ნიკა ჩერქეზიშვილი - სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება, მშობლებს მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევთ, რაც დამატებით 200 ლარის ხარჯს ნიშნავს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კი ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება

სასკოლო ფორმის 1 კომპლექტის ღირებულება 95 ლარი იქნება. რეალურად, 1 კომპლექტი სასწავლო წლისთვის საკმარისი არ არის და მშობლების უმრავლესობას მინიმუმ 2 კომპლექტის შეძენა მოუწევს, რაც 1 ბავშვზე, დაახლოებით 200 ლარის დამატებით ხარჯს ნიშნავს. მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ეს ფინანსური ტვირთი კიდევ უფრო მძიმე იქნება,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს ექსპერიმენტებს და პოპულისტურ კამპანიებს სისტემაში, რომელსაც თავად არ იყენებს.

„ისინი, ცდებს ატარებენ არა საკუთარ, არამედ სხვის შვილებზე. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა საჯარო სკოლებში სასწავლო ფორმების სავალდებულო შემოღება. „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შვილების დიდი ნაწილი კერძო სკოლაში სწავლობს, სწორედ ამიტომ ხელისუფლების განმარტება, თითქოს ფორმების სავალდებულო შემოღება თანასწორობის პრინციპების დაცვის მიზნით ხდება, არადამაჯერებელია. როდესაც გადაწყვეტილების მიმღები თავად არ ექვემდებარება წესებს, რომლის დაწესებასაც სხვისთვის ცდილობს, თანასწორობაზე საუბარი ფორმალური ხასიათისაა. ქვეყანაში, სადაც ათობით საჯარო სკოლა დღემდე ავარიულ მდგომარეობაშია ან დანგრეულია, ათასობით მოსწავლეს ყოველდღე უწევს საკუთარი სახლებიდან კილომეტრების დაშორებით დაშორებით მდებარე სკოლებში სიარული, ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი სასწავლო დღის განმავლობაში საერთოდ ვერ იკვებება, სასკოლო ფორმების სავალდებულო შემოღება განათლების სისტემის მთავარი გამოწვევა ვერ იქნება“,- აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

ამასთან, განმარტა, რომ „საქართველოს სჭირდება არა ფორმების რეფორმა, არამედ განათლების სისტემის სიღრმისეული გარდაქმნა, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უსაფრთხო, თანამედროვე სკოლები და უფასო კვების პროგრამა“.

შეგახსენებთ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.

სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს