კაია კალასი - აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მოვუწოდე ირანს, რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა შეწყვიტოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასთან, - ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აბას არაღჩიმ და კაია კალასმა ასევე განიხილეს „დაძაბულობის შემცირებისა და რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების გზები“.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კაია კალასიც.

მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს სპარსეთის ყურეში არსებულ ვითარებაზე, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ესაუბრა.

„ყურეში საბრძოლო მოქმედებებისგან თავის შეკავებამ შეიძლება შუამავლებს დრო მისცეს, რათა დიპლომატიას დაუბრუნდნენ და სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება თავიდან აიცილონ. ნათლად განვაცხადე, რომ თეირანში ფრანგი დიპლომატების წინააღმდეგ აგრესია მიუღებელია. ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ დაგმო ეს ქმედებები. გამამხნევებელია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ესაუბრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაღჩის დაძაბულობის შესამცირებლად. მზად ვარ, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას. კიდევ ერთხელ მოვუწოდე ირანს, შეწყვიტოს რუსეთისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა. მოსკოვი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში სულ უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს და ნებისმიერი მარაგი, რომელსაც ის იღებს, მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლაში ეხმარება. უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას“, - წერს კალასი სოციალურ ქსელში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ