ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, აშშ-ის კონგრესისა და კონგრესმენი ჯო უილსონის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ერთით მეტი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა - ან შეიცვლება პოლიტიკის ეს არსებული კურსი ან საქართველო ვერ დაიბრუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, - ასე გამოეხმაურა “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებას, სადაც ის წერს, რომ მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს “ქართული ოცნების“ “ვოუქ” ცენზურას“.
როგორც გეგელია აღნიშნავს, „პოლიტიკური პროცესის დევნის, რაზმებისა და მარშების შექმნის პირობებში არანაირი პოლიტიკური სტაბილურობა და ნორმალიზება არ იქნება“.
„ეს კანონპროექტი, რა თქმა უნდა, აშშ-ის კონგრესისა და კონგრესმენი ჯო უილსონის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ერთით მეტი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმაა. ამავე დროს, ჩვენ პარალელურად ვხედავთ თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიერ გაკეთებულ ძალიან მკაფიო განცხადებას, ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის სახელით, რომ ის ინიციატივები, რაც ახლა „ქართული ოცნების“ პირობებში და დიდი ალბათობით, მათი დაკვეთითაც ხდება, ეს არ არის თანხვედრაში იმ მოლოდინებთან, რაც აშშ-ს გააჩნია.
სურათი ცხადია, სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო პირდაპირ გეუბნება, რომ პარტიების აკრძალვის, პოლიტიკური პლურალიზმის მოკვლის, პოლიტიკური პროცესის დევნის, რაზმებისა და მარშების შექმნის პირობებში არ იქნება არანაირი პოლიტიკური სტაბილურობა და რასაკვირველია, არ იქნება არანაირი ნორმალიზება. როცა კონგრესი მსჯელობს ასეთ კანონებზე და იღებს ისეთი ტიპის აქტს, რომელიც ავალებს საიდუმლო სამსახურებს, რომ მოიკვლიოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები, და როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში გეუბნება, რომ ამ პოლიტიკის კურსით არანაირი ნორმალიზება და სტაბილიზაცია არ იქნება, ვფიქრობ, სურათი ყველასთვის უნდა იყოს სრულიად მკაფიო - ან შეიცვლება პოლიტიკის ეს არსებული კურსი, ან საქართველო ვერ დაიბრუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან“,- განაცხადა გეგელიამ.
ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება“. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, წარმოადგენს კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს მათ “ვოუქ” ცენზურას“. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას ანადგურებს.