აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში გამგზავრებაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Kiev Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვიზიტის დაგეგმვა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშაბათს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ მოხდა.
Kiev Post-ი წერს, რომ ეს ვაშინგტონის დიპლომატიურ მიდგომაში მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში უიტკოფი და კუშნერი არაერთხელ მართავდნენ მოლაპარაკებებს მოსკოვთან, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლ, უკრაინაში ჩასვლის გარეშე.
„სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დონალდ ტრამპის ძალისხმევაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას ისახავს მიზნად. თუმცა, ამ დრომდე მათი დიპლომატიური საქმიანობა ძირითადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არაერთ პირდაპირ კონტაქტს მოიცავდა, მაშინ როდესაც უკრაინის პოზიცია უმეტესწილად ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ შეხვედრებზე იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნულია სტატიაში.
Kiev Post-ი წერს, რომ ვიზიტი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უშუალოდ მოუსმინონ უკრაინის ლიდერებს, შეაფასონ ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებები უკრაინის ტერიტორიაზე და შეხედონ ომის რეალობას, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს.