ფაქტობრივად ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თქვა, რომ "დანაშაულებრივ პროცესში", რასაც ახლა გიორგი გახარიას აბრალებენ, საგუშაგოს აღმართვის პროცესში თავდაცვის ძალებიც მონაწილეობდნენ , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
სიჭინავას თქმით, თუ ბრალდება საგუშაგოს აშენებას უკანონო ქმედებად მიიჩნევს, მაშინ აღნიშნული პროცესის ფარგლებში თავდაცვის ძალებიც მონაწილეობდნენ.
სიჭინავას შეფასებით, მოწმის ინფორმაცია საგუშაგოს აგებამდე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასანდოა, რადგან, მისი განცხადებით, ჩაჩიბაიამ თავად აღნიშნა, რომ ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებისა და საპოლიციო საგუშაგოს მშენებლობის შესახებ მხოლოდ შემთხვევით შეიტყო.
ბერდია სიჭინავას აზრით, გიორგი გახარიას მიმართ სახეზეა პოლიტიკური მართლმსაჯულება, სადაც თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს ალაპარაკებენ, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, სამხედრო დაზვერვისგან მიწოდებულიც კი, რა პროცესები მიმდინარეობდა ჩორჩანაში, საგუშაგოს აღმართვის დღეს კი შემთხვევით გაიგო.
„დღეს ბრალდების მხარემ მოწმის სახით წარმოადგინა თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაური, ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომელიც დაიკითხა. ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ინფორმაცია: რა ხდებოდა საგუშაგოს აგებამდე და საგუშაგოს აგების შემდეგ.
შეიძლება ითქვას, რომ ჩაჩიბაიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა საგუშაგოს აგებამდე, არასანდოა - თავდაცვის ძალების მეთაური, რომელმაც არ იცოდა ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან რა პროცესები ვითარდებოდა, შემთხვევით გაიგო საპოლიციო საგუშაგოს აგების შესახებ.
მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ბატონმა ჩაჩიბაიამ დაადასტურა და მას მოუწია სიმართლისთვის თვალების გასწორება, რომ საოკუპაციო ხაზთან საზოგადოებრივი უსაფრთხოება მართვის წესრიგი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართვის მანდატი, შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, ხელმძღვანელობს მის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და თავდაცვის ძალების განლაგება, რა თქმა უნდა, აკრძალულია 2008 წლის ცეცხლის შეთანხმების 6 - პუნქტიანი შეთანხმებით.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც თქვა, ის ფაქტობრივად მონაწილეობდა საპოლიციო საგუშაგოს გზის გაყვანის პროცესში. საგუშაგოს აღმართვის შემდეგ ლოჯისტიკური უზრუნველყოფისთვის. ფაქტობრივად მან თქვა, როგორც ამას უწოდებს დანაშაულს, რომ "დანაშაულებრივ პროცესში", რასაც ახლა გიორგი გახარიას აბრალებენ საგუშაგოს აღმართვის პროცესს, თავდაცვის ძალებიც მონაწილეობდნენ, რომელსაც სამხედრო გზა გაჰყავდა ლოჯისტიკური მიზნებისთვის.
მნიშვნელოვანი გარემოება აქ არის ერთი: დღეს ქვეყანაში გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება, სადაც თავდაცვის ძალების მეთაურს ალაპარაკებენ, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია, სამხედრო დაზვერვისგან მოწოდებულიც კი, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა ჩორჩანაში. ფაქტობრივად, შემთხვევით გაიგო, საგუშაგოს აღმართვის დღეს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩაჩიბაიამ დაადასტურა მცოცავი ოკუპაცია, ბორდერიზაცია, რომელიც შეუჩერებლად მიმდინარეობს“,- განაცხადა სიჭინავამ.
მისივე შეფასებით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ეფუძნება „შეთითხნილ ბრალდებას“ და პროცესის მონაწილე მხარეებს შერცხვებათ, რადგაბ ე.წ. ჩორჩანას საქემ "უდიდესი სირცხვილი" იქნება ქვეყნის ისტორიაში.
„გიორგი გახარიას ასამართლებენ შეთითხნილი ბრალდებით. ზუსტად იმ ნარატივით და მტკიცებულებების საფუძველზე, რაც აქვთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომდგენლებს. ეს საქმე იქნება უდიდესი სირცხვილი ამ ქვეყნის ისტორიაში. შერცხვება ამ პროცესის მონაწილე ყველა ადამიანს, რომ ამ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას“,- განაცხადა სიჭინავამ.