ ეს არის არა რაღაც თავისუფალი აზრის მქონე ადამიანების გაერთიანება, რომლებიც რაღაცისთვის იბრძვიან, არამედ სუს-ში დაორგანიზებული კიდევ ერთი კამპანია, რომელიც “ქართული ოცნებას“ იმისთვის სჭირდება, რომ ვერ გააჩერა ის, რაც აქამდე იყო. მეორე, რაც უფრო მნიშვნელოვანია - ელოდებიან ახალ ტალღას. მაგალითად, გუშინ დააანონსეს, რომ სტუდენტების სტაჟირებისთვის 3 000-ს ადგილს გამოყოფენ. ამას უნდა დავუკავშიროთ პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი განცხადებაც, რომელმაც ნიადაგი შეამზადა იმისთვის, რომ ევროკავშირთან ურთიერთობას საბოლოოდ დაამთავრებენ. რატომ? - ჩვენ 6-თვიანი დათქმა ვნახეთ, რომლის ფარგლებში რუსეთისათვის დაწესებული 21-ე სანქციების პაკეტში სანქციების ქვეშ ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც ომში რუსულ მხარეს ემსახურებიან. ამის შემდეგ “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არა ერთი მძიმე ზეწოლა წამოვა. “ქართული ოცნება“ ამის მოლოდინშია და ეძებს გზებს, რომ ბევრ რაღაცაზე იმოქმედონ. 2024 წელს პოლიციის მუნდირში გამოწყობილ ადამიანებს ხელს რომ არ ვუბრუნებდით, ახლა ასეთ ადამიანებს უპასუხოდ არავინ დატოვებს“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.
წერეთელი ამ კონტექსტში ამბობს იმასაც, რომ “ქართული ოცნება“ ამ მეთოდების გამოყენებით ქვეყნის მართვის შიშსა და მორჩილებაზე დამყარებას ცდილობს.
“ქართული ოცნებისათვის“ სიტყვა “პოლიტიკამ“ თავისი მნიშვნელობა დაკარგა იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი ელექტორალური დატვირთვა მას აღარ აქვს, “ქართულ ოცნებას“ აღარ აინტერესებს, ვინ იქნება მისი მომხრე - ერთადერთი, რისი იმედიც აქვთ, რომ ძალაუფლების გამყარებას შეძლებენ, ეს არის შიში. შიშს შემდეგ უნდა მოჰყვეს მორჩილება. ეს არის ერთადერთი გზა!
გუშინ ბევრგან 90-იან წლებზე წავიკითხე, მაგრამ პირდაპირ ვთქვათ, რომ მაშინ ჯაბა იოსელიანი იყო და თვით ბოროტების მასშტაბებითაც კი ჯაბა იოსელიანს და მის ინტელექტს ვერ შესწვდებიან. თუ ის უნდათ, რომ 90-იანი წლები მოიტანონ, ისიც ვიცით, ეს ყველაფერი საბოლოოდ როგორ დასრულდა.
საქართველო არ არის ქვეყანა, სადაც მმართველობის ის ფორმა დამყარდება, რასაც “ქართული ოცნება “აწვება“. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდ დაპირისპირებებს გამოიწვევს, მაგრამ ეს მასშტაბურ ხასიათს ვერ მიიღებს. 90-იანი წლები სულ სხვა პერიოდი იყო. ეს იყო მასშტაბური ცვლილებების - ერთი რეალობიდან ახალ რეალობაში გადასვლის ეტაპი და იმ დროს იყვნენ სულ სხვა მასშტაბის ადამიანები, როგორც ბოროტი მიმართულებით, ასევე სიკეთის მიმართულებით. ესენი ამას ვერ “აწევენ“, ვერ მიიღებენ და წვრილმან ხულიგნობად დარჩება“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.
მისივე შეფასებით, იმ ადამიანების იარაღი, ვინც დღეს ქუჩაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვის, არის მოთმინება.
“აუცილებლად მოთმინება და მოთმინება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი ჩვენ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ. როგორც თქვეს, მზად არიან ამ გამოგონილი მტრის წინააღმდეგ ციხეშიც კი წავიდნენ. ამას საპირისპირო მხრიდან ვუპასუხოთ - რომელი ქართველი არ არის მზად, რომ სანაცვლოდ ხელი არ მოიქნიოს და წინააღმდეგობა არ გაუწიოს?! ჩხუბსა და პოლიციის წინააღმდეგ ბრძოლას არავინ აპირებს, რადგან ამ მხარეს კანონმორჩილი საზოგადოება დგას, მაგრამ ის რომ ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და ვიღაცას მოერევა, ეს საქართველოში სრულიად წარმოუდგენელია“, - განაცხადა წერეთელმა.
როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი ამბობს, “ქართული ოცნება“ ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია და დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს. მისივე შეფასებით, ახლა ყველაფერი გაძლებაზეა.
“ჩვენ გავუძლებთ - ისინი ვერ გაუძლებენ, რადგან არიან არალეგიტიმურები, მათ არ აღიარებს არც ქართული საზოგადოება, არც საერთაშორისო თანამეგობრობა. ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ არის ის, რომ მანამ სანამ უკრაინაში ომია, ამ ომით ისარგებლონ და რუსეთის ბოროტ იმპერიას დაეხმარონ“, - განაცხადა ვანო წერეთელმა.