ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტია “ჯერ საქართველოს” დამფუძნებლის, ვიქტორ ყიფიანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ოპოზიციონერები სხვადასხვა სუბიექტებით ცდილობენ “მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს”.
“გამაოგნებელია, რომ ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის, ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება, აქაოდა აქაც ფულიაო.
ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა და აწი, ალბათ, ვეღარც ისწავლის, ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით ლამობენ მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს” - წერს მიხელ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, „ჯერ საქართველოს“ წევრმა ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა, რომ ცვლილებებისთვის ოპოზიციამ პოლარიზაცია უნდა დაასრულოს და სამართლიანი არჩევნებისათვის მმართველ პარტიასთან დიალოგიც უნდა მოხდეს. “წითელი ხაზი არის არა კითხვაზე პასუხის გაცემა, იღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არამედ, როგორ არჩევნებში მონაწილეობ.
ამიტომ, ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება.
ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე.
რადგან, როდესაც ცვლილებაზე ორიენტირებული ადამიანების ნაპირი კიდევ უფრო გაბევრდება, ეს უფრო ეფექტიანი გზა იქნება პოლარიზაციის დასასრულებლად, ვიდრე იმის მოლოდინი, “ოცნება” როდის გააკეთებს ამას, მითუმეტეს, რომ ამის სურვილი მათ არ აქვთ” - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ტარდება, ამიტომ მასში მონაწილეობაზე საუბარი „მარაზმი“ და „იაფფასიანი ინტრიგაა“.
„ისევ გრძელდება იაფფასიანი ინტრიგები....ჩვენ არჩევნებზე მივდივართ თუ არა. რა მარაზმია საერთოდ! რა არჩევნებზე ვსაუბრობთ?! საქართველოში არჩევნები არ ტარდება, რადგან არ ტარდება, ამას მოპოვება უნდა, ქვეყანას უნდა დაბრუნება! ჩვენ უნდა ვისაუბროთ განმათავისუფლებელ პროცესზე, წინააღმდეგობის მოძრაობაზე. ამის შედეგი იქნება არჩევნები. ყველას მოვუწოდებ კოლეგებს ოპოზიციიდან, თავი დაანებოთ ინტრიგებს, მით უმეტეს ჩემთან ქიშპობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.